You are on page 1of 31

თავი 3

მოთხოვნა-მიწოდების მოდელი
ყოველი წლის მარტში აშშ-ის სტუდენტური საკალათბურთო ჩემპიონატის ოთხი საუკეთესო
გუნდი მიემგზავრება ერთ-ერთ ქალაქში, ნეიტრალურ მოედანზე, მათ შორის ჩემპიონის
გამოსავლენად. თითოეულ გუნდს თამაშის წინ საკუთარი გულშემატკივრებისთვის
ბილეთების შეზღუდული რაოდენობით მიყიდვის უფლება აქვს; თქვენ რომ ერთ-ერთი ამ
კოლეჯის სტუდენტთაგანი იყოთ და თანაც იმდენად იღბლიანი, რომ შეგძლებოდათ თამაშზე
დასასწრები ბილეთის შეძენა, სავარაუდოდ მასში $100-დან $200 დოლარამდე თანხას
გადაიხდიდით. თუმცა, თუკი იმ ქალაქში ჩახვალთ, სადაც საუკეთესო ოთხი გუნდი თამაშებს
მართავს, თქვენ შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ამ ბილეთში $5000 დოლარიც
კი გადაიხადონ. კალათბურთის ნამდვილი გულშემატკივრისთვისაც კი ბილეთის ამ ფასად
გაყიდვისა და მატჩის ტელევიზორით ყურების ცდუნება საკმაოდ დიდია. მეორეს მხრივ,
თქვენ რომ თქვენი უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის ნამდვილი ფანი იყოთ და
გუნდის თამაშებზე დასასწრები ბილეთების ამოწურვამდე მისი შეძენა ვერ მოახერხოთ, თქვენ
მოგიწევთ ამ ბილეთის სანაცვლოდ რამდენიმე ათასი დოლარის გადახდა.

რატომაა ამ მატჩებზე დასასწრები ბილეთების ფასი ასეთი მაღალი? ვინ წყვეტს რა ფასად
გაიყიდოს ეს ბილეთები? რატომ იყიდება ბილეთები მატჩამდე დიდი ხნით ადრე გაცილებით
იაფად, მატჩის წინ კი რატომ ძვირდება? როგორ წყვეტენ ბილეთების გამყიდველები ვის
მიჰყიდონ ბილეთი და ვის არა? ვინ გადაწყვეტს მატჩის წინ ბილეთის მაღალ ფასად
გადაყიდვას და მატჩის ტელევიზორით ყურებას? ამ თავში ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ თუ
როგორაა შესაძლებელი მოთხოვნა-მიწოდების მოდელის გამოყენებით ამ და სხვა მსგავს
შეკითხვებზე პასუხის გაცემა.

წინა ლექციიდან თქვენ უკვე იცით, რომ მოდელი არის კომპლექსური რეალობის
გამარტივებული აღწერა. მოთხოვნა-მიწოდების მოდელს ეკონომისტები იყენებენ იმის
ასახსნელად, თუ როგორ განისაზღვრება ბაზარზე საქონლის ფასები. ამ მოდელის გამოყენება
ჩვენ შეგვიძლია კოლეჯის საკალათბურთო გუნდის თამაშებზე დასასწრები ბილეთების
ბაზრის გასაანალიზებლადაც. მოთხოვნა-მიწოდების მოდელის გამოყენებით ჩვენ ასევე
შეგვეძლება ვუპასუხოთ შემდეგ შეკითხვებს: რატომ იცვლება ბენზინის ფასები? რატომ ხდება
რომ კომპიუტერების ფასები დროთა განმავლობაში კლების ტენდენციით ხასიათდება, მაშინ
როდესაც პარალელურად ყველა სხვა პროდუქტი ძვირდება? რატომაა ვარდების ფასი
ვალენტინობის დღეს სხვა დღეებთან შედარებით უფრო მაღალი? ამ მოდელის შესწავლის
შემდეგ თქვენ მას მუდმივად გამოიყენებთ სხვადასხვა საკითხების გასაანალიზებლად.

მოთხოვნა-მიწოდების მოდელი სამი ელემენტისაგან შედგება. ეს ელემენტებია: მოთხოვნა -


იგი აღწერს ბაზარზე მომხმარებელთა ქცევას; მიწოდება - აღწერს ბაზარზე ფირმების ქცევას;
და საბაზრო წონასწორობა - რომელიც მოთხოვნასა და მიწოდებას ერთმანეთთან აკავშირებს
და ბაზარზე მომხმარებლებისა და ფირმების ურთიერთქმედებას აღწერს. მოთხოვნა -
მიწოდების მოდელს ეკონომისტები ხშირად მაკრატელს ადარებენ, სადაც მოთხოვნა
მაკრატლის ერთი ნაწილია, მიწოდება კი მეორე. ერთმანეთის გარეშე მაკრატლის ნაწილები

1
გამოუსადეგარია. თუმცა როგორც კი ამ ორ ნაწილს ერთმანეთთან დავაკავშირებთ იგი მარტივ,
თუმცა საოცრად გამოსადეგ ხელსაწყოდ გადაიქცევა. ზუსტად ასეა მოთხოვნა-მიწოდების
მოდელის შემთხვევაშიც.

მოთხოვნა
ეკონომიკაში მოთხოვნას - იქნება ეს კალათბურთის მატჩის ბილეთებზე მოთხოვნა თუ
ვარდებზე მოთხოვნა - კონკრეტული მნიშვნელობა აქვს. მოთხოვნა ეს არის
გადახდისუნარიანი მოთხოვნილება. მოთხოვნის კანონი ასახავს სხვა თანაბარ პირობებში ორ
ეკონომიკურ ცვლადს, (1) პროდუქტის ფასსა და (2) საქონლის იმ რაოდენობას შორის
დამოკიდებულებას, რომლის შესაძენადაც მზად არიან მომხმარებლები ამ ფასის პირობებში.
მოხერხებულობისათვის პირველ ეკონომიკურ ცვლადს დავარქვათ ფასი, ხოლო მეორეს -
მოთხოვნის რაოდენობა. რადგან მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონლის რაოდენობა ფასის
გარდა სხვა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული ჩვენ ხაზგასმით ვამბობთ, რომ მოთხოვნის
კანონი ზემოაღნიშნულ ორ ცვლადს შორის დამოკიდებულებას ასახავს სხვა თანაბარ
პირობებში. ე. ი. იმ პირობებში, როდესაც ფასის გარდა ყველა სხვა ფაქტორი უცვლელია.

მოთხოვნის კანონის ილუსტრირებისთვის ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ცხრილი ან გრაფიკი.


არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ცხრილს გამოვიყენებთ თუ გრაფიკს, ნებისმიერ შემთხვევაში
მოთხოვნის კანონი გვიჩვენებს თუ რა რაოდენობის საქონელს შეიძენს მომხმარებელი ყოველი
კონკრეტული ფასის პირობებში. განვიხილოთ რომელიმე ქვეყანაში ველოსიპედებზე
მოთხოვნის მაგალითი, რომელიც 1 ცხრილშია მოცემული. რა თქმა უნდა არსებობს სხვადასხვა
მახასიათებლების მქონე ველოსიპედები, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი მაგალითი
გავამარტივოთ და დავუშვათ, რომ ყველა ველოსიპედი ერთმანეთის იდენტურია.
დავაკვირდეთ 1 ცხრილში წარმოდგენილ მონაცემებს და ვიფიქროთ თუ რა დამოკიდებულება
არსებობს ველოსიპედის ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას შორის.

ყურადღება მიაქციეთ, რომ ფასის ზრდისას ველოსიპედებზე მოთხოვნის რაოდენობა


მცირდება. თუკი ფასი $180 დოლარიდან $200 დოლარამდე გაიზრდება, მოთხოვნის
რაოდენობა 11 მილიონიდან 9 მილიონ ველოსიპედამდე შემცირდება. მეორეს მხრივ, თუკი
ფასი შემცირდება ველოსიპედებზე მოთხოვნის რაოდენობა გაიზრდება. თუ მაგალითად
ველოსიპედის ფასი $180 დოლარიდან $160 დოლარამდე შემცირდება, მოთხოვნის რაოდენობა
11 მილიონიდან 14 მილიონ ველოსიპედამდე გაიზრდება.

1 ცხრილში მოცემულ საქონლის ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას შორის დამოკიდებულებას


მოთხოვნის განრიგი ეწოდება. ცხრილიდან ვხედავთ, რომ ფასი და მოთხოვნის რაოდენობა
სხვადასხვა მიმართულებით იცვლება. ეს გახლავთ მოთხოვნის კანონის მაგალითი.
მოთხოვნის კანონი გვეუბნება, რომ რაც უფრო მაღალია საქონლის ფასი, მით ნაკლებია
ბაზარზე ამ საქონლის მოთხოვნის რაოდენობა; ანალოგიურად, რაც უფრო დაბალი იქნება
ფასი, მით მეტი იქნება ამ საქონლის მოთხოვნის რაოდენობა. სხვა სიტყვებით, მოთხოვნის
კანონი გვეუბნება, რომ სხვა თანაბარ პირობებში ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას შორის
არსებობს უარყოფითი დამოკიდებულება.

2
ცხრილი 1. მოთხოვნის განრიგი ველოსიპედებისთვის

მოთხოვნის მოთხოვნის
რაოდენობა რაოდენობა
ფასი (დოლარი) ფასი (დოლარი)
(მილიონი (მილიონი
ერთეული) ერთეული)
$140 18 $240 5
$160 14 $260 3
$180 11 $280 2
$200 9 $300 1
$220 7

მოთხოვნის მრუდი
ნახაზი 1 გრაფიკულად წარმოგვიდგენს ცხრილში მოცემულ ინფორმაციას. ამ ნახაზის
ვერტიკალურ ღერძზე გადაზომილია ფასი, ხოლო ჰორიზონტალურ ღერძზე - მოთხოვნის
რაოდენობა. 1 ცხრილის სტრიქონებში მოცემული რიცხვები შეესაბამება 1 ნახაზზე მოცემულ
წერტილებს. მაგალითად, გრაფიკის მარჯვენა ქვედა კუთხეში მოცემული წერტილი
შეესაბამება 1 ცხრილის პირველ სტრიქონში მოცემულ რიცხვებს; აღნიშნული წერტილი
გვიჩვენებს, რომ როდესაც ფასი $140 დოლარია ველოსიპედების მოთხოვნის რაოდენობა 18
მილიონია. 1 ნახაზზე წარმოდგენილი მრუდის ყოველი წერტილი შეესაბამება ფასისა და
მოთხოვნის რაოდენობის ყველა შესაძლო კომბინაციას. აღნიშნულ მრუდს მოთხოვნის მრუდი
ეწოდება. იმის გამო, რომ საქონელზე მოთხოვნის რაოდენობა უარყოფითადაა
დამოკიდებული ამ საქონლის ფასზე, მოთხოვნის მრუდი დაღმავალია.

მოთხოვნის მრუდი გვიჩვენებს ყველა მომხმარებლის ჯამური მოთხოვნის რაოდენობას.


მომხმარებლებს შეზღუდული რესურსები აქვთ, რის გამოც მათ არჩევანი უნდა გააკეთონ
ველოსიპედის ყიდვასა და სხვა საქონლის შეძენას შორის. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ
როდესაც ჩვენ მოთხოვნის მრუდს ვხაზავთ ვაკეთებთ დაშვებას, რომ პარალელურად ყველა
სხვა საქონლის - სკუტერის, სკეიტბორდის მოტოციკლის და ა. შ. - ფასი უცვლელი რჩება. ამ
პირობებში თუკი ველოსიპედის ფასი შემცირდება, ველოსიპედი სხვა საქონელთან
შედარებით მომხმარებლებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება. ზოგიერთმა მომხმარებელმა,
რომელიც მანამდე ფიქრობდა, რომ ველოსიპედი ძალიან ძვირი ღირდა, ფასის შემცირების
შემდეგ შესაძლოა მისი ყიდვა გადაწყვიტოს. ამის საპირისპიროდ, როდესაც ველოსიპედის
ფასი იზრდება ველოსიპედი სხვა საქონელთან შედარებით ნაკლებად მიმზიდველი ხდება
მომხმარებლებისთვის. ველოსიპედის ფასის ზრდის შემდეგ ზოგიერთმა მომხმარებელმა
შესაძლოა მის ნაცვლად სკუტერის, სკეიტბორდის ან მოტოციკლის ყიდვა გადაწყვიტოს.
შედეგად კი ფასის ზრდისას ველოსიპედზე მოთხოვნის რაოდენობა შემცირდება.

რეალობაში იმის მრავალი მტკიცებულება არსებობს, რომ მოთხოვნის მრუდი მართლაც


დაღმავალია. 2008 წლის ზაფხულში General Motors-ს ავტომობილების გაყიდვები შეუმცირდა.
იმავე წლის აგვისტოში General Motors-მა განცხადება გააკეთა, რომ კომპანიის თანამშრომლებს
თითქმის ყველა სახის ავტომობილზე ფასდაკლებას სთავაზობდა; აღნიშნული აქცია 13%-იან

3
ფასდაკლებას გულისხმობდა. თქვენ შეიძლება იფიქროთ, და სწორადაც იფიქრებთ, რომ
აღნიშნული ფასდაკლება ავტომობილების გაყიდვების ზრდას ისახავდა მიზნად. ხშირ
შემთხვევებში მოზარდებში სიგარეტის მოხმარების შემცირების და/ან უნივერსიტეტების
კამპუსებში ალკოჰოლის მოხმარების შემცირების მიზნით ამ საქონელზე ფასების ზრდა
საუკეთესო გამოსავალია. მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მოზარდები ნაკლებ
სიგარეტსა და ალკოჰოლს იყიდიან თუკი ეს საქონელი უფრო ძვირი ეღირება.

მოთხოვნის ცვლილებები
ფასი ერთადერთი ფაქტორი არაა, რომელიც საქონელზე მოთხოვნის რაოდენობას
განსაზღვრავს. ამინდმა, გარემოს დაცვაზე ზრუნვამ, ან სულაც ველობილიკების
ხელმისაწვდომობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე
შეიძინოს თუ არა ველოსიპედი. თუკი მომავალში ამინდები უფრო მეტად თბილი და მზიანი
იქნება, შესაძლოა ადამიანებმა მეტი დრო დაუთმონ ველოსიპედებით სიარულს. შედეგად კი
ყოველი მოცემული ფასის პირობებში მეტი რაოდენობის ველოსიპედი გაიყიდება. შესაძლოა
ადამიანებმა გააცნობიერონ, რომ ველოსიპედით სიარული ჯანმრთელობისთვის
სასარგებლოა და მათ გადაადგილებისათვის ავტომანქანის ნაცვლად ველოსიპედის
გამოყენება გადაწყვიტონ. შედეგად ამ შემთხვევაშიც წინას მაგალითის მსგავსად, ყოველი
მოცემული ფასის პირობებში ველოსიპედების გაყიდვების რაოდენობა გაიზრდება. ამის
საპირისპიროდ თუკი ქალაქში ველობილიკებს აიღებენ და მათ ნაცვლად საავტომობილო
გზის დამატებით ხაზს გააკეთებენ, ყოველი მოცემული ფასისათვის ველოსიპედების
გაყიდვების რაოდენობა შემცირდება.

მოთხოვნის მრუდი აგებულია იმ დაშვებით, რომ საქონლის ფასის გარდა ყველა სხვა ფაქტორი
უცვლელია. ფასის გარდა, ამ ფაქტორებიდან ნებისმიერის ცვლილება მოთხოვნის მრუდს
გადააადგილებს. მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება, რაც
იმას ნიშნავს, რომ ყოველ ფასს პროდუქტზე მოთხოვნის ახალი, გაზრდილი რაოდენობა
შეესაბამება. მოთხოვნის შემცირების შემთხვევაში კი მრუდი მარცხნივ გადაადგილდება, რაც
იმას ნიშნავს, რომ ყოველ ფასს პროდუქტზე მოთხოვნის ახალი, შემცირებული რაოდენობა
შეესაბამება.

მოთხოვნის ზრდა გრაფიკულად ნაჩვენებია 2 ნახაზზე. ამ ნახაზზე წარმოდგენილი ძველი


მოთხოვნის მრუდი იგივე მრუდია, რომელიც 1 ნახაზზე გვაქვს მოცემული. თბილი და მზიანი
ამინდების გამო მოთხოვნა იზრდება და შესაბამისად მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება.
ნახაზზე ისრითაა ნაჩვენები მოთხოვნის მრუდის აღნიშნული გადაადგილება, ამ
გადაადგილების შედეგად კი ვღებულობთ ახალ მოთხოვნის მრუდს. როდესაც მოთხოვნის
მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება ეს ნიშნავს, რომ ყოველი მოცემული ფასის პირობებში
მეტი რაოდენობის ველოსიპედი იყიდება. მაგალითად, მრუდის გადაადგილებამდე $200
დოლარის ტოლი ფასის შემთხვევაში ბაზარზე 9 მილიონი ველოსიპედი იყიდებოდა. მაგრამ
როდესაც თბილი და მზიანი ამინდების გამო მოთხოვნის მრუდი მარჯვნივ გადაადგილდა
იმავე $200 დოლარის ტოლი ფასის პირობებში 13 მილიონი ველოსიპედი იყიდება. მეორეს
მხრივ, თუკი გზებიდან ველობილიკებს აიღებენ ეს მოთხოვნას შეამცირებს და მოთხოვნის

4
მრუდი მარცხნივ გადაადგილდება; ე. ი. ყოველი მოცემული ფასის პირობებში ნაკლები
რაოდენობის ველოსიპედი გაიყიდება.

ნახაზი 1. მოთხოვნის მრუდი

მოთხოვნის მრუდი გვიჩვენებს, რომ საქონლის ფასსა და ამ საქონელზე მოთხოვნის


რაოდენობას შორის უარყოფითი დამოკიდებულება არსებობს; ამიტომაც მოთხოვნის მრუდი
დაღმავალია. მოთხოვნის მრუდზე თითოეული წერტილი გვიჩვენებს კონკრეტული ფასის
შესაბამისი საქონლის რაოდენობას; ე. ი. რა რაოდენობის საქონლის შეძენისთვის არიან მზად
მომხმარებლები ყოველი მოცემული ფასის პირობებში. მრუდის თითოეული წერტილი
მიღებულია 1 ცხრილში მოცემული რიცხვების გამოყენებით.

5
ნახაზი 2. მოთხოვნის მრუდის გადაადგილებები

მოთხოვნის მრუდი გვიჩვენებს თუ როგორაა დამოკიდებული საქონელზე მოთხოვნის


რაოდენობა ამავე საქონლის ფასზე, სხვა ფაქტორების უცვლელობის პირობებში. თუკი ფასის
გარდა რომელიმე სხვა ფაქტორი იცვლება, რომლის ცვლილებაც გავლენას ახდენს
მოთხოვნაზე - მაგალითად ამინდი ან ადამიანების გემოვნებები - მოთხოვნის მრუდი
გადაადგილდება ისე, როგორც ეს ნაჩვენებია ნახაზზე. ამ მაგალითში ველოსიპედებზე
მოთხოვნა იზრდება და მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება

მოთხოვნის მრუდის გადაადგილება მრავალმა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს. ეს მიზეზები


შეგვიძლია შემდეგ კატეგორიებად დავყოთ: მომხმარებლის გემოვნება, მომხმარებლის ხელთ
არსებული ინფორმაცია, მომხმარებელთა შემოსავლები, ბაზარზე მომხმარებელთა საერთო
რაოდენობა, მომავლის შესახებ მოლოდინები, დაკავშირებული საქონლის ფასები. მოდით
დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი.

• მომხმარებელთა გემოვნება. მომხმარებელთა გემოვნების ცვლილება გავლენას ახდენს


თითოეული ფასის შემთხვევაში მათ მიერ შეძენილი საქონლის რაოდენობაზე.
მაგალითად, ბოლო პერიოდში უნივერსიტეტის სტუდენტებმა ყურადღება

6
გაამახვილეს დასაქმებულთა სამუშაო პირობებზე და ისინი პოპულარიზაციას უწევენ
ისეთ საქონელს, რომლის დამამზადებელ მუშებსაც დამსაქმებელი კარგ სამუშაო
პირობებს უქმნის. ასევე მაგალითად, ბოლო წლებში მომხმარებელთა ინტერესი
გაიზარდა პესტიციდების გარეშე დამზადებული ხილისა და ბოსტნეულის მიმართ.
• მომხმარებლის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქონლის შესახებ მომხმარებლების
ხელთ არსებულ ინფორმაციას ასევე შეუძლია მოთხოვნის მრუდის გადაადგილება.
მაგალითად, როდესაც ხალხმა პირველად გაიგო, რომ სიგარეტის მოწევა მავნებელია
ჯანმრთელობისათვის, სიგარეტზე მოთხოვნა შემცირდა. ასევე მაგალითად, E.coli-ის
ბაქტერიის გავრცელების შემდეგ, რომელიც როგორც აღმოჩნდა დაბინძურებული
ისპანახის გამო გავრცელდა, აშშ-ში ბოსტნეულის მაღაზიებში ისპანახზე მოთხოვნა
მკვეთრად შემცირდა. ასევე, რამდენიმე ფატალურად დასრულებული ავტოსაგზაო
შემთხვევის შემდეგ 2000-იან წლებში Firestone-ის საბურავებზე მოთხოვნა მკვეთრად
შემცირდა.
• მომხმარებელთა შემოსავლები. ადამიანების შემოსავლების ცვლილება გავლენას
ახდენს მათ მიერ საქონლის შეძენის შესახებ გადაწყვეტილებებზე. შემოსავლების
ზრდა პროდუქტთა უმეტესობაზე მოთხოვნის ზრდას იწვევს, ხოლო შემოსავლების
შემცირებას პირიქით, მოთხოვნის შემცირება მოსდევს თან. საქონელს, რომელზეც
შემოსავლების ზრდის შედეგად მოთხოვნა იზრდება, ხოლო შემოსავლების
შემცირების შედეგად მოთხოვნა მცირდება, ეკონომისტები ნორმალურ საქონელს
უწოდებენ. იმ საქონლის დიდი ნაწილი, რასაც რიგითი ადამიანები ყიდულობენ -
ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, სამკაულები - ნორმალური საქონლის კატეგორიას
მიეკუთვნება.
შესაძლოა ზოგიერთ საქონელზე შემოსავლების ზრდასთან ერთად მოთხოვნა
შემცირდეს. ასეთ საქონელს ეკონომისტები მდარე საქონელს უწოდებენ. შემოსავლების
ზრდასთან ერთად მდარე საქონელზე მოთხოვნა მცირდება იმის გამო, რომ მაღალი
შემოსავლის პირობებში მომხმარებლისთვის სხვა, უფრო მიმზიდველი საქონლის
შეძენა ხდება შესაძლებელი. მაგალითად, სტუდენტების დიდი ნაწილი
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აქტიურად იყენებს საკვების გამოძახების
სერვისს; თუმცა სწავლის დასრულებისა და მუშაობის დაწყების შემდეგ, ისინი
როგორც წესი აღარ იყენებენ ამ სერვისს და მის ნაცვლად რესტორანში სადილობენ.
მაშასადამე საკვების გამოძახების სერვისზე მოთხოვნა მცირდება შემოსავლების
ზრდასთან ერთად. მდარე საქონლის კიდევ ერთი მაგალითია იაფფასიანი ავტობუსის
ბილეთი, რომელსაც აშშ-ში როგორც წესი სტუდენტები იყენებენ სამგზავროდ. ასეთი
ტრანსპორტის ფასი შესაძლოა $10 დოლარი იყოს, მაშინ როდესაც იგივე მარშრუტზე
თვითმფრინავის ბილეთის ფასი დაახლოებით $150 დოლარია. როდესაც
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მუშაობას იწყებენ და ხელფასს
გამოიმუშავებენ, სულ უფრო იშვიათად ყიდულობენ იაფფასიან ბილეთებს და სულ
უფრო მეტად ყიდულობენ $150 დოლარიან თვითმფრინავის ბილეთს. ამ მაგალითში
თვითმფრინავის ბილეთი მიეკუთვნება ნორმალური საქონლის კატეგორიას, ხოლო
იაფფასიანი ავტობუსის ბილეთი - მდარე საქონლის კატეგორიას.

7
• ბაზარზე მომხმარებელთა რაოდენობა. ეკონომისტები საქონლის ფასსა და ამ
საქონელზე მოთხოვნის რაოდენობას შორის დამოკიდებულებას უწოდებენ
მოთხოვნის კანონს. ბაზარზე ამა თუ იმ საქონლის მოთხოვნის რაოდენობა
ინდივიდუალურ მოთხოვნათა ჯამის ტოლია. თუკი ბაზარზე მომხმარებელთა
რაოდენობა იზრდება, ამ საქონელზე მოთხოვნაც გაიზრდება. ამის საპირისპიროდ,
თუკი ბაზარზე მომხმარებელთა რაოდენობა მცირდება, საქონელზე მოთხოვნაც
შემცირდება. მაგალითად, 1990-იან წლებში აშშ-ში თინეიჯერთა რაოდენობა მკვეთრად
გაიზარდა. შედეგად მოთხოვნა გაიზარდა სკეიტბორდებსა და სხვა ისეთ საქონელზე,
რომელსაც თინეიჯერები მოიხმარენ. ბეიბი ბუმერების1 თაობის ადამიანების ასაკის
მატებასთან ერთად აშშ-ში მოთხოვნა იზრდება სამედიცინო მომსახურებაზე, კანის
მოვლის საშუალებებსა და სხვა ისეთ პროდუქტებზე, რომელსაც ხანდაზმული
ადამიანები მოიხმარენ.
• მომავლის შესახებ მოლოდინები. თუკი ადამიანები ელოდებიან, რომ მომავალში
საქონელის ფასი გაიზრდება, ისინი ეცდებიან ფასის გაზრდამდე მოასწრონ ამ
საქონლის შეძენა. ამის საპირისპიროდ, თუკი ადამიანები ელოდებიან, რომ საქონლის
ფასი შემცირდება, ისინი დაელოდებიან ფასის შემცირებას და შემდეგ შეიძენენ ამ
საქონელს. ფასების ცვლილების შესახებ მოლოდინების გავლენა მოთხოვნაზე ჩვენს
ყოველდღიურობაშიც ადვილი შესამჩნევია. “უმჯობესია გაძვირებამდე შევიძინოთ“
ტიპიური მიზეზია ხოლმე ფასდაკლების პერიოდში საქონლის შესაძენად;
ფასდაკლებებისთვის დალოდება ასევე კარგად ასახავს მომავლის შესახებ მოლოდინის
დღევანდელ გადაწყვეტილებებზე გავლენას.
ზოგადად მომავლის პროგნოზირება საკმაოდ რთულია, თუმცა ზოგ შემთხვევაში
მომხმარებლებმა საკმაოდ კარგად იციან საქონელზე ფასების ზრდა მოხდება თუ მათი
შემცირება. ასეთ შემთხვევებში კი ისინი შესაბამისად იქცევიან. მაშასადამე, საქონელზე
მოთხოვნა იზრდება თუკი ადამიანები ელოდებიან ამ საქონელზე ფასის ზრდას და
პირიქით, საქონელზე მოთხოვნა მცირდება თუკი ისინი ამ საქონელზე ფასის
შემცირებას ელოდებიან.
1995 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ზოგიერთი ძვირადღირებული
ავტომობილის იაპონიიდან აშშ-ში იმპორტზე 100%-იანი ტარიფი (გადასახადი)
დააწესა. ტარიფის ძალაში შესვლამდე ამ ავტომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად
გაიზარდა, რადგან მომხმარებლები ტარიფის დაწესების გამო უახლოეს მომავალში
აღნიშნული ავტომობილების გაძვირებას ელოდნენ.
• დაკავშირებული საქონლის ფასები. ერთ საქონელზე ფასის ცვლილებამ შესაძლოა
მეორე საქონელზე მოთხოვნის ზრდა ან მისი შემცირება გამოიწვიოს, იმის მიხედვით
ეს ორი საქონელი ერთმანეთის ჩამნაცვლებელია თუ შემავსებელი. ჩამნაცვლებელი
ეწოდება ისეთ საქონელს, რომელსაც მოცემული საქონლის მსგავსი მახასიათებელები
და გამოყენება აქვს. მაგალითად, კარაქი და მარგარინი ჩამნაცვლებლებია. საზოგადოდ
საქონელზე მოთხოვნა იზრდება, როდესაც მის ჩამნაცვლებელზე ფასი იზრდება; ამის

1
ბეიბი ბუმერების თაობა - აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში შობადობის მკვეთრი
(baby boom) ზრდა დაფიქსირდა. ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს მოიხსენიებენ ამ სახელით.

8
საპირისპიროდ საქონელზე მოთხოვნა შემცირდება, თუკი მის ჩამნაცვლებელზე ფასი
შემცირდება. რადგან კარაქი და მარგარინი ჩამნაცვლებლებია, კარაქის ფასის ზრდას
შედეგად მოჰყვება მარგარინზე მოთხოვნის ზრდა; ფასის ზრდის გამო ადამიანები
კარაქის ნაცვლად მარგარინს შეიძენენ.
შემავსებელი ისეთი საქონელია, რომელის მოხმარებაც სხვა საქონელთან ერთად ხდება.
მაგალითად ბენზინი და ავტომობილი ერთმანეთის შემავსებლებია. 2007 წელს
ბენზინის ფასების ზრდას შედეგად ავტომობილებზე მოთხოვნის შემცირება მოგყვა.

მოთხოვნის მრუდის გასწვრივ მოძრაობა და მრუდის გადაადგილებები


ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მოთხოვნის მრუდი შეიძლება სხვადასხვა მიზეზის გამო გადაადგილდეს.
ახლა როდესაც თქვენ მოთხოვნის მრუდის გამოყენებით სხვადასხვა შემთხვევების
გაანალიზებას დაიწყებთ, ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განასხვაოთ მოთხოვნის
მრუდის გასწვრივ (მრუდზე) მოძრაობა და მრუდის გადაადგილებები. ეს განსხვავება
ილუსტრირებულია 3 ნახაზზე.

როდესაც საქონლის ფასის ცვლილების გამო მოთხოვნის რაოდენობა იცვლება, ამ დროს


მოთხოვნის მრუდის გასწვრივ მოძრაობა (მრუდზე) გადაადგილება ხდება. მაგალითად,
ველოსიპედის ფასის ზრდას შედეგად ველოსიპედებზე მოთხოვნის რაოდენობის შემცირება
მოჰყვება, ეს კი გრაფიკულად მოთხოვნის მრუდის გასწვრივ მოძრაობას გულისხმობს. 3
ნახაზზე თქვენ ხედავთ, რომ A წერტილში ფასი $200 დოლარი, ხოლო მოთხოვნის რაოდენობა
9 მილიონია. როდესაც ფასი $220 დოლარამდე იზრდება, მოთხოვნის რაოდენობა 9
მილიონიდან 7 მილიონამდე მცირდება. ფასისა და მოთხოვნის რაოდენობის აღნიშნული
ცვლილებები გრაფიკულად მოთხოვნის მრუდის გასწვრივ მოძრაობაში, A წერტილიდან B
წერტილისკენ გადაადგილებაში აისახება. ანალოგიურად, როდესაც ფასი $180 დოლარამდე
მცირდება მოთხოვნის რაოდენობა 11 მილიონამდე იზრდება. აღნიშნული ცვლილება 3
ნახაზზე ნაჩვენებია A წერტილიდან C წერტილისკენ გადაადგილებით. მოთხოვნის მრუდის
გასწვრივ მოძრაობა, მოთხოვნის რაოდენობის ცვლილებას ასახავს.

მეორეს მხრივ, ფასის გარდა ნებისმიერი სხვა ფაქტორის ცვლილება, რომელიც გავლენას
ახდენს მოთხოვნაზე, მრუდის გადაადგილებაში აისახება. დაიმახსოვრეთ: მოთხოვნის
ცვლილება მთლიანად მოთხოვნის განრიგის ცვლილებას, ანუ ახალ მოთხოვნის მრუდს
გულისხმობს, ხოლო მოთხოვნის რაოდენობის ცვლილება - არსებულ მოთხოვნის მრუდზე
ახალ წერტილში გადასვლას. როგორც ზემოთ უკვე ვთქვით თუკი თბილი და მზიანი
ამინდები იქნება უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ადამიანები ყოველი მოცემული ფასის
პირობებში მეტი რაოდენობით ველოსიპედებს შეიძენენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მთლიანად
მოთხოვნის მრუდი გადაადგილდება მარჯვნივ. ამის საპირისპიროდ, თუკი ველობილიკებს
აიღებენ და მის ნაცვლად საავტომობილო გზის დამატებით ხაზს გააკეთებენ, ადამიანები
ყოველი მოცემული ფასის პირობებში უფრო ნაკლები რაოდენობით ველოსიპედებს შეიძენენ;
რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანი მოთხოვნის მრუდი გადაადგილდება მარცხნივ. როდესაც
მოთხოვნის მრუდი გადაადგილდება, ეკონომისტები ამბობენ, რომ მოთხოვნა შეიცვალა.

თქვენ უნდა შეგეძლოთ გააანალიზოთ ამა თუ იმ ფაქტორის ცვლილება (1) მოთხოვნის


ცვლილებას იწვევს, თუ (2) მოთხოვნის რაოდენობის ცვლილებას. ე. ი. ამა თუ იმ ფაქტორის

9
ცვლილების შედეგად (1) მოთხოვნის მრუდი გადაადგილდება, თუ (2) მოთხოვნის მრუდის
გასწვრივ მოძრაობა ხდება. თქვენი ცოდნის შესამოწმებლად მოთხოვნის მრუდის
გადაადგილებისა და მრუდის გასწვრივ მოძრაობის შესახებ განვიხილოთ შემდეგი მაგალითი.
ეკონომიკური რეცესიის გამო 2001 წელს დისნეილენდის სტუმართა რაოდენობა წინა წელთან
შედარებით შემცირდა. სტუმართა რაოდენობის შემცირების გამო პარკის ადმინისტრაციამ
ზრდასრული ადამიანებისათვის ბილეთებზე ფასდაკლება დააწესა, რის შედეგადაც
სტუმართა რაოდენობამ ზრდა დაიწყო. ამ ცვლილებებიდან რომელმა მათგანმა გამოიწვია
დისნეილენდისთვის მოთხოვნის მრუდის გადაადგილება და რომელმა მოთხოვნის მრუდის
გასწვრივ მოძრაობა?

2001 წლის რეცესიის შედეგად დისნეილენდის სტუმართა რაოდენობის შემცირება მოთხოვნის


შემცირების მაგალითია - ბილეთის იგივე ფასის პირობებში რეცესიის გამო ნაკლები
რაოდენობის ადამიანი სტუმრობდა დისნეილენდს; ეს კი დისნეილენდისთვის მოთხოვნის
მრუდის მარცხნივ გადაადგილებას გულისხმობს. პარკის ადმინისტრაციის მიერ ბილეთის
ფასის შემცირება, რასაც შედეგად სტუმართა რაოდენობის ზრდა მოჰყვა მოთხოვნის
რაოდენობის ცვლილების მაგალითია. დისნეილენდის ადმინისტრაცია ელოდა, რომ
შემცირებული ფასის პირობებში პარკს მეტი სტუმარი ეყოლებოდა, რაც მოთხოვნის მრუდის
გასწვრივ მოძრაობას გულისხმობს.

შეჯამება
• საქონლის ფასსა და ამ საქონელზე მოთხოვნის რაოდენობას შორის უარყოფით
დამოკიდებულებას, სხვა თანაბარ პირობებში, მოთხოვნის კანონი ეწოდება.
• მოთხოვნის მრუდი დაღმავალია, რადგან როდესაც საქონლის ფასი იზრდება
მომხმარებლები ნაკლები რაოდენობით ყიდულობენ ამ საქონელს. ამის
საპირისპიროდ, როდესაც საქონლის ფასი მცირდება უფრო მეტი რაოდენობის
მომხმარებელი ყიდულობს აღნიშნულ საქონელს. (ზოგიერთი მომხმარებელი,
რომელიც მანამდე მაღალი ფასის გამო ამ საქონლის შეძენისგან თავს იკავებდა, ფასის
შემცირების შემდეგ ყიდულობს მას).
• მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვავოთ მოთხოვნის მრუდის გასწვრივ
მოძრაობა და მრუდის გადაადგილებები. როდესაც ფასის ცვლილების შედეგად
მოთხოვნის რაოდენობა იცვლება, მოთხოვნის მრუდის გასწვრივ მოძრაობას აქვს
ადგილი. ხოლო როდესაც ფასის გარდა, სხვა რომელიმე ფაქტორის ცვლილების გამო
მოთხოვნა იცვლება, მოთხოვნის მრუდი გადაადგილდება.

10
ნახაზი 3. მოთხოვნის მრუდის გასწვრივ მოძრაობა და მრუდის გადაადგილებები

ფასის გარდა სხვა რომელიმე ისეთი ფაქტორის ცვლილება, რომელიც გავლენას ახდენს
მოთხოვნაზე მოთხოვნის მრუდის გადაადგილებას იწვევს. მოთხოვნის ზრდას მრუდის
მარჯვნივ გადაადგილება, ხოლო მოთხოვნის შემცირებას მრუდის მარცხნივ გადაადგილება
შეესაბამება. ფასის ცვლილების შედეგად მოთხოვნის რაოდენობის ცვლილება მოთხოვნის
მრუდის გასწვრივ (მაგალითად A-დან B ან C წერტილებისაკენ) მოძრაობას გულისხმობს.

მიწოდება
მოთხოვნის კანონი აღწერს ბაზარზე მომხმარებელთა ქცევას. ბაზარზე ფირმების ქცევა კი
აღიწერება მიწოდების კანონით. მიწოდებას - იქნება ეს ბილეთების მიწოდება თუ
კომპიუტერების მიწოდება - ეკონომისტებისათვის კონკრეტული მნიშვნელობა აქვს. სხვა
თანაბარ პირობებში ორ ცვლადს: (1) საქონლის ფასსა და (2) ამ ფასის პირობებში საქონლის იმ
რაოდენობას შორის დამოკიდებულებას, რომლის გასაყიდადაც ფირმები მზად არიან

11
მიწოდების კანონი ეწოდება. მოხერხებულობისათვის პირველ ცვლადს ჩვენ ვუწოდებთ ფასს,
ხოლო მეორეს - მიწოდების რაოდენობას.

მიწოდების კანონის ილუსტრირებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ცხრილი ან გრაფიკი. 2


ცხრილში მოცემულ მაგალითში ნაჩვენებია ველოსიპედების ბაზარზე ყოველი მოცემული
ფასის პირობებში ფირმების მიერ მიწოდებული ველოსიპედების ჯამური რაოდენობა.
მაგალითად, როდესაც ფასი $180 დოლარის ტოლია, ველოსიპედების მიწოდების რაოდენობა
7 მილიონია. ყურადღება მიაქციეთ, რომ ფასის ზრდასთან ერთად ველოსიპედების მიწოდების
რაოდენობაც იზრდება და პირიქით, როდესაც ფასი მცირდება, მიწოდების რაოდენობაც
მცირდება. მაგალითად, როდესაც ფასი $180 დოლარიან $200 დოლარამდე იზრდება,
მიწოდების რაოდენობა 7-დან 9 მილიონამდე იზრდება. 2 ცხრილში წარმოდგენილ ფასსა და
მიწოდების რაოდენობას შორის დამოკიდებულებას მიწოდების განრიგი ეწოდება. მიწოდების
განრიგი გვიჩვენებს, რომ ფასი და მიწოდების რაოდენობა ერთიდაიგივე მიმართულებით
იცვლება. რაც უფრო მაღალია ფასი, სხვა თანაბარ პირობებში მით უფრო მაღალია მიწოდების
რაოდენობა, რასაც მიწოდების კანონი ეწოდება. ანალოგიურად, რაც უფრო მცირეა ფასი, სხვა
თანაბარ პირობებში მით უფრო მცირეა მიწოდების რაოდენობა. სხვა სიტყვებით, მიწოდების
კანონი გვეუბნება, რომ სხვა თანაბარ პირობებში საქონლის ფასსა და ამ საქონლის მიწოდების
რაოდენობას შორის არსებობს დადებითი დამოკიდებულება.

ცხრილი 2. ველოსიპედების მიწოდების განრიგი

ფასი მიწოდების რაოდენობა


$140 1
$160 4
$180 7
$200 9
$220 11
$240 13
$260 15
$280 16
$300 17

მიწოდების მრუდი
2 ცხრილში მოცემული მიწოდების განრიგი შეგვიძლია გრაფიკულად გამოვსახოთ. 4 ნახაზისა
და 1 ნახაზის მასშტაბები ერთიდაიგივეა. ამ ნახაზებს შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ 1
ნახაზზე ილუსტრირებულია მოთხოვნის კანონი, ხოლო 4 ნახაზზე მოცემულია მიწოდების
კანონი. 4 ნახაზზე მოცემული გრაფიკი აგებულია 2 ცხრილში წარმოდგენილი ფასისა და
მიწოდების შესაბამისი რაოდენობის სხვადასხვა კომბინაციების გამოყენებით. ნახაზზე
გამოსახულ მრუდს, რომელიც ფასისა და მიწოდების რაოდენობის ყველა შესაძლო
კომბინაციას გვიჩვენებს, მიწოდების მრუდი ეწოდება. ყურადღება მიაქციეთ, რომ მიწოდების
მრუდი აღმავალია: როდესაც ფასი $280 დოლარის ტოლია, მიწოდების რაოდენობა 16

12
მილიონი ველოსიპედია. ხოლო როდესაც ფასი $160 დოლარის ტოლია, მიწოდების
რაოდენობა 4 მილიონამდე მცირდება.

ნახაზი 4. მიწოდების მრუდი

მიწოდების მრუდი გვეუბნება, რომ საქონლის ფასსა და ამ საქონლის მიწოდების რაოდენობას


შორის არსებობს დადებითი დამოკიდებულება. მიწოდების მრუდი აღმავალია და იგი
გვიჩვენებს ყოველი მოცემული ფასის პირობებში ფირმების მიერ წარმოებული საქონლის
რაოდენობას. გრაფიკზე მოცემული ფასისა და მიწოდების რაოდენობის სხვადასხვა
კომბინაციების ამსახველი წერტილები 2 ცხრილში მოცემული ფასისა და მიწოდების
რაოდენობის კომბინაციებია.

რატომაა მიწოდების მრუდი აღმავალი? წარმოიდგინეთ, რომ თავად ხართ ველოსიპედების


მწარმოებელი ფირმის მფლობელი. თუკი ველოსიპედის ფასი $180 დოლარიდან $280

13
დოლარამდე იზრდება, თქვენ ყოველი წარმოებული ველოსიპედიდან $100 დოლარით მეტ
შემოსავალს მიიღებთ. სხვა თანაბარ პირობებში, თქვენ მეტი სტიმული გექნებათ ფასის
ზრდისას მეტი რაოდენობის ველოსიპედი აწარმოოთ. თუკი მეტი რაოდენობის ველოსიპედის
წარმოება მთლიანი დანახარჯების ზრდასთან - მაგალითად, სახელფასო ხარჯის ზრდასთან -
არის დაკავშირებული, გაზრდილი შემოსავლით თქვენ ამ დანახარჯის დაფარვას შეძლებთ.
ყველა ველოსიპედის მწარმოებელი ფირმა სწორედ თქვენს მსგავსად იფიქრებს. ამგვარად,
ფასის ზრდის შემთხვევაში ფირმებს წარმოების ზრდის სტიმული აქვთ. ამის საპირისპიროდ,
ფასის შემცირების შემთხვევაში ფირმებს ველოსიპედების წარმოების ნაკლები სტიმული აქვთ.
სწორედ ამის გამო არსებობს დადებითი დამოკიდებულება საქონლის ფასსა და ამ საქონლის
მიწოდების რაოდენობას შორის.

ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრისას მნიშვნელოვანია გახსოვდეთ მიწოდების


დამოკიდებულება. საქონლის ფასის ზრდას შედეგად ამ საქონლის მიწოდების რაოდენობის
ზრდა მოჰყვება. თუ აშშ-ის მთავრობა ადგილობრივი ფერმერებისგან მარცვლეულს შეიძენს
და ფერმერებს გაზრდილ ფასს გადაუხდის, ფერმერები გაზრდიან მარცვლეულის წარმოებას.
თუკი მსოფლიო ბაზარზე ყავის ფასი მკვეთრად შემცირდება, ზოგიერთ ქვეყანაში ყავის
მწარმოებლები შეწყვეტენ ყავის წარმოებას და დაიწყებენ რომელიმე სხვა საქონლის
წარმოებას.

მიწოდების ცვლილებები
მიწოდების მრუდი ასახავს დამოკიდებულებას საქონლის ფასსა და მიწოდების რაოდენობას
შორის იმ დაშვებით, რომ ყველა სხვა ფაქტორი უცვლელია. თუკი რომელიმე ამ სხვა
ფაქტორთაგანი იცვლება, შედეგად მიწოდების მრუდი გადაადგილდება. მაგალითად
დავუშვათ, რომ ახალი ტექნოლოგიის გამოგონების შედეგად ველოსიპედის წარმოება
ნაკლები დანახარჯით არის შესაძლებელი; შედეგად ფირმებს სტიმული ექნებათ ყოველი
მოცემული ფასის პირობებში მეტი რაოდენობით ველოსიპედი აწარმოონ. ამ შემთხვევაში
მიწოდების ზრდას მივიღებდით, გრაფიკულად კი მიწოდების მრუდი მარჯვნივ
გადაადგილდებოდა.

5 ნახაზზე გრაფიკულად ნაჩვენებია მიწოდების მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება.


მიწოდების შემცირების შემთხვევაში მრუდი მარცხნივ გადაადგილდებოდა. მიწოდება
შემცირდებოდა იმ შემთხვევაში, მაგალითად, თუკი ველოსიპედების მწარმოებელ ფირმებს
წარმოების დანახარჯები გაეზრდებოდათ; თუ ფირმებს წარმოების დანახარჯები
გაეზრდებათ, ყოველი მოცემული ფასის პირობებში ისინი ნაკლების რაოდენობის
ველოსიპედს აწარმოებენ და მიწოდების მრუდი მარცხნივ გადაადგილდება.

14
ნახაზი 5. მიწოდების მრუდის გადაადგილება

მიწოდების მრუდი ასახავს საქონლის ფასსა და მიწოდების რაოდენობას შორის


დამოკიდებულებას, სხვა თანაბარ პირობებში. ფასის გარდა სხვა რომელიმე ისეთი ფაქტორის
ცვლილება, რომელიც გავლენას ახდენს მიწოდებაზე, მიწოდების მრუდს გადააადგილებს.
ნახაზზე განხილულ მაგალითში ველოსიპედების მიწოდების რაოდენობა იზრდება და
გრაფიკზე მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება.

მიწოდების მრუდის გადაადგილება მრავალი მიზეზის გამო შეიძლება მოხდეს. ეს მიზეზები


შეგვიძლია დავყოთ შემდეგ კატეგორიებად: ტექნოლოგიები, ამინდი, წარმოებისათვის
საჭირო რესურსების ფასები, ბაზარზე არსებული ფირმების რაოდენობა, მომავლის შესახებ
მოლოდინები, გადასახადები, სუბსიდიები და რეგულაციები. მოდით დეტალურად
განვიხილოთ თითოეული მათგანი.

15
• ტექნოლოგიები. ყველა ცვლილება. რომელსაც შეუძლია არსებული რესურსების
პირობებში ფირმის წარმოება გაზარდოს, შეგვიძლია განვიხილოთ როგორც
ტექნოლოგიის გაუმჯობესება. 2005 წლის მონაცემებით General Motors-ს 34 საათი
სჭირდებოდა ერთი ავტომობილის დასამზადებლად, ხოლო Toyota 28 საათში
ამზადებდა ერთ ავტომობილს. დავუშვათ ტექნოლოგიის გაუმჯობესების შედეგად
General Motors-ს 6 საათით ნაკლები დრო სჭირდება ერთი ავტომობილის
დასამზადებლად; ტექნოლოგიის მსგავსი გაუმჯობესება გაზრდის მიწოდებას და
მიწოდების მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება. მიწოდების ზრდა სხვა მხრიდანაც
შეგვიძლია დავინახოთ: როდესაც ფირმა მზადაა საქონლის ყოველი მოცემული
რაოდენობა ნაკლებ ფასად გაყიდოს (რადგან ნაკლები დანახარჯით აწარმოებს მას), ეს
იგივეა ვთქვათ, რომ ფირმა მიწოდებას ზრდის. წარმოების დანახარჯების შემცირების
შედეგად მიწოდების ზრდის ამ მხრიდან დანახვა უფრო ნათელს ხდის საკითხს.
• ამინდი. გვალვას, მიწისძვრას და ქარიშხალს ზოგიერთი საქონლის წარმოებაზე
გავლენის მოხდენა შეუძლია. მაგალითად, გვალვის გამო შესაძლოა ხორბლის
წარმოება შემცირდეს. 2006 წელს განსაკუთრებით ცივი ზამთრის გამო კალიფორნიაში
მილიარდობით დოლარის ღირებულების ციტრუსი განადგურდა. ქარიშხლებმა
კატრინამ და რიტამ ტეხასსა და ლუიზიანაში ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავების
პროცესი შეაფერხა. ასეთი მოვლენების გამო მოცემული რაოდენობის ნედლეულის
პირობებში წარმოების სიდიდე შეიძლება შეიცვალოს; ამ მხრივ ასეთი მოვლენები
თავისი არსით ტექნოლოგიური ცვლილებების ანალოგიურია. ჩვენს მიერ განხილულ
მაგალითში მიწოდების მრუდი მარცხნივ გადაადგილდება, თუმცა თუკი რომელიმე
წელს გამორჩეულად ხელსაყრელი ამინდები იქნება შესაძლოა მიწოდების მრუდი
პირიქით, მარჯვნივ გადაადგილდეს.
• წარმოებისთვის საჭირო რესურსების ფასები. როდესაც წარმოებისათვის საჭირო
რესურსების - ნედლეულის, სამუშაო ძალისა და კაპიტალის - ფასი იზრდება,
წარმოების დანახარჯებიც იზრდება და ფირმები ყოველი მოცემული ფასის პირობებში
საქონლის ნაკლებ რაოდენობას აწარმოებენ; ე. ი. მიწოდების მრუდი მარცხნივ
გადაადგილდება. 2002 წელს აშშ-ის მთავრობამ ფოლადის იმპორტზე შეზღუდვები
დააწესა შედეგად კი აშშ-ში ფოლადის ფასი გაიზარდა. საყოფაცხოვრებო ტექნიკის
მწარმოებელ ფირმებს, რომლებიც წარმოებაში ნედლეულის სახით ფოლადს
იყენებდნენ, წარმოების დანახარჯები გაეზარდათ; შედეგად საყოფაცხოვრებო
ტექნიკის არსებული ფასების პირობებში მათ წარმოება შეამცირეს. ამგვარად,
წარმოების დანახარჯების ზრდამ მიწოდების მრუდის მარცხნივ გადაადგილება
გამოიწვია. ამის საპირისპიროდ, წარმოების დანახარჯების შემცირება მიწოდების
მრუდს მარჯვნივ გადააადგილებდა.
• ფირმების რაოდენობა ბაზარზე. დაიმახსოვრეთ, რომ მიწოდების მრუდი ასახავს
მოცემული ფასის პირობებში ყველა ფირმის მიერ საქონლის ჯამურ მიწოდებას. თუკი
ბაზარზე ფირმების რაოდენობა გაიზრდება, საქონელი ყოველი მოცემული ფასის
პირობებში უფრო მეტი რაოდენობით იწარმოება; ე. ი. ფირმების რაოდენობის ზრდის
შემთხვევაში მიწოდება იზრდება და მიწოდების მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება.
ამის საპირისპიროდ ბაზარზე ფირმების რაოდენობის შემცირება მიწოდების მრუდს

16
მარცხნივ გადააადგილებს. მაგალითად, თუკი ქვეყანა მოხსნის უცხოელებისთვის
ავტომობილების ბაზარზე შესვლის ბარიერებს, ამ ქვეყანაში ავტომობილების
უცხოელი გამყიდველები დაიწყებენ საქმიანობას და ფირმების რაოდენობა
გაიზრდება, შედეგად ამ ქვეყანაში ავტომობილების მიწოდების მრუდი მარჯვნივ
გადაადგილდება.
• მომავლის შესახებ მოლოდინები. თუკი ფირმები ელოდებიან, რომ მათ მიერ
წარმოებულ პროდუქციაზე ფასები გაიზრდება, ისინი დაიცდიან და თავიანთ ნაწარმს
ფასების გაზრდის შემდეგ გაყიდიან. მაგალითად, აშშ-ში ფერმერებს თუ ექნებათ
მოლოდინი, რომ ხორბლის ფასი გაიზრდება ისინი შეინახავენ თავიანთ ხორბალს და
ფასის გაზრდის შემდეგ გაყიდიან. ამგვარად, თუკი ბაზარზე ფასის ზრდის მოლოდინი
არსებობს საქონლის მიწოდება მცირდება. ამის საპირისპიროდ, თუკი ფასის
შემცირების მოლოდინი იარსებებს, ყველა ფირმა ეცდება საქონელი დაუყოვნებლივ
გაყიდოს და მიწოდების რაოდენობა გაიზრდება.
• გადასახადები, სუბსიდიები და რეგულაციები. მთავრობას შეუძლია გავლენა
მოახდინოს ბაზარზე ფირმების მიერ საქონლის მიწოდებაზე. მაგალითად, მთავრობა
ფირმებს უწესებს გადასახადს, რათა ამ გადასახადიდან მიღებული თანხით
დააფინანსოს განათლება, საპოლიციო და თავდაცვის მომსახურება. გადასახადები
ფირმისთვის ზრდის დანახარჯებს და ამგვარად იწვევს მიწოდების შემცირებას.
როდესაც ფირმისთვის დაწესებული გადასახადი იზრდება, მიწოდების მრუდი
მარცხნივ გადაადგილდება.
მთავრობა ზოგჯერ წარმოების წახალისებით მიზნით ფირმებს ეხმარება; სუბსიდიას
აძლევს მათ. სუბსიდია გადასახადის საპირისპირო გავლენას ახდენს მიწოდებაზე.
სუბსიდიების ზრდა ფირმისთვის წარმოების დანახარჯებს ამცირებს და ამგვარად
ზრდის მიწოდებას. თუკი მთავრობა მოახდენს სიმინდის წარმოების სუბსიდირებას,
სიმინდის მიწოდება გაიზრდება. მეორეს მხრივ, თუკი მთავრობა სიგარეტის
წარმოებაზე დააწესებს გადასახადს, სიგარეტის მიწოდება შემცირდება.
მთავრობა ზოგჯერ ფირმებს არეგულირებს. ზოგ შემთხვევებში ასეთ რეგულაციას
შეუძლია გავლენა მოახდინოს ფირმის წარმოების დანახარჯებზე და ან ფირმის
საწარმოო სიმძლავრეებზე, შედეგად კი რეგულაციას შეუძლია გავლენა მოახდინოს
მიწოდებაზე. მაგალითად, თუკი მთავრობა სანიტარულ ნორმებს დააწესებს სწრაფი
კვების ობიექტებისთვის (ვინც ამ ნორმებს ვერ დააკმაყოფილებს საქმიანობა
აეკრძალება), შედეგად ბაზარზე სწრაფი კვების ობიექტების რაოდენობა შემცირდება
და მიწოდების მრუდი მარცხნივ გადაადგილდება.

მიწოდების მრუდის გასწვრივ მოძრაობა და მრუდის გადაადგილებები


ისევე როგორც მოთხოვნის მრუდის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც ძალიან მნიშვნელოვანია
ერთმანეთისგან განასხვაოთ მიწოდების მრუდის გასწვრივ მოძრაობა და მრუდის
გადაადგილებები. აღნიშნული განსხვავება ილუსტრირებულია 6 ნახაზზე.

17
ნახაზი 6. მიწოდების მრუდის გასწვრივ მოძრაობა და მრუდის გადაადგილებები

როდესაც ფასის გარდა სხვა რომელიმე ისეთი ფაქტორი იცვლება, რომლის ცვლილებაც
გავლენას ახდენს ფირმის მიერ საქონლის მიწოდებაზე, მიწოდების მრუდი გადაადგილდება.
თუკი ასეთი ფაქტორის ცვლილების შედეგად ბაზარზე საქონლის მიწოდება იზრდება,
მიწოდების მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება და პირიქით, როდესაც მიწოდება მცირდება
მიწოდების მრუდი მარცხნივ გადაადგილდება. როდესაც საქონლის ფასი იცვლება, შედეგად
მიწოდების რაოდენობა იცვლება და ამ დროს მიწოდების მრუდის გასწვრივ მოძრაობას აქვს
ადგილი; მაგალითად შესაძლოა ადგილი ჰქონდეს D წერტილიდან E ან F წერტილისკენ
მოძრაობას.

მრუდის გასწვრივ გადაადგილება ხდება მაშინ, როდესაც საქონლის ფასის ცვლილების გამო
მიწოდების რაოდენობა იცვლება. მაგალითად, თუ მსოფლიო ბაზარზე სპილენძის მადნის
ფასის ზრდის გამო ზამბიაში მდებარე სპილენძის მაღარო მეტი რაოდენობით სპილენძის
მადნის მოპოვებას იწყებს, ეს მიწოდების მრუდის გასწვრივ მოძრაობაა. ჩვენს მიერ განხილულ

18
ველოსიპედების მაგალითში ველოსიპედის ფასის $200 დოლარიდან $220 დოლარამდე ზრდა
მიწოდების რაოდენობის 9 მილიონიდან 11 მილიონამდე ზრდას იწვევდა. ფასის ცვლილების
გამო ველოსიპედების მიწოდების რაოდენობის აღნიშნული ცვლილება გრაფიკულად 6
ნახაზზე D წერტილიდან F წერტილისკენ გადაადგილებაში აისახება. ამის საპირისპიროდ,
თუკი ველოსიპედის ფასი $200 დოლარიდან @180 დოლარამდე შემცირდება, მიწოდების
რაოდენობა 7 მილიონამდე შემცირდება. აღნიშნული შემცირება გრაფიკულად 6 ნახაზზე D
წერტილიდან E წერტილისკენ გადაადგილებაში აისახება. ეკონომისტები მიწოდების
რაოდენობის შემცირებას გრაფიკულად მიწოდების მრუდის გასწვრივ მოძრაობით აღწერენ.

მეორეს მხრივ, ფასის გარდა სხვა რომელიმე ისეთი ფაქტორის ცვლილება, რომელიც გავლენას
ახდენს მიწოდებაზე, მიწოდების მრუდის გადაადგილებას იწვევს. განსაკუთრებულად ცივი
ზამთრის გამო კალიფორნიაში ადგილობრივი ფერმერების მიერ თითოეული მოცემული
ფასის პირობებში წარმოებული ფორთოხლის რაოდენობა შემცირდება. ეს ნიშნავს, რომ
ფორთოხლის მიწოდების მრუდი მარცხნივ გადაადგილდა. როდესაც მიწოდების მრუდი
გადაადგილდება, ეკონომისტები ამბობენ, რომ მიწოდება იცვლება.

თქვენ უნდა შეგეძლოთ ერთმანეთისგან განასხვავოთ რომელი ფაქტორის ცვლილება იწვევს


(1) მიწოდების ცვლილებას და, რომელი ფაქტორის ცვლილება იწვევს (2) მიწოდების
რაოდენობის ცვლილებას; ანალოგიურად უნდა შეგეძლოთ ერთმანეთისგან განასხვაოთ (1) რა
შემთხვევაში გადაადგილდება მიწოდების მრუდი და (2) რა შემთხვევაში ხდება მრუდის
გასწვრივ მოძრაობა. განვიხილოთ მაგალითი, რომლის გამოყენებითაც შეგიძლიათ
შეამოწმოთ საკუთარი თავი და განიხილოთ რა შემთხვევაში გადაადგილდება მიწოდების
მრუდი და რა შემთხვევაში გვექნება საქმე მრუდის გასწვრივ მოძრაობასთან. დავუშვათ აშშ-ის
მთავრობა ადგილობრივ ფერმერებს გარანტიას აძლევს, რომ მათგან ხორბალს შეიძენს
გარკვეულ ფასად (თუ ბაზარზე მარცვლეულის ფასი ძალიან დაბალი იქნება მთავრობა
შეიძენს მას ძვირად, რაც ფერმერებს ზარალისაგან დაიცავს). ამ საკითხის შესახებ
ეკონომისტებმა აზრი გამოთქვეს, რომ ფერმერებისგან მთავრობის მიერ ხორბლის შეძენის
ნაცვლად უკეთესი იქნებოდა თუ მთავრობა გარკვეულ თანხას გადაუხდიდა ფერმერებს იმ
პირობით, რომ ფერმერები თავიანთი მიწების ნაწილს დაუმუშავებელს დატოვებდნენ (ე. ი.
მარცვლეულის წარმოება ჭარბი რაოდენობით აღარ მოხდებოდა და შესაბამისად მისი ფასი
ბაზარზე უფრო მაღალი იქნებოდა).

ეკონომისტების მიერ შეთავაზებული პოლიტიკა, მიწების დაუმუშავებლობის სანაცვლოდ


ფერმერებისთვის გარკვეული თანხის გადახდის შესახებ, მიწოდების შემცირებაში, ე. ი.
მიწოდების მრუდის მარცხნივ გადაადგილებაში აისახებოდა. რადგან ამ შემთხვევაში ყოველი
მოცემული ფასის პირობებში მიწოდების რაოდენობა შემცირდება. როდესაც აშშ-ის მთავრობა
ფერმერებს მაღალი ფასის გარანტიას აძლევს, ამ შემთხვევაში მიწოდების რაოდენობის
ცვლილებასთან გვაქვს საქმე - მაღალი ფასის პირობებში მეტი რაოდენობით ხორბლის
წარმოება მოხდება. გრაფიკულად მაღალი ფასის გამო მიწოდების რაოდენობის ზრდას
მიწოდების მრუდის გასწვრივ მოძრაობა შეესაბამება.

19
შეჯამება
• მიწოდების კანონი საქონლის ფასსა და ფირმების მიერ ამ ფასის პირობებში
აღნიშნული საქონლის მიწოდების რაოდენობას შორის დადებით დამოკიდებულებას
გვიჩვენებს.
• მიწოდების მრუდი აღმავალია იმის გამო, რომ სხვა თანაბარ პირობებში თუ საქონლის
ფასი მაღალია ფირმებს ამ საქონლის მეტი რაოდენობით წარმოების სტიმული აქვთ.
• მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვავოთ მიწოდების მრუდის გადაადგილებები
და მრუდის გასწვრივ მოძრაობა. როდესაც ფასის ცვლილების გამო მიწოდების
რაოდენობა იცვლება, ამ დროს ადგილი აქვს მიწოდების მრუდის გასწვრივ
მოძრაობასთან. ფასის გარდა სხვა ფაქტორების - ტექნოლოგიების, ამინდის, ბაზარზე
არსებული ფირმების რაოდენობის და მომავლის შესახებ მოლოდინების - ცვლილება
მიწოდების მრუდის გადაადგილებას იწვევს.

მოთხოვნისა და მიწოდების დამოკიდებულებების გაერთიანება: საბაზრო


წონასწორობა
7 ნახაზზე შეჯამებულია ყველაფერი რაც ჩვენ ეს-ესაა ვისწავლეთ ბაზარზე მომხმარებელთა
და ფირმების ქცევის შესახებ. მოდით გავაერთიანოთ მოთხოვნისა და მიწოდების
დამოკიდებულება და სრულყოფილი სახე მივცეთ მოთხოვნა-მიწოდების მოდელს.
მომხმარებლები, რომელთაც საქონლის შეძენა სურთ და ფირმები, რომელთაც საქონლის
გაყიდვა უნდათ ბაზარზე ხვდებიან ერთმანეთს. ბაზარზე ისინი ეკონომიკურ გარიგებებს
დებენ; ამ გარიგებების დადების პროცესში დგინდება საქონლის ფასი. შეგახსენებთ, რომ
აუცილებელი არაა ამა თუ იმ საქონლის ბაზარი ერთ ადგილას იყოს განთავსებული; აშშ-ში
ველოსიპედების ბაზარი შედგება ველოსიპედის ყველა მყიდველისა და ყველა
გამყიდველისაგან.

ბაზარზე არც ერთი კონკრეტული ადამიანი არ განსაზღვრავს საქონლის ფასს. ფასს თავად
ბაზარი განსაზღვრავს. მყიდველებსა და გამყიდველებს შორის გარიგებების დადების
პროცესში ფასი შესაძლოა დროებით გაიზარდოს ან შემცირდეს. მოთხოვნა-მიწოდების
მოდელი, რომელსაც ჩვენ ახლა ვსწავლობთ, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში
განავითარა ეკონომისტმა ალფრედ მარშალმა. მოდელის მთავარი დაშვება იმაში
მდგომარეობს, რომ მყიდველებსა და გამყიდველებს შორის გარიგების დადების პროცესში
ფასი იცვლება მანამ, სანამ არ მიაღწევს ისეთ დონეს, როდესაც მოთხოვნის რაოდენობა
ზუსტად მიწოდების რაოდენობის ტოლი გახდება. მოდი ვნახოთ როგორ ხდება ეს პროცესი.

20
ნახაზი 7. მოთხოვნისა და მიწოდების კანონების მიმოხილვა

საბაზრო ფასის განსაზღვრა


საბაზრო ფასის განსაზღვრისათვის ჩვენ მოთხოვნისა და მიწოდების დამოკიდებულებები
უნდა გავაერთიანოთ. ამ ორი დამოკიდებულების გაერთიანება შეგვიძლია როგორც ცხრილის
მეშვეობით, ისე გრაფიკულად. პირველ რიგში განვიხილოთ 3 ცხრილი, რომელიც აერთიანებს
1 ცხრილში მოცემულ მოთხოვნის განრიგსა და 2 ცხრილში მოცემულ მიწოდების განრიგს. 3
ცხრილის პირველ სვეტში მოცემულია ფასის სხვადასხვა მნიშვნელობა, მეორე სვეტში
მოცემულია კონკრეტული ფასის შესაბამისი მოთხოვნის რაოდენობა და მესამე სვეტში
მოცემულია ამავე ფასის შესაბამისი მიწოდების რაოდენობა. ყურადღება მიაქციეთ, რომ ფასის
ზრდასთან ერთად საქონელზე მოთხოვნის რაოდენობა მცირდება და პარალელურად
მიწოდების რაოდენობა იზრდება.

21
ცხრილი 3. საბაზრო წონასწორობის პოვნა

ფასი მოთხოვნის მიწოდების დეფიციტი, ფასი იზრდება


რაოდენობა რაოდენობა სიჭარბე ან ან მცირდება
(მილიონი) (მილიონი) წონასწორობა
$140 18 1 დეფიციტი=17 ფასი იზრდება
$160 14 4 დეფიციტი=10 ფასი იზრდება
$180 11 7 დეფიციტი=4 ფასი იზრდება
$200 9 9 წონასწორობა ფასი არ
იცვლება
$220 7 11 სიჭარბე=4 ფასი მცირდება
$240 5 13 სიჭარბე=8 ფასი მცირდება
$260 3 15 სიჭარბე=12 ფასი მცირდება
$280 2 16 სიჭარბე=14 ფასი მცირდება
$300 1 17 სიჭარბე=16 ფასი მცირდება
საბაზრო ფასის პოვნა
დავუშვათ ბაზარზე ფასი $160 დოლარია. 3 ცხრილიდან ვხედავთ, რომ ამ ფასის პირობებში
ბაზარზე მოთხოვნის რაოდენობა (14 მილიონი ველოსიპედი) აჭარბებს მიწოდების
რაოდენობას (4 მილიონი ველოსიპედი). სხვა სიტყვებით, ამ ფასის პირობებში ბაზარზე 14 −
4 = 10 მილიონის სიდიდის დეფიციტია. დეფიციტი ანუ ჭარბი მოთხოვნა არის სიტუაცია,
როდესაც მოთხოვნის რაოდენობა აჭარბებს მიწოდების რაოდენობას. დეფიციტის პირობებში
მომხმარებლები, რომელთაც ძალიან უნდათ ველოსიპედის ყიდვა, ფირმებს შესთავაზებენ
უფრო მაღალ ფასს, რათა სასურველი ნივთი იყიდონ; მეორეს მხრივ კი ფირმები (რადგან
ველოსიპედის ყიდვის მსურველი მრავლადაა) დაიწყებენ ველოსიპედის ფასის მომატებას.
მაშასადამე $160 დოლარის ტოლი ფასი ბაზარზე ვერ შენარჩუნდება. ყურადღება მიაქციეთ,
რომ როდესაც ფასი ზრდას იწყებს მოთხოვნის რაოდენობა მცირდება და პარალელურად
მიწოდების რაოდენობა იზრდება. მაშასადამე, როდესაც ფასი $160 დოლარზე მეტად
იზრდება, დეფიციტი შემცირებას იწყებს. დავუშვათ ფასი $160 დოლარიდან $180 დოლარამდე
გაიზარდა. $180 დოლარის ტოლი ფასის პირობებში მოთხოვნის რაოდენობა 11 მილიონამდე
მცირდება, ხოლო მიწოდების რაოდენობა 7 მილიონამდე იზრდება. $180 დოლარის ტოლი
ფასის პირობებში ბაზარზე კვლავ დეფიციტია და მაშასადამე ფასი ზრდას გააგრძელებს,
თუმცა $180 დოლარის ტოლი ფასის პირობებში დეფიციტი 11 − 7 = 4 მილიონამდე
მცირდება. საბოლოოდ დეფიციტი ნულს გაუტოლდება როდესაც ფასი $200 დოლარს
მიაღწევს, როგორც ეს 3 ცხრილშია ნაჩვენები.

ახლა დავუშვათ, რომ საწყისი ფასი ბაზარზე $260 დოლარია. ამ შემთხვევაში მოთხოვნის
რაოდენობა (3 მილიონი ველოსიპედი) ნაკლებია მიწოდების რაოდენობაზე (15 მილიონი
ველოსიპედი). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ბაზარზე 12 მილიონის სიდიდის სიჭარბეა.
სიჭარბე, ანუ ჭარბი მიწოდება არის სიტუაცია, როდესაც მიწოდების რაოდენობა აჭარბებს
მოთხოვნის რაოდენობას. სიჭარბის შემთხვევაში მყიდველს, რომელსაც სურს ველოსიპედის
შეძენა უამრავი გამყიდველი სთავაზობს ველოსიპედს. მეორეს მხრივ ფირმები ერთმანეთთან
კონკურენციაში არიან და ყოველი მათგანი ცდილობს კლიენტს თავად მიჰყიდოს

22
ველოსიპედი. ამგვარად ფასი შემცირებას დაიწყებს: ზოგიერთი ფირმა თანახმა იქნება, რომ
ველოსიპედი $260 დოლარზე ნაკლებ ფასად გაყიდოს და კლიენტი ხელიდან არ გაუშვას.
ამგვარად, $260 დოლარის ტოლი ფასი ბაზარზე ვერ შენარჩუნდება. ყურადღება მიაქციეთ,
რომ ფასის შემცირებასთან ერთად მოთხოვნის რაოდენობა იზრდება და მიწოდების
რაოდენობა მცირდება, შედეგად კი სიჭარბე მცირდება. $260 დოლარზე მაღალი ყოველი ფასის
შემთხვევაში ზუსტად მსგავსი რამ მოხდება: ბაზარზე იქნება სიჭარბე და ფასი შემცირებას
გააგრძელებს. სიჭარბე აღარ იარსებებს როდესაც ფასი $200 დოლარს გაუტოლდება.

ამგვარად ჩვენ ვაჩვენეთ, რომ $200 დოლარზე დაბალი ნებისმიერი ფასის შემთხვევაში
ბაზარზე ველოსიპედების დეფიციტია და ფასი ზრდას იწყებს; ხოლო $200 დოლარზე მაღალი
ნებისმიერი ფასის შემთხვევაში ბაზარზე სიჭარბეა და ფასი შემცირებას იწყებს. რა ხდება,
როდესაც საბაზრო ფასი $200 დოლარის ტოლია? ამ შემთხვევაში მიწოდების რაოდენობა
მოთხოვნის რაოდენობის ტოლია. ასეთ სიტუაციაში ბაზარზე არც დეფიციტი გვაქვს და არც
სიჭარბე; შესაბამისად ფასის ცვლილების მიზეზიც არ არსებობს. ჩვენი მაგალითის მიხედვით
$200 დოლარის ტოლ ფასს წონასწორული ფასი ეწოდება, რადგან ამ ფასის პირობებში
მიწოდების რაოდენობა მოთხოვნის რაოდენობის ტოლია და ფასი უცვლელად ნარჩუნდება.
ამ ფასის გარდა არ არსებობს სხვა ფასი, რომლის პირობებშიც მიწოდების რაოდენობა
მოთხოვნის რაოდენობის ტოლი იქნებოდა. 3 ცხრილში თუ სხვა ფასებს დააკვირდებით
დაინახავთ, რომ ყოველი მათგანის შემთხვევაში ბაზარზე ან დეფიციტი და ან სიჭარბეა,
შესაბამისად არსებობს ფასის კლების ან ზრდის ტენდენცია.

წონასწორული ფასის პირობებში მყიდველთა მიერ ნაყიდი და გამყიდველთა მიერ გაყიდული


ველოსიპედების რაოდენობა 9 მილიონის ტოლია. 9 მილიონი ველოსიპედი ამ შემთხვევაში
არის წონასწორული რაოდენობა. როდესაც საბაზრო ფასი წონასწორული ფასის ტოლია და
ამასთან მყიდველთა მიერ ნაყიდი საქონლის რაოდენობა და გამყიდველთა მიერ გაყიდული
საქონლის რაოდენობა წონასწორული რაოდენობის ტოლია, ადგილი აქვს საბაზრო
წონასწორობას.

ჩვენს მიერ განხილული მაგალითიდან ჩანს, რომ საბაზრო ფასი მომხმარებლებისა და


ფირმების ქცევის კოორდინაციას ახდენს. როდესაც ბაზარზე დეფიციტია ფასის ზრდას
შედეგად მოთხოვნის რაოდენობის შემცირება და მიწოდების რაოდენობის ზრდა მოჰყვება,
საბოლოოდ კი დეფიციტი აღმოიფხვრება. ანალოგიურად, როდესაც ბაზარზე სიჭარბეა ფასის
შემცირებას შედეგად მოთხოვნის რაოდენობის ზრდა და მიწოდების რაოდენობის შემცირება
მოჰყვება, საბოლოოდ კი სიჭარბე აღმოიფხვრება. ამგვარად, ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების
ძალების ურთიერთქმედების შედეგად დეფიციტიც და სიჭარბეც თავისთავად აღმოიფხვრება.

შედეგები
მოთხოვნისა და მიწოდების დამოკიდებულებების გაერთიანებით ჩვენ უკვე გვაქვს მოთხოვნა-
მიწოდების სრული მოდელი. მოდელის გამოყენება შესაძლებელია არამხოლოდ
ველოსიპედების ბაზრის, არამედ მრავალი სხვა ბაზრის შემთხვევაში. მოთხოვნა-მიწოდების
მოდელის გამოყენებით ვაკეთებთ დასკვნას, რომ ბაზარზე მიღწეული წონასწორული ფასი
იქნება ისეთი ფასი, რომლის პირობებშიც მიწოდების რაოდენობა გაუტოლდება მოთხოვნის
რაოდენობას. მოდელი პასუხს გვაძლევს შეკითხვაზე იმის შესახებ, თუ რა ფაქტორები

23
განსაზღვრავს საქონლის ფასს ბაზარზე. მოთხოვნა-მიწოდების მოდელის დახმარებით ასევე
ვგებულობთ, რომ ბაზარზე წონასწორული რაოდენობა არის საქონლის ის რაოდენობა,
რომელისთვისაც მიწოდების რაოდენობა და მოთხოვნის რაოდენობა ერთმანეთის
(წონასწორული რაოდენობის) ტოლია.

წონასწორობის პოვნა მოთხოვნა-მიწოდების დიაგრამის გამოყენებით


წონასწორული ფასისა და რაოდენობის პოვნა შესაძლებელია გრაფიკის გამოყენებითაც. 8
ნახაზზე გაერთიანებულია 1 ნახაზზე მოცემული მოთხოვნის მრუდი და 4 ნახაზზე მოცემული
მიწოდების მრუდი. ყურადღება მიაქციეთ, რომ მოთხოვნის დაღმავალი მრუდი მიწოდების
აღმავალ მრუდს ერთადერთ წერტილში ჰკვეთს. გადაკვეთის წერტილში მიწოდების
რაოდენობა მოთხოვნის რაოდენობის ტოლია. წინასწორული ფასი არის მიწოდებისა და
მოთხოვნის მრუდების გადაკვეთის წერტილის შესაბამისი ფასი. 8 ნახაზზე ნაჩვენებია, რომ
წონასწორული ფასი $200 დოლარის ტოლია. ამ ფასის პირობებში მიწოდების რაოდენობა და
მოთხოვნის რაოდენობა, ორივე 9 მილიონის ტოლია. 9 მილიონი ამ შემთხვევაში არის
წონასწორული რაოდენობა.

თუკი ფასი წონასწორულზე ნაკლები, ვთქვათ $160 დოლარი იქნებოდა, მოთხოვნის


რაოდენობა გადააჭარბებდა მიწოდების რაოდენობას. ამ შემთხვევაში ბაზარზეე დეფიციტი
გვექნებოდა, რაც ფასებს ზრდისკენ უბიძგებდა ისე, როგორც ეს ნაჩვენებია ნახაზზე. 2007 წელს
ბენზინზე ფასების ზრდის შედეგად ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა.
ბაზარზე ჰიბრიდული ავტომობილების დეფიციტის გამო ავტომობილების გამყიდველებმა
ჰიბრიდული ავტომობილის ფასები გაზარდეს.

მეორეს მხრივ, თუკი ფასი წონასწორულზე მაღალი, ვთქვათ $260 დოლარი იქნებოდა,
მიწოდების რაოდენობა გადააჭარბებდა მოთხოვნის რაოდენობას. ამ შემთხვევაში კი ბაზარზე
სიჭარბე იქნებოდა, რაც ფასებს შემცირებისკენ უბიძგებდა. 2001 წლის 11 სექტემბრის
ტერორისტული აქტის შემდეგ ბევრმა დამსვენებელმა უარი თქვა თვითმფრინავით
მოგზაურობაზე. შედეგად კარიბის ზღვის კუნძულებზე არსებულ სასტუმროებზე მოთხოვნა
შემცირდა, სასტუმროებმა კი ამ სიტუაციაში ფასდაკლებების აქციები შესთავაზეს კლიენტებს.

ამგვარად, საბაზრო ფასი თავისთავად მიისწრაფვის წონასწორული ფასისაკენ, რომელიც


მოთხოვნისა და მიწოდების მრუდების გადაკვეთის წერტილის შესაბამისი ფასია. 8 ნახაზზე
წონასწორული ფასის პოვნა ჩვენ შეგვიძლია ვეტიკალურ ღერზძე მრუდების გადაკვეთის
წერტილის შესაბამისი ფასის მოძებნით, ხოლო წონასწორული რაოდენობის პოვნა შეგვიძლია
ჰორიზონტალურ ღერძზე მრუდების გადაკვეთის წერტილის შესაბამისი რაოდენობის
პოვნით.

24
ნახაზი 8. წონასწორული ფასი და რაოდენობა

წონასწორული ფასი არის მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდების გადაკვეთის წერტილის


შესაბამისი ფასი. ამ წერტილში მიწოდების რაოდენობა მოთხოვნის რაოდენობის ტოლია.
მაშასადამე ამავე წერტილის შესაბამისი საქონლის რაოდენობა წონასწორული რაოდენობაა.
წონასწორულ ფასზე მაღალი ფასის შემთხვევაში მიწოდების რაოდენობა გადააჭარბებდა
მოთხოვნის რაოდენობაზე და ბაზარზე სიჭარბე იქნებოდა. წონასწორულ ფასზე დაბალი
ფასის შემთხვევაში კი მოთხოვნის რაოდენობა გადააჭარბებდა მიწოდების რაოდენობას და
ბაზარზე დეფიციტი იქნებოდა.

25
მიწოდებისა და მოთხოვნის ცვლილებების შედეგები
ახლა, როცა უკვე იცით თუ როგორ იპოვოთ წონასწორული ფასი და რაოდენობა, ჩვენ
შეგვიძლია გავაანალიზოთ სხვადასხვა ფაქტორის ცვლილების შედეგად მიწოდების და/ან
მოთხოვნის ცვლილებების შედეგები. პირველ რიგში განვიხილოთ მოთხოვნის ცვლილებები,
ხოლო შემდეგ ვისაუბროთ მიწოდების ცვლილებებზე.

მოთხოვნის ცვლილების შედეგები


9 ნახაზზე ნაჩვენებია ველოსიპედებზე მოთხოვნის ცვლილება. დავუშვათ, რომ ველოსიპედი,
როგორც „ჯანმრთელი“ ტრანსპორტი პოპულარული გახდა ადამიანებს შორის, რის გამოც
ველოსიპედებზე მოთხოვნა გაიზარდა. შედეგად მოთხოვნის მრუდი გადაადგილდება
მარჯვნივ ისე, როგორც ეს ნაჩვენებია 9 (a) ნახაზზე.

რადგან წონასწორული ფასი განისაზღვრება მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდების


გადაკვეთის წერტილით, მოთხოვნის მრუდის გადაადგილებას შედეგად წონასწორული ფასის
ცვლილებაც უნდა მოჰყვეს. მიწოდების მრუდისა და ახალი მოთხოვნის მრუდის გადაკვეთის
წერტილი გვიჩვენებს ახალ წონასწორულ ფასს. 9 (a) ნახაზზე ახალი წონასწორული ფასი არა
$200 დოლარი, არამედ $220 დოლარია. მაშასადამე მოთხოვნა-მიწოდების მოდელი გვეუბნება,
რომ თუკი მოთხოვნა გაიზრდება, შედეგად გაიზრდება წონასწორული ფასიც. ყურადღება
მიაქციეთ, რომ მოთხოვნის ცვლილების შედეგად იცვლება წონასწორული რაოდენობაც. ამ
შემთხვევაში წონასწორული რაოდენობა გაიზარდა 9-დან 11 მილიონამდე. მაშასადამე
მოთხოვნა-მიწოდების მოდელი გვეუბნება, რომ მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში მოხდება
წონასწორული რაოდენობისა და ფასის ზრდა.

ანალოგიურად შეგვიძლია განვიხილოთ თუ რა ხდება მაშინ, როდესაც მოთხოვნა მცირდება.


ეს შემთხვევა ილუსტრირებულია 9 (b) ნახაზზე. დავუშვათ, რომ ველობილიკების აღების გამო
ველოსიპედებზე მოთხოვნა შემცირდა და მოთხოვნის მრუდი მარცხნივ გადაადგილდა.
ახალი მოთხოვნის მრუდისა და მიწოდების მრუდის გადაკვეთის წერტილში წონასწორული
ფასიც და რაოდენობაც შემცირებულია. ამგვარად, მოთხოვნა-მიწოდების მოდელი გვიჩვენებს,
რომ მოთხოვნის შემცირების შედეგად წონასწორული ფასიც და რაოდენობაც მცირდება.

ყურადღება მიაქციეთ, რომ მოთხოვნის მრუდის გადაადგილებისას ვმოძრაობთ მიწოდების


მრუდის გასწვრივ. დასაწყისში მოთხოვნის მრუდი გადაადგილდება მარჯვნივ ან მარცხნივ.
ამის შემდეგ მოძრაობა ხდება მიწოდების მრუდის გასწვრივ, რადგან ფასის ცვლილების
შედეგად ფირმებს მიწოდების რაოდენობის შესაბამისად შეცვლის სტიმული უჩნდებათ.

26
ნახაზი 9. მოთხოვნის
ცვლილებები

მოთხოვნის ზრდა
გრაფიკულად მოთხოვნის
მრუდის მარჯვნივ
გადაადგილებაში აისახება
(a გრაფიკი). ამ
შემთხვევაში
წონასწორული ფასიც და
რაოდენობაც, ორივე
იზრდება. მოთხოვნის
შემცირება გრაფიკულად
მოთხოვნის მრუდის
მარცხნივ
გადაადგილებაში აისახება
(b გრაფიკი). ამ
შემთხვევაში
წინასწორული ფასიც და
რაოდენობაც, ორივე
მცირდება.

27
ნახაზი 10. მიწოდების
ცვლილებები

მიწოდების ზრდა
გრაფიკულად
მიწოდების მრუდის
მარჯვნივ
გადაადგილებაში
აისახება (a ნახაზი). ამ
შემთხვევაში
წონასწორული ფასი
მცირდება, ხოლო
წონასწორული
რაოდენობა იზრდება.
მიწოდების შემცირებას
გრაფიკულად
მიწოდების მრუდის
მარცხნივ
გადაადგილება
შეესაბამება (b ნახაზი).
ამ შემთხვევაში
წონასწორული ფასი
იზრდება, ხოლო
წონასწორული
რაოდენობა მცირდება.

28
მიწოდების ცვლილების შედეგები
10 ნახაზზე ნაჩვენებია თუ რა ხდება მაშინ, როდესაც მიწოდების მრუდი გადაადგილდება.
დავუშვათ ახალი ტექნოლოგიის გამოგონების შედეგად ველოსიპედის წარმოების
დანახარჯები მცირდება. ასეთ შემთხვევაში მიწოდების მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება. 10
(a) ნახაზზე ნაჩვენებია, რომ მიწოდების მრუდის აღნიშნული გადაადგილების შედეგად
ვღებულობთ ახალ წონასწორულ ფასსა და რაოდენობას. ახალი წონასწორული ფასი ძველთან
შედარებით შემცირებულია, ხოლო ახალი წონასწორული რაოდენობა - გაზრდილი. ამგვარად,
მოთხოვნა-მიწოდების მოდელი გვეუბნება, რომ მიწოდების ზრდას წონასწორული ფასის
შემცირება და წონასწორული რაოდენობის ზრდა მოჰყვება შედეგად.

დავუშვათ ველოსიპედის წარმოების დანახარჯები იზრდება, რის შედეგადაც მიწოდების


მრუდი მარცხნივ გადაადგილდება. 10 (b) ნახაზზე ნაჩვენებია, რომ მიწოდების მრუდის
მარცხნივ გადაადგილების შედეგად წონასწორული ფასი იზრდება, ხოლო წონასწორული
რაოდენობა მცირდება. ამგვარად, მოთხოვნა-მიწოდების მოდელი გვეუბნება, რომ
ველოსიპედების მიწოდების შემცირებას შედეგად ველოსიპედის ფასის ზრდა და გაყიდული
ველოსიპედების რაოდენობის შემცირება მოჰყვება. 4 ცხრილში შეჯამებულია მოთხოვნისა და
მიწოდების ცვლილებების შედეგები.

ცხრილი 4. მოთხოვნისა და მიწოდების მრუდების გადაადგილების შედეგები

წონასწორულ ფასზე წონასწორულ რაოდენობაზე


გავლენა გავლენა
მოთხოვნის ზრდა წონასწორული ფასი წონასწორული რაოდენობა
იზრდება იზრდება
მოთხოვნის შემცირება წონასწორული ფასი წონასწორული რაოდენობა
მცირდება მცირდება
მიწოდების ზრდა წონასწორული ფასი წონასწორული რაოდენობა
მცირდება იზრდება
მიწოდების შემცირება წონასწორული ფასი წონასწორული რაოდენობა
იზრდება მცირდება
ორივე მრუდის ერთდროული გადაადგილება
მოთხოვნა-მიწოდების მოდელის გამოყენება ძალიან ადვილია როდესაც აანალიზებთ ერთი
ფაქტორის ცვლილების შედეგებს, რომელსაც გავლენა ჰქონდა მხოლოდ მოთხოვნაზე ან
მიწოდებაზე. თუმცა როდესაც მოთხოვნისა და მიწოდების ერთდროული ცვლილებების
გაანალიზება გვინდა, ამოცანა საკმაოდ რთულდება. რეალობაში შესაძლებელია, რომ
მოთხოვნაც და მიწოდებაც ერთდროულად შეიცვალოს. ასეთ შემთხვევებში იმის დასადგენად
თუ რა ემართება წონასწორულ ფასსა და რაოდენობას, საჭიროა ვიცოდეთ მოთხოვნის
ცვლილება უფო დიდია თუ მიწოდების ცვლილება. მოთხოვნისა და მიწოდების
ერთდროული ცვლილებების ანალიზი პრაქტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია.

29
შეჯამება
• მოთხოვნა-მიწოდების მოდელის დახმარებით შეგვიძლია გავაანალიზოთ ბაზარზე
წონასწორული ფასისა და რაოდენობის ცვლილებები.
• საბაზრო ფასი იცვლება მანამ, სანამ მიწოდების რაოდენობა არ გაუტოლდება
მოთხოვნის რაოდენობას. საბოლოოდ ბაზარზე მიიღწევა წონასწორული ფასი და
რაოდენობა.
• მოთხოვნის მრუდის მარჯვნივ გადაადგილების შედეგად იზრდება წონასწორული
ფასიც და რაოდენობაც. მოთხოვნის მრუდის მარცხნივ გადაადგილების შედეგად კი
პირიქით, მცირდება წონასწორული ფასიც და რაოდენობაც.
• მიწოდების მრუდის მარჯვნივ გადაადგილების შედეგად მცირდება წონასწორული
ფასი და იზრდება წონასწორული რაოდენობა. მიწოდების მრუდის მარცხნივ
გადაადგილების შედეგად კი პირიქით, იზრდება წონასწორული ფასი და მცირდება
წონასწორული რაოდენობა.

შეჯამება
ამ თავში ჩვენ ვაჩვენეთ, თუ როგორ შეგვიძლია მოთხოვნა-მიწოდების მოდელის დახმარებით
წონასწორული ფასისა და რაოდენობის პოვნა ისეთ ბაზარზე, სადაც მყიდველები და
გამყიდველები თავისუფლად დებენ ეკონომიკურ გარიგებებს ერთმანეთთან. მოთხოვნა-
მიწოდების მოდელი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი მოდელია ეკონომიკაში. ეს
მოდელი რამდენიმე ასეული წლის წინ შეიქმნა და დრემდე პრაქტიკულად უცვლელი სახით
ვიყენებთ. ეკონომიკის ღრმად შესწავლასთან ერთად უფრო და უფრო მეტად დააფასებთ ამ
მოდელს.

მოდელის მთავარი მახასიათებელია ის, რომ წონასწორული ფასი და რაოდენობა


განისაზღვრება მოთხოვნისა და მიწოდების მრუდების გადაკვეთის წერტილით. მოდელის
დახმარებით ჩვენ შეგვიძლია გავაანალიზოთ მოთხოვნისა და მიწოდების ცვლილებების
შედეგები.

შემდეგ თავებში ჩვენ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ ამ მოდელის შესახებ და გავიგებთ თუ


როგორ დავთვალოთ მრუდების გადაადგილების შედეგად წონასწორული ფასისა და
რაოდენობის ზუსტი ცვლილებები. ჩვენ ასევე განვიხილავთ იძლევა თუ არა თავისუფალი
ბაზარი საუკეთესო შედეგებს საზოგადოებისათვის; თუ არა, მაშინ რა გზები არსებობს
შედეგების გასაუმჯობესებლად. ჩვენ ვისაუბრებთ ფასების ზღვრებისა და მინიმალური
ხელფასების დაწესების შედეგებზეც.

30
საკვანძო საკითხები
1. მოთხოვნის კანონი ასახავს საქონლის ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას შორის
უარყოფით დამოკიდებულებას. მისი გამოსახვა გრაფიკულად შეგვიძლია დაღმავალი
მოთხოვნის მრუდის სახით.
2. ფასის ცვლილების შედეგად მოთხოვნის რაოდენობის ცვლილება გრაფიკულად
მოთხოვნის მრუდის გასწვრივ მოძრაობაში აისახება.
3. როდესაც ფასის გარდა რომელიმე ისეთი ფაქტორი იცვლება, რაც გავლენას ახდენს
მოთხოვნაზე, მოთხოვნის მრუდი გადაადგილდება.
4. მიწოდების კანონი ასახავს საქონლის ფასსა და მიწოდების რაოდენობას შორის
დადებით დამოკიდებულებას. მისი გამოსახვა გრაფიკულად შეგვიძლია აღმავალი
მიწოდების მრუდის სახით.
5. ფასის ცვლილების შედეგად მიწოდების რაოდენობის ცვლილება გრაფიკულად
მიწოდების მრუდის გასწვრივ მოძრაობაში აისახება.
6. როდესაც ფასის გარდა სხვა რომელიმე ისეთი ფაქტორი იცვლება, რომლის ცვლილებაც
გავლენას ახდენს მიწოდებაზე, მიწოდების მრუდი გადაადგილდება.
7. წონასწორული ფასი და რაოდენობა განისაზღვრება მიწოდებისა და მოთხოვნის
მრუდების გადაკვეთის წერტილით. ამ წერტილში მიწოდების რაოდენობა მოთხოვნის
რაოდენობის ტოლია და ბაზარზე არც დეფიციტი და არც სიჭარბე არ გვაქვს.
8. ფასების მექანიზმს ეკონომიკა მიჰყავს წონასწორობამდე. დეფიციტის შემთხვევაში
ფასები იზრდება, ხოლო სიჭარბის შემთხვევაში - მცირდება. შედეგად კი დეფიციტიც
და სიჭარბეც აღმოიფხვრება.
9. მოთხოვნა-მიწოდების მოდელი გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა ფაქტორების
ცვლილების შედეგები გავაანალიზოთ. გამომდინარე იქედან, ამა თუ იმ ფაქტორის
ცვლილება მოთხოვნას ცვლის თუ მიწოდებას, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რა
მიმართულებით შეიცვლება წონასწორული ფასი და რაოდენობა.
10. როდესაც მოთხოვნის მრუდი გადაადგილდება მარჯვნივ, წონასწორული ფასიც და
რაოდენობაც იზრდება. ხოლო როდესაც მოთხოვნის მრუდი გადაადგილდება
მარცხნივ, წონასწორული ფასიც და რაოდენობაც მცირდება.
11. როდესაც მიწოდების მრუდი გადაადგილდება მარჯვნივ, წონასწორული ფასი
მცირდება, რაოდენობა კი იზრდება. ხოლო როდესაც მიწოდების მრუდი
გადაადგილდება მარცხნივ, წონასწორული ფასი იზრდება და რაოდენობა მცირდება.

31

You might also like