You are on page 1of 4

ვენულები

ვენულები არის პოსტკაპილარული, შემკრები და კუნთოვანი.


პოსტკაპილარები (პოსტკაპილარული ვენულები) – სისხლძარღვები დიამეტრით 12–30მკმ, წარმოქმნილი
რამდენიმე კაპილარის შერწყმის შედეგად. აქვთ ისეთივე აგებულება, როგორც კაპილარებს. ენდოთელური უჯრედები
შეიძლება იყოს ფენესტრირებული. პერიციტები გვხვდება დიდი რაოდენობით, ვიდრე კაპილარებში, კუნთოვანი
უჯრედები არ არის. კაპილარებთან ერთად პოსტკაპილარები ყველაზე გამტარი უბნებია სისხლძარღვთა ქსელში,
რომლებიც რეაგირებენ ისეთ ნივთიერებებზე, როგორიცაა ჰისტამინი, სეროტონინი, პროსტაგლანდინი და
ბრადიკინინი, რომლებიც იწვევენ ენდოთელიოციტების უჯრედშორისი შეერთების დარღვევას.
შემკრები ვენულები დიამტრით 30–50მკმ წარმოიქმნება პოსტკაპილარული ვენულების შეერთებით. როცა
ისინი აღწევენ დიამეტრს 50მკმ, მათ კედელში ჩნდება გლუვკუნთოვანი უჯრედები. ასევე გამოხატულია ორი გარსი:
შიგნითა (ენდოთელური და სუბენდოთელური შრე) და გარეთა – ფაშარი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილი.
კუნთოვანი ვენულები (დიამეტრი 100მკმ–მდე) ხასიათდებიან კარგად განვითარებული შუა გარსით, რომელშიც
ერთ რიგად განლაგებულია გლუვი კუნთოვანი უჯრედები. უკანასკნელები გამოირჩევიან კუმშვადი ელემენტების
სუსტი განვითარებით და მკაცრი ორიენტაციის არ არსებობით. ისინი ქმნიან ერთ შრეს.

ვენები
კაპილარებიდან სისხლი იკრიბება ვენებში, რომელთა მეშვეობით ეს უკანასკნელი გულში ბრუნდება. ვენების
დიამეტრი გულის მიმართულებით თანდათან იზრდება, ხოლო კედელი სქელდება. თანამოსახელე არტერიებთან
შედარებით ვენების კედელი უფრო თხელი და ნაკლებად ელასტიურია. ზომების მიხედვით მცირე, საშუალო და დიდი
კალიბრის ვენებს არჩევენ. თუმცა ეს დაყოფა პირობით ხასიათს ატარებს. ვენის კედლის სისქე მის დიამეტრს
ყოველთვის არ შეესაბამება. ერთი ვენის ფარგლებშიც კი მისი დიამეტრი სხვადასხვა უბანში საკმაოდ ცვალებადობს.
ვენების კედლის შემადგენლობაში სამი გარსი – შიგნითა, შუა და გარეთა განირჩევა. გარსებს შორის საზღვარი
ყოველთვის კარგად გამოხატული არ არის. ამავე დროს, მათში კუნთოვანი და ელასტიური ელემენტების რაოდენობა,
არტერიებთან შედარებით, ბევრად უფრო ნაკლებია, ხოლო შემაერთებელი ქსოვილის – ბევრად უფრო მეტი.
ვენები კედლის აგებულების ზოგადი საქემის მიხედვით გვანან არტერიებს. წნევა ვენებში დაბალია, სისხლი
მოძრაობს ნელა, ამიტომ მათთვის დამახასიათებელია დიდი სანათური, თხელი კედელი ელასტიური ელემენტების
სუსტი განვითარებით. მათში არის სისხლის 70%.
ვენის კედლის აგებულების თავისებურებები: 1) შინაგანი ელასტიური მემბრანის სუსტი განვითარება, რომელიც
ხშირად იშლება ბოჭკოების ქსელად; 2) წრიული კუნთოვანი შრის სუსტი განვითარება; გლუვი კუნთოვანი უჯრედების
ხშირად სიგრძივი განლაგება; 3) შესაბამის არტერიასთან შედარებით ნაკლები სისქე, კოლაგენური ბოჭკოების უფრო
მაღალი შემცველობა. 4) ცალკეული გარსების არამკაფიო გამოყოფა; 5) ადვენტიციის უფრო ძლიერი განვითარება და
უფრო სუსტად განვითარებული ინთიმა და შუა გარსი (არტერიასთან შედარებით). 6) აგებულების მნიშვნელოვანი
ვარეაბელობა სხვადასხვა სისხლძარღვში და ერთი ვენის ცალკეულ უბნებშიც კი; 7) სარქველების არსებობა.
ვენების კედლის აგებულება, ისე როგორც არტერიების, დამოკიდებულია ჰემოდინამიკურ პირობებზე. თუ
არტერიულ ქსელში ჰემოდინამიკური პირობებს განსაზღვრავდა ძირითადად სისხლის ნაკადის სიჩქარე და
სისხლძარღვების დიამეტრი, ვენისთვის ეს პირობები გარდა აღნიშნულისა, დამოკიდებულია მათ განლაგებაზე
სხეულის ზედა და ქვედა ნაწილში, ამიტომ ამ 2 ზონის ვენის კედლის აგებულება განსხვავებულია.
განსხვავებენ ღრმა და ზედაპირულ ვენებს, ამასთან ღრმა ვენები ორმაგი რაოდენობით გასდევს არტერიებს.
ვენები ფართოდ ანასტომოზირებენ, წარმოქმნიან რა ორგანოებში წნულებს. დაბალი სისხლის წნევა და უმნიშვნელო
სიჩქარე (ორგანოთა ვენებში დაახ. 10მმ/წმ) განაპირობებს ვენებში ელასტიური ელემენტების სუსტ განვითარებას და
მათ დიდ დაჭიმულობას. ვენის კედელში გლუვი კუნთოვანი უჯრედების რაოდენობა განსხვავებულია და
დამოკიდებულია იმაზე, მოძრაობს თუ არა მათში სისხლი გულისკენ სიმძიმის ძალის ზემოქმედების ქვეშ ან მის
წინააღმდეგ. ქვედა კიდურების ვენებში სისხლის მიერ სიმძიმის ძალის დაძლევის აუცილებლობის გამო ძლიერაა
განვითარებული გლუვი კუნთოვანი ელემენტები, ზედა კიდურების, თავის და კისრის ვენებისგან განსხვავებით. ბევრ
ვენაში (კანისქვეშა და სხვა) არის სარქველები, რომლებიც შიგა გარსის წარმოებულია.
ვენები კედელში კუნთოვანი ელემენტების განვითარების მიხედვით იყოფა 2 ჯგუფად: ბოჭკოვანი
(არაკუნთოვანი) და კუნთოვანი ტიპის. კუნთოვანი ტიპის ვენები კუნთოვანი ელემენტების განვითარების ხარისხის
მიხედვით არის სუსტი, საშუალო და ძლიერი.

1
კუნთოვანი ტიპის ვენა
კუნთოვანი ტიპის ვენები ხასიათდებიან გარსში გლუვი კუნთოვანი უჯრედების არსებობით, რომელთა
რაოდენობა და განლაგება ვენის კედელში განპირობებულია ჰემოდინამიკური ფაქტორებით. განასხვავებენ ვენებს
სუსტად, საშუალოდ და ძლიერ განვითარებული კუნთოვანი ელემენტებით.
1. ვენები სუსტად განვითარებული კუნთოვანი ელემენტებით.
მათ მიეკუთვნება სხეულის ზედა ნაწილში მცირე, საშუალო (1–2 მმ) და დიდი ზომის ვენები. მცირე და
საშუალო კალიბრის ვენები სუსტად განვითარებული კუნთოვანი გარსით ხშირად განლაგებულია ორგანოს შიგნითაც.
მცირე და საშუალო კალიბრის ვენებში სუბენდოთელური შრე შედარებით სუსტადაა განვითარებული. მათ კუნთოვან
გარსში მცირე რაოდენობითაა გლუვი მიოციტები, რომლებიც ქმნიან ერთმანეთისგან დაცილებულ ცალკეულ გროვებს.
ასეთ გროვებს შორის არსებული ვენების უბნები ხასიათდებიან მკვეთრი გაფართოების უნარით და ასრულებენ
დეპონირების ფუნქციას. ადვენტიციაში არის ცალკეული სიგრძივად განლაგებული გლუვიკუნთოვანი უჯრედები.
დიდი კალიბრის ვენების მაგალითად სუსტად განვითარებული კუნთოვანი ელემენტებით შეიძლება
განვიხილოთ ზედა ღრუ ვენა. შიგნითა გარსში გამოყოფენ ენდოთელურ და სუბენდოთელურ შრეებს. შუა გარსი
წარმოდგენილია მოცულობით უმნიშვნელო კუნთოვანი ელემენტებით, განლაგებული რამდენიმე შრედ, ზოგჯერ კი
განლაგებული ჯგუფებად, და ელასტიური ბოჭკოებით. გარეთა გარსი წარმოქმნილია ფაშარი ბოჭკოვანი
შემაერთებელი ქსოვილით და ერთეული გლუვი მიოციტებით.
ამ სისხლძარღვებში სისხლი მიედინება პასიურად თავისი სიმძიმის გამო.
2. ვენები საშუალოდ განვითარებული კუნთოვანი ელემენტებით
მაგალითად შეიძლება განვიხილოთ მხრის ვენა. შიგნითა გარსი შედგება ენდოთელური და სუბენდოთელური
შრეებისგან და ქმნის სარქველებს. სარქველები წარმოქმნილია ჯიბეების სახით ინთიმას ნაკეცებით, რომელთა
თავისუფალი კიდეები მიმართულია გულისკენ. ისინი შეიცავენ ელასტიურ ბოჭკოებს. სარქველების საფუძველში
გლუვი კუნთოვანი უჯრედებია. სარქველების ფუნქციებია: ა) ეწინააღმდეგება სისხლის უკუდინებას; ბ) ხელსუწყობს
სისხლის მოძრაობას კუნთების შეკუმშვის დროს.
სუბენდოთელური შრე შედგება შემაერთებელქსოვილოვანი ბოჭკოებისგან და სისხლძარღვის გასწვრივ
ორიენტირებული უჯრედებისგან. ვენაში შინაგანი ელასტიური მემბრანა არ არის გამოხატული. შიგნითა და შუა
გარსებს შორის საზღვარზე მოთავსებულია მხოლოდ ელასტიური ბოჭკოების ბადე. მხრის ვენის შიგნითა გარსის
ელასტიური ბოჭკოები, ისე როგორც არტერიებში, დაკავშირებულია შუა და გარეგანი გარსის ელასტიურ ბოჭკოებთან
და ქმნიან ერთიან მთლიან კარკასს. ის ჩვეულებრივ შედგება წრიულად განლაგებული გლუვი მიოციტების კონებისგან,
გამოყოფილი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილის ჩანაფენებით. ამ ვენაში გარეგანი ელასტიური მემბრანა არ არის,
ამიტომ შემაერთებელქსოვილოვანი ჩანაფენი შუა გარსის გადადის უშუალოდ ფაშარ ბოჭკოვან შემაერთებელქსოვილში
გარეგანი გარსის. გარეგანი გარსის კოლაგენური და ელასტიური ბოჭკოები მიმართულია უმეტესწილად სიგრძივად.
გარდა ამისა, გარეგან გარსში გვხვდება ცალკეული გლუვი კუნთოვანი უჯრედები და მათი მცირე კონები, რომლებიც
ასევე განლაგებულია სიგრძივად.
3. ვენები ძლიერ განვითარებული კუნთოვანი ელემენტებით.
მაგალითია სხეულის ქვედა ნაწილის ვენები: ქვედა ღრუ ვენა, თეძოს ვენა. ამ ვენებისთვის დამახასიათებელია
სამივე გარსში კუნთოვანი ელემენტების განვითარება. ქვედა ღრუ ვენაში შიგნითა და შუა გარსებში ერთად კუნთოვანი
უჯრედების მოცულობა 5–6–ჯერ მცირეა, ვიდრე გარეთა გარსში. გარეთა გარსში ეს კომპონენტი მაქსიმალურადაა
განვითარებული. გარეთა და შიგნითა გარსში გლუვი მიოციტები განლაგებულია სიგრძივად, შუაში კი სპირალურად.
სიგრძივად განლაგებული მიოციტების შეკუმშვა გარეთა გარსში განაპირობებს სისხლის არა მხოლოდ ზემოთ
მოძრაობას, არამედ იწვევს განივი ნაკეცების წარმოქმნას, რომლებიც ჩაანაცვლებენ სარქველებს, რომლებიც ამ ვენაში არ
არის. დანარჩენი გარსები ისეთივეა, როგორც სხვა ვენებში. თეძოს ვენაში ქვედა ღრუ ვენისგან განსხვავებით,
კუნთოვანი უჯრედების დიდი ნაწილი შუა გარსშია, შიგნითა გარსი აქ ქმნის სარქველებს. შიგნითა ელასტიური
მემბრანა არ არის, რის ნაცვლად განვითარებულია ელასტიური ბოჭკოების გროვები.

სარქველები
საშუალო და დიდი ვენების უმრავლესობა შეიცავს სარქველებს, რომლებიც სისხლის მხოლოდ ერთი (გულის)
მიმართულებით დინებას უზრუნველყოფს. სარქველი შიგნითა გარსის ნახევარმთავრის ფორმის ნაოჭია. გარედან
სარქველები ენდოთელიუმით არის დაფარული. ენდოთელიუმის ქვეშ შემაერთებელ ქსოვილში კოლაგენის თხელი შრე
და ელასტიური ბოჭკოების ბადეა. ეს ბოჭკოები ინთიმის სხვა უბნის ბოჭკოებს უერთდება. სარქველები ძალიან დიდი

2
რაოდენობით არის ქვემო კიდურების ვენებში. მცირე ან ძალიან დიდი ზომის ვენები სარქველებს არ შეიცავს. ვენებში
სარქველები ხელს უწყობენ ვენური სისხლის გულისკენ დინებას, ეწინააღმდეგებიან რა მის უკუმოძრაობას.

ბოჭკოვანი ანუ უკუნთო ტიპის ვენები


უკუნთო ტიპის ვენებია პლაცენტის, ტვინის რბილი გარსის, თვალის ბადურის, ფრჩხილის საწოლის, ელენთის
ტრაბეკულების, ღვიძლის ცენტრალური ვენები. მათში კუნთოვანი გარსის არ არსებობა
აიხსნება იმით, რომ სისხლი მოძრაობს სიმძიმის ძალის მოქმედებით და მისი მოძრაობა
არ რეგულირდება კუნთოვანი ელემენტებით. ამ ტიპის ვენების კედელი შედგება
შიგნითა გარსისგან ენდოთელური და სუბენდოთელური შრეებით და გარეგანი
გარსისგან, რომელიც ფაშარი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილისგანაა წარმოქმნილი.
შინაგანი და გარეგანი ელასტიური მემბრანები, ისე როგორც შუა გარსი არ არის.
უკუნთო ტიპის ვენებში სისხლი პასიურად მოძრაობს. ეს აიხსნება იმით, რომ
მჭიდროდ არიან შეზრდილი შესაბამისი ორგანოების მკვრივ ელემენტებთან და არ
იშლებიან.

ვენის კედლის აგებულება


I- შიგნითა გარსი – ინთიმა; 1-ენდოთელი; 2-ბაზალური მემბრანა; 3-სუბენდოთელური
შრე; II-შუა გარსი – მედია: 5-გლუვი კუნთები; 6-ელასტიური ბოჭკო; 7-კოლაგენური
ბოჭკო; III- გარეთა გარსი – ადვენტიცია: 9-ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილი; 10-
ძარღვთა ძარღვი.

ლიმფურ ძარღვთა სისტემა


სისხლძარღვთა სისტემასთან ერთად ადამიანის ორგანიზმში ენდოთელიუმით ამოფენილი თხელკედლიანი
მილაკების სისტემაა, რომელსაც სითხე ქსოვილთაშორისი სივრცეებიდან გამოაქვს და სისხლში აბრუნებს. ამ სითხეს
ლიმფა ეწოდბა. ლიმფურ ძარღვთა სისტემის მეშვეობით ლიმფა ყოველთვის ერთი, გულის მიმართულებით მოძრაობს.
ამ სისტემის ძირითადი ფუნქციებია: 1) სისხლის კაპილარებიდან გამოსული სითხისა და ცილების სისხლში
დაბრუნება. 2) ლიმფოციტების სისხლში დაბრუნება. 3) ლიმფურ ძარღვებში წარმოქმნილი ანტისხეულების სისხლში
გადატანა.
ლიმფურ ძარღვთა სისტემა ლიმფური კაპილარებისა და დიდი ლიმფური სადინარებისაგან შედგება. სისხლის
კაპილარებისგან განსხვავებით ლიმფური კაპილარები ცვალებადი ფორმითა დ დიამეტრით ხასიათდება. მათი
ენდოთელიუმი ძალიან თხელია. ენდოთელური უჯრედები ერთმანეთს გადაფარავს. მიუხედავად ამისა, უჯრედებს
შორის მნიშვნელოვანი ნაპრალები რჩება. ბაზალური მემბრანის არსებობა დამახასიათებელი არ არის. ენდოთელურ
უჯრედებს საყრდენს უქმნის ელასტიური ბოჭკოები, რომლებიც მათ ირგვლივ მდებარე შემაერთებელ ქსოვილთან
აკავშირებს. ლიმფური კაპილარები ქსოვილოვანი სითხიდან გარკვეული ცილებისა და ელექტროლიტების აბსორბციას
ახდენს. ისინი, თავის მხრივ, სისხლიდან მუდმივად იფილტრება. ლიმფური კაპილარების ენდოთელური უჯრედების
შეკუმშვა კაპილარის სანათურში დიდი რაოდენობით ქსოვილოვანი სითხის შესვლას განაპირობებს. ლიმფური
სადინარები ერთმანეთს უკავშირდება, თანდათანობით მსხვილდება და ბოლოს წარმოქმნის ორ დიდ ლიმფურ ძარღვს
– გულმკერდის სადინარს და მარჯვენა სადინარს, რომლებიც მარცხენა საერთო საუღლე ვენასა და ლავიწქვეშა ვენის
შეერთების ადგილს უერთდება. ლიმფური სადინარების გზებზე მდებარეობს ლიმფური კვანძები. დიდი ლიმფური
ძარღვები განიერი სანათურისა და თხელი კედლების არსებობით ხასიათდება. მათში ინთიმა, მედია და ადვენტიცია
განირჩევა, თუმცა გარსებს შორის საზღვარი თითქმის წაშლილია. ინთიმაში, ენდოთელიუმის ქვეშ, ელასტიური
ბოჭკოების თხელი შრეა. მედია გლუვკუნთოვანი უჯრედების მხოლოდ ერთ ან ორ შრეს შეიცავს. ადვენტიციაში დიდი
რაოდენობით კოლაგენური და ელასტიური ბოჭკოებია. მცირე და საშუალო ზომის ლიმფურ ძარღვებში სარქველების
არსებობაა დამახასიათებელი. მათ სანათურში ერთმანეთის პირისპირ ინთიმის ორი ნაოჭია. მათი ზედაპირები
დაფარულია ენდოთელიუმით, რომლის ქვეშ შემაერთებელი ქსოვილის თხელი ფენა მდებარეობს. სარქველები ლიმფის
ერთი მიმართულებით დინებას უზრუნველყოფს.

3
ლიმფურ ძარღვებში ლიმფის ცირკულაციას გარეშე დამხმარე ძალები უწყობს ხელს. (მაგ: ირგვლივ არსებული
ჩონჩხის კუნთოვანი ქსოვილის შეკუმშვა). რადგან ამ ძალების მოქმედება პერიოდულ ხასიათს ატარებს, ლიმფის ერთი
მიმართულებით დინებას, ძირითადად, მრავლობითი სარქველების არსებობა უზრუნველყოფს. დიდი ზომის ლიმფურ
ძარღვებში არსებული კუნთოვანი უჯრედების შეკუმშვა გულის მიმართულებით ლიმფის დინებას უზრუნველყოფს.
დიდი ზომის ლიმფური ძარღვების კედელს კუნთოვანი ტიპის ვენის კედლის მსგავსი შენება აქვს. მათი შუა გარსი
ცირკულარულად და სიგრძივად განლაგებული კუნთოვანი ბოჭკოებისაგან შედგება. მათ შორის სიგრძივი ბოჭკოები
ჭარბობს. ადვენტიცია შედარებით სუსტად არის განვითარებული. არტერიებისა და ვენების მსგავსად, მასში
სისხლძარღვები და ნერვებია მოთავსებული.

ლიმფური კაპილარი (შეღებილი ვერცხლის


ნიტრატით):
1–ენდოთელურ უჯრედებს შორის საზღვარი;
2– კაპილარის ჩაკეტილი ბოლო.

You might also like