You are on page 1of 3

,,პოეზია“ ანალიზი

ლექს „პოეზიაში” წარმოჩნდა, თუ რას ფიქრობდა პოეტი პოეზიის არსზე. პირველსავე


სტრიქონებში:

„გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი,

და თვალთა დათხრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დახვდები” –

ლექსის ლირიკული გმირი გამოხატავს პოეზიის გარეშე ცხოვრების უაზრობას.


მეტაფორულად წარმოაჩენს, რომ, თუ პოეტს გაუთავდა „სიტყვის მადანი”, ესე იგი, სიტყვის
საბადო, მისი ცხოვრებაც დამთავრებულია. პოეტი ყოველ დღეს ქებით უნდა შეეგებოს მზეს,
ე.ი. ხოტბა შეასხას ლექსით.

შოთა რუსთაველი რომ წერს:

„აწ ენა მინდა გამოთქმად გული და ხელოვანება,

ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს, მივსცე გონება”.

რუსთველის აზრით, პოეზიისთვის უმთავრესია ენა, ლექსიკის სიმდიდრე, გული და


ხელოვანება – გრძნობა და პოეტური ოსტატობა, ღვთის შემწეობა, ნიჭი, რათა პოეტმა შეძლოს
სასურველი საგნისკენ ფიქრის წარმართვა, მისი სიღრმისეული გამოხატვა. პოეზია ხომ
„სიბრძნის დარგია” – მრავალფეროვანი სამყაროს შესამეცნებელი.

„ვეფხისტყაოსნის” პროლოგის მიხედვით, ნამდვილმა პოეტმა არასოდეს უნდა „შეამციროს


ქართული”. პოეტი ლექსის წერისას გამოიცდება. თუ შემოკლდება სიტყვა, მაშინ ლექსის
შექმნა გაუჭირდება, მან არ უნდა გააღარიბოს პოეტური ენა, „არა ქმნას სიტყვა-მცირობა” და
დიდი შემართება, გმირობა გამოიჩინოს ამ საქმეში.

პოეტი თუ „დამარცხდა” სიტყვასთან ბრძოლაში, მაშინ, პაოლო იაშვილის თქმით, „მზეს


ქებით ვეღარ დახვდება”. პოეტისთვის ლექსი – გულის ნაწილი – მისი სისხლი და ხორცია. ის
მუდამ უნდა ძგერდეს გულივით –„უნაპიროდ, სამუდამოდ უნდა იყოს გაჩაღებული”.

ლექს „პოეზიაში” კი ვკითხულობთ, რომ ადამიანს ცხოვრებაში უამრავი გასაჭირი, ხიფათი,


შეიძლება გადახდეს, გადაულახავი დაბრკოლება შეხვდეს, ცხოვრებამ დაჩაგროს, გარიყოს და
ყაჩაღივით გახიზნოს .

„არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი,

მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად”.

თუმცა, პოეტის აზრით, არაფერი შეედრება იმ ტკივილს, რასაც შთაგონებით დასნეულება


ჰქვია. ასე რომ, პოეტურ ნიჭს ავტორი წარმოაჩენს, როგორც სენს, რომელიც სულს აავადებს.
რა თქმა, სნეულება გადატანითი მნიშვნელობითაა, რადგან ამ სენით შეპყრობილი ადამიანი
ვეღარ იცხოვრებს სხვებივით.

„ლექსის მწერლობა” ნიჭია, რომელიც ცეცხლივით ენთება პოეტის სხეულში. ასე


მეტაფორულად გამოხატავს პოეტი, თუ რა ძალა აქვს ნიჭს და როგორ ვლინდება იგი. პოეტი
სხვანაირად ხედავს და აღიქვამს ყოველივეს, ამიტომ ბევრი თვალი და ბევრი გული
სჭირდება. პოეტი უამრავ სტრიქონს წერს, რათა საბოლოოდ მიაგნოს იმ ერთს, რომელშიც
სრულყოფილად გამოხატავს სათქმელს. ამ წადილს ასეთი შედარებით გამოხატავს პოეტი:
„რამდენი სახე მე თვით უნდა გავაპარტახო, რომ ერთი ლექსი დამრჩეს წმინდა, როგორც
პეპელა”.

ვალერიან გაფრინდაშვილი კი ასე წარმოაჩენდა მსგავს სურვილს: „ისეთი ლექსი დავწერო


მინდა, რომ არ დამჭირდეს კვლავ ლექსის წერაო”.

აქ წარმოჩენილია, თუ როგორ იპყრობს პოეტის მთელ არსებას ლექსი. ისევ ტიციან ტაბიძე
გვახსენდება არაჩვეულებრივი ენერგიის სტრიქონებით:

„მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს,

ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს,

ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,

რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს”.

პაოლო იაშვილი ხატოვნად ამბობს, რომ პოეტი ლექსში მთელ თავის სულსა და გულს ატანს,
ამიტომაცაა, რომ თითო ლექსში ცხოვრების თითო წელი ექვითება:

„რამდენი ლექსი დაიწერა, იმდენი წელი

ჩამოეწერა ჩემს ცხოვრებას, ვით ადამიანს”.

მისი აზრით, როცა აღარ შეეძლება პოეტს ლექსის წერა, მისი სიცოცხლეც მაშინ დასრულდება.
ასე რომ, ლექსი სულია მისთვის:

„და თუ ეს ლექსი უნდა იყოს უკანასკნელი,

მაშინ ეს ძორი ყვავებისთვის გასატანია”.

იგი ოცნებობდა პოეზიის გზით თავისუფლების მოპოვებაზე, ამიტომაც წერდა:


„როგორც აფრის ტკაცუნი, მოვარდნილი ზღვიდან,

ისეთი ვაჟკაცური გაქროლება მინდა”.

პაოლოსთვის პოეზია მთავარი იარაღი იყო ცხოვრების უკუღმართობასთან საბრძოლველად.

პაოლო რაინდული ბუნების კაცი იყო და იდეალებს ვერ უღალატებდა, ამიტომაც, როცა
გამოსავალი ვეღარაფერში ნახა, 1937 წელს, პროტესტის ნიშნად მწერალთა სასახლეში მოიკლა
თავი. უფრო ადრე, 1922 წელს გაზ. „ბახტრიონში” წერდა: „ილია ჭავჭავაძემ დაამტკიცა, რომ
საქართველოში თვითმკვლელობა და მკვლელობა – ორივე ბუნებრივი ხვედრია
პოეტისათვის”. სამწუხაროდ, ასეთი ბუნებრივი ხვედრი ერგო მასაც, მაგრამ მთავარი ისაა,
რომ იგი ბოლომდე ღირსეულ პიროვნებად დარჩა. მისი თვითმკვლელობაც მისივე პოეზიის
ნაწილად იქცა, თითქოს სისხლით დაწერა სიცოცხლის ბოლო სტრიქონები. განა, თვითონვე
არ წერდა თბილისისადმი მიძღვნილ ერთ ლექსში:

„შენს ალაყაფთან მსურს დავალაგო ლექსები,

როგორც სისხლის წვეთებიო”.

მართლაც, თბილისის ალაყაფთან სისხლის წვეთები ლექსის სტრიქონებივით დაალაგა.

პოეტი უხვად იყენებს მხატვრულ ხერხებს ლექს ,,პოეზიაში“. დასაწყისში მეტაფორულად


წარმოაჩენს, რომ, თუ პოეტს გაუთავდა „სიტყვის მადანი”, ესე იგი, სიტყვის საბადო, მისი
ცხოვრებაც დამთავრებულია: ,,გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი“

„მზეს ქებით ვეღარ დახვდება”. ეს მეტაფორა იმას ნიშნავს, რომ პოეტის დანიშნულებაა
სიცოცხლის სილამაზის წარმოჩენა, მზის ქება, ამას დაბრმავება ურჩევნია.

სიტყვასთან ჭიდილს პაოლო იაშვილი ასეთი შთამბეჭდავი მხატვრული სახეებით:


შედარებითა და მეტაფორით, გადმოგვცემს:

„შემომახურებს სიკვდილივით სიტყვა კვიატი

და სისხლი, აზრი სული იქცნენ იმის მონებად,

გავიდა ღამე, მოასკდება კარს განთიადი

აღარ ხარ კაცი, აღარც ჩონჩხი, ხარ მოგონება”.

You might also like