You are on page 1of 3

ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

მუხლი 831. ომით ან სხვა დაუძლეველი ძალით გამოწვეული ზიანის დაზღვევა

მზღვეველი ომით ან სხვა დაუძლეველი ძალით გამოწვეული ზიანისათვის


მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს, თუ ეს გათვალისწინებულია სპეციალური
შეთანხმებით.

I. ნორმის მიზანი ................................................................................................................................................. 1


II. ნორმის შინაარსი ............................................................................................................................................ 1
III. კლასიკური მაგალითი ................................................................................................................................. 1
IV. დავის გადაწყვეტის კრიტერიუმები .......................................................................................................... 2

I. ნორმის მიზანი
831 ითვალისწინებს დაუძლეველი ძალით გამოწვეული ზიანის დაზღვევის 1
შესაძლებლობას. ასეთი მოწესრიგებით კანონმდებელი ფორს მაჟორის მიმართ
მოქმედი სამოქალაქო სამართლის ზოგადი წესის გამონაკლისს ადგენს და კერძო
სამართლის სუბიექტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ დაუძლეველი ძალით
მიყენებული ზიანის ანაზღაურება. დაუძლეველი ძალა სადაზღვევო შემთხვევის
კლასიკურ ფორმებში გამოიხატება. თუმცაღა, მიყენებული ზიანის სიმძიმის
ხარისხითა და მასშტაბით ის მნიშვნელოვნად ემიჯნება სხვა ტიპის რისკებს.
კატასტროფული რისკების რეალიზაციის ერთ-ერთი შთამბეჭდავი მაგალითია
ამერიკის შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული
ტერაქტი.

II. ნორმის შინაარსი


ნორმის მიხედვით, აუცილებელია, რომ მხარეებმა ხელშეკრულებაში 2
კონკრეტულად გაწერონ მზღვეველის ვალდებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში,
დაუძლეველი ძალით გამოწვეული ზიანი არ ანაზღაურდება. პრაქტიკული
თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სადაზღვევო დაფარვისა და გამონაკლისი
პირობების ერთმნიშვნელოვნად გარკვევით და დეტალურად გაწერა.
დაუძლეველი ძალა ხშირ შემთხვევებში სტიქიური მოვლენების სახით
გამოიხატება. ასეთ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს
მიზეზობრივი კავშირის დადგენას.

III. კლასიკური მაგალითი


საერთაშორისო სადაზღვევო პრაქტიკისათვის ცნობილ ერთ-ერთ საქმეში1 3
სადაზღვევო დაფარვის პირობების „უჩვეულო“ განმარტებამ მიზეზობრივი
კავშირის ატიპურად დადგენა და, საბოლოოდ, საქმის დამზღვევის სასარგებლოდ
გადაწყვეტა განაპირობა.2 მოცემულ საქმეში დამზღვევმა მზღვეველისაგან შეიძინა
საცხოვრებელი სახლის დაზღვევა, რომელიც ითვალისწინებდა დაუძლეველი

1Graham v. Public Employees Mut. Ins. Co. (PEMCO), 1983.


2Squires, Recent Development: Autopsy of a Plain English Insurance Contract: Can Plain English Survive Proximate
Cause? 1984, p. 2.
1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

ძალით გამოწვეული ზიანის დაზღვევასაც. ხელშეკრულების პირობები


მზღვეველის მიერ ცალმხრივად განისაზღვრა. დამზღვევს არ მიეცა
შესაძლებლობა, რაიმე ტიპის განმარტება მიეღო ხელშეკრულების პირობებთან
დაკავშირებით, განსაკუთრებით კი გამონაკლისი პირობების თაობაზე.
სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დამზღვევმა მზღვეველისაგან
ხელშეკრულების ახალი ტექსტი მიიღო არსებით ცვლილებებზე მითითების
გარეშე. დაზღვეული ობიექტის განადგურებამდე დამზღვევს არ წაუკითხავს
ხელშეკრულების არც პირველადი და არც მეორე ვარიანტი.

4 ხელშეკრულების ტექსტის მიხედვით, მზღვეველი არ ანაზღაურებდა


მიწისძვრისგან პირდაპირ ან ირიბად მომდინარე ზიანს. სამაგიეროდ,
ანაზღაურებას ექვემდებარებოდა აფეთქება/ამოფრქვევისგან პირდაპირ მომდინარე
ზიანი.

5 1980 წლის 18 მაისს წმინდა ელენეს მთაზე ვულკანი ამოიფრქვა. ამოფრქვევის


შედეგად დადნა თოვლი და ყინულის უზარმაზარი ბლოკები. წარმოქმნილი მასა
ვულკანიდან ამოფრქვეულ ცხელ ნახშირსა და ვულკანის თავზე ღრუბლიდან
მოდენილ წვიმას შეერწყა, რამაც გამოიწვია წყალდიდობა. წყლისა და ტალახის
ძლიერმა ჭვავლმა დაზღვეულთა საცხოვრებელი სახლები გაანადგურა.

6 მოცემულ საქმეში დამზღვევის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. საბოლოოდ გადაწყდა,


რომ წყლისა და ტალახის უხვი ნაკადის მოდინება, თოვლისა და ყინულის დიდი
ბლოკების დნობა, წარმოადგენდა არა დამოუკიდებელ ხდომილებებს
(სადაზღვევო შემთხვევებს), არამედ ვულკანის ამოფრქვევის გამოხატულებას.
ასეთი განმარტების შედეგად ზემოთ აღნიშნული ხდომილებები ხელშეკრულებით
გათვალისწინებული დაფარვის ქვეშ მოექცა.

IV. დავის გადაწყვეტის კრიტერიუმები


7 მსგავსი ტიპის დავების გადაწყვეტისას მოსამართლემ უნდა განსაზღვროს: რა
ხდომილებებს ჰქონდა ადგილი; რა კავშირი არსებობს მათ შორის და როგორ უნდა
განიმარტოს ცალკეული მათგანი. ასევე მნიშვნელოვანია, მიზეზობრივი კავშირის
განსაზღვრისას სწორი კრიტერიუმის გამოყენება (იხ. 799-ე მუხლის კომენტ.). ამ
თვალსაზრისით ერთმანეთს ემიჯნება ე. წ. ბრუნერისა (The Bruener „last direct
cause“ Rule) და ფრანკლინის (The Franklin Rule) წესები. აღნიშნული წესების
გამოყენების აუცილებლობა დგება სადაზღვევო შემთხვევის გამომწვევ მიზეზთა
სიმრავლის დროს, რაც ხშირია დაუძლეველი ძალის შემთხვევაში.

8 ბრუნერის წესზე მითითებით, მხარეები თანხმდებიან ზიანის გამომწვევი ბოლო


მიზეზისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მინიჭების შესახებ. ზემოთ
განხილულ მაგალითში ბრუნერის წესის გამოყენება გამორიცხავდა დამზღვევის
მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რადგან ზიანის გამომწვევი ბოლო მიზეზი —
წყალდიდობა, არ იყო გათვალისწინებული დაზღვევის დაფარვის პირობებით.

2
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

ფრანკლინის წესი მიზეზთა სიმრავლისა და კონკურენციის პირობებში 9


მოსამართლეს ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს. შედეგად,
მოსამართლე მხარეთა კეთილსინდისიერი მოლოდინის გათვალისწინებით
მიზეზთა ერთიან ჯაჭვში ერთ კონკრეტულ მიზეზს ანიჭებს გადამწყვეტ
მნიშვნელობას.

პრაქტიკული თვალსაზრისით, ბრუნერის წესის გამოყენება უფრო 10


მოსახერხებელია, რადგან ბოლო მიზეზზე მითითებით მხარეები გამორიცხავენ
მოსამართლის ჩარევის აუცილებლობას. შედეგად ზიანის ანაზღაურება სწრაფად
ხდება და იზოგება სასამართლო ხარჯები. თუმცა, არამეწარმე დამზღვევთან
კონტრაჰირების შემთხვევაში (Adhesion Contract), როგორც ზემოთ მოყვანილი
გადაწყვეტილების კრიტიკოსები მიუთითებენ, სუსტი მხარის დაცვის ინტერესი
მოსამართლის ჩარევასა და ხელშეკრულების დამზღვევის საუკეთესო ინტერესში
განმარტებას მოითხოვს.3

3Squires, Recent Development: Autopsy of a Plain English Insurance Contract: Can Plain English Survive Proximate
Cause? 1984, p. 5.
3
ქეთევან ირემაშვილი

You might also like