You are on page 1of 6

შესავალი: საზოგადოებრივი საქონელი და გარეგანი

ეფექტები
არის თუ არა შემთხვევები, როდესაც თავისუფალი ბაზარი ვერ უზრუნველყოფს
საუკეთესო შედეგის მიღწევას? როდის არის სახელმწიფოს ჩარევა გამართლებული?
როგორც ირკვევა, ასეთი გამონაკლისები არსებობს და ამ ლექციაზე სწორედ ისეთ
სპეციფიურ თემებს განვიხილავთ, როდესაც სახელმწიფოს ჩარევა საბაზრო
ეკონომიკაში გამართლებულია.

დღევანდელი თემის მიზანია გავაანალიზოთ ორი მნიშვნელოვანი ცნება -


საზოგადოებრივი საქონელი და გარეგანი ეფექტები - რომლებსაც ეკონომისტები
იყენებენ იმის გადასაწყვეტად, არის თუ არა ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევა
მიზანშეწონილი. საზოგადოებრივი საქონლის საჭირო რაოდენობით მიწოდებას
საბაზრო ეკონომიკა ვერ უზრუნველყოფს, რაც სახელმწიფოს ჩარევას რაციონალურს
ხდის. გარეგანი ეფექტები კი არის სიტუაცია, როდესაც საქონლის ან მომსახურების
წარმოება ან მოხმარება ინდივიდის ან ფირმის მიერ ზეგავლენას ახდენს სხვა
სუბიექტებზე. ეს ზეგავლენა შესაძლოა დადებითი ან უარყოფითი იყოს. ორივე
შემთხვევაში სახელმწიფოს ჩარევა გამართლებულია - მას შეუძლია წაახალისოს
წარმოება დადებითი გარეგანი ეფექტების შემთხვევაში ან პირიქით, შეზღუდოს თუ
გარეგანი ეფექტები უარყოფითია.

ეკონომისტებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ სახელმწიფოს ჩარევის


შედეგად მიღებული სარგებლისა და დანახარჯების გასაანალიზებლად. ჩვენ
განვიხილავთ ხარჯებისა და სარგებლის ანალიზს და მის გამოყენებას სახელმწიფოს
პოლიტიკის შესაფასებლად. შემდეგ სექციაში განვიხილავთ სახელმწოფოს ქცევის
სხვადასხვა მოდელებს და ვისაუბრებთ იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ ამართლებს
ზოგჯერ სახელმწიფოს ქმედებები ან რატომ არ მიმართავენ სახელმწიფოები ყველაზე
ოპტიმალურ ეკონომიკურ პოლიტიკას. მიზეზი არის ის, რომ პოლიტიკოსები ისევე
ექცევიან სხვადასხვა სტიმულების ზეგავლენის ქვეშ როგორც სხვა ადამიანები, და
ზოგჯერ არ მიმართავენ იმ პოლიტიკას, რომელიც აუმჯობესებს საზოგადოების
ეკონომიკურ კეთილდღეობას.

ძირითადი ცნებები: საზოგადოებრივი საქონელი


• საზოგადოებრივ საქონელს გააჩნია ორი მახასიათებელი: 1) არ არის
მეტოქეობისუნარიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამ საქონელს ერთი მოიხმარს, ეს არ
შეუზღუდავს მოხმარებას სხვა ინდივიდებს, თუნდაც მცირედით. 2) არ არის
გამორიცხვადი, რაც იმას ნიშნავს რომ ვერ შეუზღუდავ სხვა ინდივიდებს ამ
საქონლისა თუ მომსახურების მოხმარებას.

• აღნიშნულ ორ თვისებას მივყავართ ეგრეთწოდებულ „უბილეთო მგზავრის“,


ინგლისურად “free-rider”-ის პრობლემასთან - საზოგადოებრივი საქონლის
გამოყენება შეუძლიათ მათაც, ვინც არ გადაიხადეს საქონლის საფასური და
მწარმოებელს არ შეუძლია მათ მოხმარება შეუზღუდოს. ასეთ პირობებში საფასურის
გადახდის სურვილი ინდივიდებს არ ექნებათ და შესაბამისად, კერძო სექტორი ვერ
შეძლებს გაყიდოს ამ ტიპის საქონელი. გამოსავალი ხშირად საზოგადოებრივი
საქონლის სახელმწიფოს მიერ წარმოებაა.

• თუ საქონელი აბსოლუტურად გამორიცხვადი არ არის, მაშინ კერძო სექტორი


მოახერხებს მონახოს გზები „უბილეთო მგზავრის“ პრობლემის მოსაგვარებლად და
გადაახდევინონ საფასური მომხმარებლების ნაწილს. ასევე, ტექნოლოგიების
განვითარებამ შესაძლოა აქამდე არა გამორიცხვადი საქონელი, ნაწილობრივი მაინც,
გამორიცხვადი გახადოს.

• იმის განსასაზღვრად, თუ რა რაოდენობით უნდა ვაწარმოოთ საზოგადოებრივი


საქონელი, დანახარჯებისა და სარგებლის შედარების მეთოდი გამოიყენება,
რომელსაც ხშირად ხარჯთსარგებლიანობის ანალიზს უწოდებენ. ოპტიმალური
რაოდენობა კი საზოგადოების ზღვრული სარგებლისა და ზღვრული ხარჯების
გადაკვეთის წერტილია.

• კერძო ზღვრული ხარჯების დაანგარიშება საკმაოდ მარტივია, თუმცა


საზოგადოებრივი საქონლის ზღვრული სარგებლის განსაზღვრა ბევრ
სირთულეებთან არის დაკავშირებული. მეთოდები, რომელიც გადახდისთვის
მზადყოფნის დასაანგარიშებლად გამოიყენება, არ არის იდეალური საზომი
საზოგადოების ზღვრული სარგებლის და ხშირად კამათის საგანი ხდება.

ძირითადი ცნებები: გარეგანი ეფექტები


• გარეგანი ეფექტების ცნება გულისხმობს, რომ პროდუქტის მოხმარება ან წარმოება
ზეგავლენას ახდენს სხვა ინდივიდებზე, რომლებიც ამ პროდუქტის არც წარმოებასა
და არც მოხმარებაში არ მონაწილეობენ. ეს ზეგავლენა შესაძლოა იყოს ნეგატიური,
მაგალითისთვის, წარმოების შედეგად ჰაერის დაბინძურება, ან დადებითი,
მაგალითად, ვაქცინაცია, რაც ინფექციის გავრცელებას უშლის ხელს.

• გარეგანი ეფექტები წარმოადგენს საბაზრო ჩავარდნის მიზეზს. ნეგატიური


გარეგანი ეფექტების შემთხვევაში ეფექტიან რაოდენობაზე მეტის წარმოება ხდება,
რადგან ზღვრული საზოგადოებრივი ხარჯი აჭარბებს კერძო ზღვრულ ხარჯებს.
კერძო ფირმები კი ზრდიან წარმოებას იქამდე, სანამ ზღვრული კერძო ხარჯი არ
გაუტოლდება ზღვრულ სარგებელს, მიუხედავად იმისა, რომ წარმოების
ოპტიმალური რაოდენობა ნაკლებია. საზოგადოებრივი კეთილდღეობა მაქსიმუმს
აღწევს იქ, სადაც ზღვრული სარგებელი უტოლდება ზღვრულ საზოგადოებრივ
დანახარჯს.

• დადებითი გარეგანი ეფექტების შემთხვევაში კი პირიქით, წარმოება


ოპტიმალურზე ნაკლები ოდენობით ხდება, რადგან ზღვრული საზოგადოებრივი
სარგებელი აჭარბებს ზღვრულ კერძო სარგებელს, ხოლო კერძო ფირმები მოგების
მაქსიმიზაციისას მხოლოდ კერძო სარგებელს ითვალისწინებენ.
• გარეგანი ეფექტები, როგორც დადებითი, ისევე უარყოფითი, იწვევს ეკონომიკურ
დანაკარგებს. უარყოფითი გარეგანი ეფექტების შემთხვევაში ხდება ოპტიმალურზე
მეტის წარმოება. ამ დროს „ზედმეტი“ პროდუქციის წარმოების ზღვრული
საზოგადოებრივი ხარჯები აჭარბებს ზღვრულ საზოგადოებრივ სარგებელს.
პოზიტიური გარეგანი ეფექტების დროს კი პირიქით, ხდება ოპტიმალურზე
ნაკლების წარმოება და ფირმები არ გაზრდიან გამოშვებას მიუხედავად იმისა, რომ
საზოგადოებრივი ზღვრული სარგებელი აჭარბებს ზღვრულ დანახარჯებს.

• ზოგიერთი გარეგანი ეფექტი არალოკალურია, მაგალითად, ჰაერის დაბინძურება ან


გლობალური დათბობა. ასეთ შემთხვევაში გარეგანი ეფექტების ზეგავლენა ქვეყნის
საზღვრებს ცდება.

დასკვნა: საზოგადოებრივი საქონელი და გარეგანი ეფექტები


ჩვენ განვიხილეთ საბაზრო ჩავარდნა, რომელსაც ადგილი აქვს საზოგადოებრივი
საქონლისა და გარეგანი ეფექტების გამო. კონკურენტულ ბაზარს შეუძლია ძალიან
მცირედის გაკეთება, როდესაც საქმე ეხება ისეთ საზოგადოებრივ საქონელს,
როგორიცაა, მაგალითად, თავდაცვა ან თუნდაც ისეთ შემთხვევებში, როდესაც
გარეგანი ეფექტები დიდია. განათლება და კვლევები დადებით გარეგანი ეფექტების
მაგალითია, მისი წახალისებაც შესაძლოა სახელმწიფომ მოახდინოს და პირიქით,
შეზღუდოს ისეთი გარეგანი ეფექტები, როგორიცაა, მაგალითად, გარემოს
დაბინძურება.

საბაზრო ჩავარდნების შემთხვევაში გამოსავალი ხშირად სახელმწიფოს ჩარევაა.


საზოგადოებრივი საქონლის წარმოებას როგორც წესი, სახელმწიფო უზრუნველყოფს.
აქ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ კარგად გაზომოს სარგებელი და ხარჯები. რაც
შეეხება გარეგან ეფექტებს, ეს პრობლემა შესაძლებელია გადაიჭრას საბაზრო
მექანიზმებით, თუმცა ხშირად მოლაპარაკებების ხარჯი ძალიან დიდია. სახელმწიფო
ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ჩაერიოს და დააწესოს გადასახადები ან სუბსიდიები,
გამოიყენოს ბრძანებისა და კონტროლის მექანიზმები ან გასცეს გარემოს
დაბინძურების უფლებები მისი შემდგომი გაყიდვის ნებართვით.

სახელმწიფოს ჩარევის ნორმატიული ანალიზის გარდა დასკვნების გასაკეთებლად


აუცილებელია მოხდეს პოზიტიური ანალიზი, რაც გულისხმობს ისეთი მოდელების
აგებას, რომლებიც სახელმწიფოს ქცევას და მისი ჩავარდნის მიზეზებს ახსნის. შემდეგ
თავში ჩვენ ამგვარ მოდელებს განვიხილავთ.
შესავალი: სახელმწიფო ჩავარდნა და წარმატება
წინა თავში ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაედგა სახელმწიფოს
საბაზრო ჩავარდნის აღმოსაფხვრელად, რომელიც საზოგადოებრივ საქონელსა და
გარეგანი ეფექტების არსებობით იყო გამოწვეული. საბაზრო ჩავარდნების გამომწვევი
მიზეზების მიუხედავად შედეგი ყოველთვის ერთია - ხდება ჭარბი ან ოპტიმალურზე
ნაკლები რაოდენობის წარმოება და სამომხმარებლო და მწარმოებლის დანაზოგის
ჯამი არ არის მაქსიმალური, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გვაქვს ეკონომიური
დანაკარგები. სახელმწიფოს მიზანს კი ეკონომიკური დანაკარგების შემცირება
წარმოადგენს.

სახელმწიფოს როლის შეფასება, ანუ იმაზე საუბარი თუ როგორ უნდა მოიქცეს


მთავრობა, ნორმატიულ ანალიზს განეკუთვნება. თუმცა მეორე საკითხია რეალურად
როგორ იქცევიან მთავრობები. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა გავაანალიზოთ რატომ
ხდება სახელმწოფოს ჩავარდნები და რატომ არ ითვალისწინებენ ან სათანადოდ არ
ახორციელებენ მთავრობები ეკონომისტების მიერ მიწოდებულ რეკომენდაციებს.
სახელმწიფოს ჩავარდნა გულისხმობს, რომ მისი ქმედება არ აუმჯობესებს ბაზრის
ეფექტიანობას ან ზოგიერთ შემთხევებში, აუარესებს კიდეც. პოზიტიური ანალიზის
მიზანია ახსნას რა განაპირობებს სახელმწიფოს ჩავარდნასა თუ წარმატებებს.

ძირითადი ცნებები: სახელმწიფო ჩავარდნა


• სახელმწიფოების ქცევის ასახსნელად გამოიყენება მოდელები, რომლებიც
ეყრდნობიან დაშვებას, რომ პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოხელეები ცდილობენ
საკუთარი კეთილდღეობის მაქსიმიზაციას, ისევე როგორც ფირმები და
მომხმარებლები.

• როდესაც ამომრჩევლები თანხმდებიან იმის თაობაზე თუ როგორ უნდა მოიქცეს


სახელმწიფო, არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვა ისეთი მთავრობა,
რომელიც ასეთ ნაბიჯებს გაატარებს. თუმცა თუ ამომრჩევლებს შორის კონსესუსი არ
შედგა, მაშინ ცენტრალური (მედიანური) ამომრჩევლის თეორიის თანახმად შუა
(მედიანური) ამომრჩევლის აზრია მნიშვნელოვანი, თუმცა, „ამომრჩევლის
პარადოქსი“ გვიჩვენებს, რომ მრავალი არჩევანის არსებობის შემთხვევაში
გადაწყვეტილება შეიძლება არასტაბილური იყოს, რასაც სახელმწიფო ჩავარდნასთან
მივყავართ.
• სახელმწიფო ჩავარდნის სხვა მიზეზებს განეკუთვნება განსაკუთრებულ ინტერესთა
ჯგუფები, სადაც ხარჯები დიდია, თუმცა ფართო ჯგუფებზეა გადანაწილებული, ან
სარგებელი არის მცირე, თუმცა მცირე ჯგუფებზეა გადანაწილებული. სათანადო
კამპანიის წარმოებისა და ლობირების გზით ასეთი ჯგუფები ახერხებენ
სახელმწიფოს უბიძგონ ისეთი პოლიტიკის გატარებისკენ, რომელიც არ არის
თანხვედრაში უმრავლესობის ინტერესებთან.

• სახელმწიფო მოხელეები შესაძლოა დაინტერესებულები იყვნენ უფრო მეტად


საკუთარი ძალაუფლებისა და გავლენის გაზრდით და არა საერთო კეთილდღეობის
მაქსიმიზაციით. შესაბამისად, არასწორმა სტიმულებმა შეიძლება გამოიწვიოს
სახელმწიფო ჩავარდნა.

• სახელმწიფოს ქცევის ეკონომიკური მოდელები გვაძლევს საშუალებას


განვსაზღვროთ გზები სახელმწიფო ჩავარდნების ალბათობის შესამცირებლად და
გავზარდოთ სახელმწიფოს ეფექტიანობა სათანადო სტიმულებისა და
კონკურენტული გარემოს შექმნით.

დასკვნა: სახელმწიფო ჩავარდნა და წარმატება


ბოლო წლებში იყო მცდელობა სხვადასხვა საბაზრო სტიმულების გზით გაეზარდათ
სახელმწიფოს ეფექტიანობა. რამდენად წარმატებულია მსგავსი პოლიტიკა, ამ თემაზე
დებატები დღესაც მიმდინარეობს და მის მომხრეებს, ისევე როგორც
მოწინააღმდეგეებს გააჩნიათ მყარი არგუმენტები.

იმის გასაანალიზებლად როგორ უმკლავდებიან მთავრობები გარეგანი ეფექტებისა


და საზოგადოებრივი საქონლის არსებობასთან დაკავშირებულ პრობლემებს საჭიროა
ავაგოთ სახელმწიფოს ქცევის მოდელები. ხანდახან პოლიტიკოსები სახელმწიფო
ხარჯებს საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად მიმართავენ. მაგალითად,
შესაძლოა პოლიტიკოსმა სახელმწიფო ხარჯების დიდი ნაწილი მიმართოს იმ
უბნისკენ, სადაც მისი ამომრჩევლებია. ასევე, გარეგანი ეფექტების დარეგულირების
საბაბით შესაძლოა მოხდეს დიდ ოდენობით ხარჯების გაწევა და რესურსების
გაფლანგვა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მოხდეს სახელმწიფოს ქცევის
შესწავლა და ეფექტიანობის გაზრდა საბაზრო მექანიზმებითა და სტიმულებით.

You might also like