You are on page 1of 14

ლექცია 2.

ეკონომიკური ცოდნის მინიმუმი ბიზნესმენთათვის


2.1.ეკონომიკური მოტივატორები ბიზნესის განვითარებისათვის
საბაზრო ეკონომიკის პირობებში ბიზნესის უმთავრესი მიზანი მაქსიმალური
შემოსავლებისა და მოგების მიღებაა.
შემოსავლები. შემოსავლები ეწოდება სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული
ფულადი სახსრების ჯამს, რომელიც განკუთვნილია საქონლის მწარმოებლიდან
მომხმარებლამდე დაყვანის პროცესში გაწეული დანახარჯების ასანაზღაურებლად
და მოგების მისაღებად.
შემოსავლების მიღების სხვადასხვა წყაროები არსებობს:
 შემოსავლები საქონლის რეალიზაციიდან;
 შემოსავლები მომსახურების რეალიზაციიდან;
 შემოსავლები არასავაჭრო ოპერაციებიდან(დივიდენდები აქციებიდან,
სარგებელი ობლიგაციებიდან, ქონების იჯარით გაცემიდან და სხვა).
ყველა წყაროდან მიღებული შემოსავლების ერთობლიობა წარმოადგენს მთლიან
შემოსავალს, რომელიც წარმოადგენს ეკონომიკურ კატეგორიას და გამოხატავს
ახლადშექმნილ ღირებულებას. შემოსავლების უდიდესი ნაწილი იწარმოება
წარმოების პროცესში და სავაჭრო დათმობების სახით გადაეცემა საქონელმიმოქცევის
სფეროს (სატრანსპორტო ტარიფის, საცალო და საბითუმო რგოლის დანარიცხების
სახით).
მაქსიმალური შემოსავლებისა და მოგების მისაღებად ბიზნესის
სუბიექტები(ფირმები, საწარმოები)აღწევენ წარმოების ხარჯების მინიმიზაციით და
საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის არსებობით.
წარმოების ხარჯები არის ფირმის მიერ პროდუქციის წარმოებისა და
რეალიზაციისათვის გაწეული დანახარჯების ერთობლიობაა გამოხატული ფულადი
ფორმით.
წარმოების დანახარჯები იყოფა მუდმივ და ცვალებად ხარჯებად:
მუდმივ ხარჯები არ შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს წარმოებული
პროდუქციის მოცულობის ზრდის ან შემცირების პროპორციულად. ასევე მუდმივ
ხარჯებს ფირმა ანაზღაურებს წარმოების ფუნქციონერების შეწყვეტის შემთხვევაში.
მუდმივ ხარჯებს მიეკუთვნება: რენტის გადასახადი, საბანკო კრედიტზე
(საპროცენტო განაკვეთი), სადაზღვევო პრემია(შენატანი), დაცვის,
ადმინისტრაციული შენობის შენახვისა და ამორტიზაციის ანარიცხები,
ადმინისტრაციის პერსონალის ხელფასი და სხვა.
ცვალებადი ხარჯების სიდიდე იცვლება წარმოების მოცულობის ზრდისა და
შემცირების შესაბამისად, ანუ დროის მოკლე პერიოდში შეიძლება გაიზარდოს ან
შემცირდეს წარმოებული პროდუქციის მატების ან შემცირების პროპორციულად.
ცვალებად ხარჯებს მიეკუთვნება: ნედლეულის, მასალების, სათბობის,
ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, ტრანსპორტის, შრომითი რესურსების
დაქირავების ხარჯები და სხვა. ფირმის საქმიანობის ანალიზისათვის მეტად
მნიშვნელოვანია მთლიანი და საშუალო ხარჯების განსაზღვრა. მთლიანი ხარჯები
ცვალებადი და მუდმივი ხარჯების ჯამია, ხოლო საშუალო ხარჯები პროდუქციის
ერთეულზე გაიანგარიშება მთლიანი ხარჯების ჯამი გავყოთ წარმოებული
პროდუქციის რაოდენობაზე.

1
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ფირმის მთლიან შემოსავლებსა და წარმოების
მთლიან დანახარჯებს შორის სხვაობა კი ქმნის ფირმის მთლიან მოგებას ანუ
საბალანსო მოგებას.
მოგება სამეწარმეო საქმიანობის საბოლოო შემაჯამებელი ეკონომიკურ-
ფინანსური მაჩვენებელია, რომელშიც აისახება ფირმის საფინანსო შედეგები და
ეკონომიკური ეფექტიანობა ყველა მიმართულებით.
მთლიანი მოგება საგადასახადო კანონმდებლობით ექვემდებარება მოგების
გასახადით დაბეგვრას, თუ მთლიან მოგებას გამოვაკლებთ სავალდებულო მოგების
გადასახადის განაკვეთით თანხის ოდენობას მივიღებთ წლიურ წმინდა მოგებას.
წმინდა მოგება შესასრულებელი ფუნქციების მიხედვით იყოფა გასანაწილებელი
(გაიცემა დამფუძნებლებზე და აქციონერებზე დივიდენდების სახით) და
გაუნაწილებელი მოგების სახით, რომელიც გამიზნული წარმოების
გაფართოებისათვის(რეინვესტირებისათვის).
გაუნაწილებელი მოგების ხარჯზე იქმნება: სარეზერვო ფონდი, დაგროვების
ფონდი, მატერიალური სტიმულირების, მოხმარების ფონდი და სამეცნიერო-
ტექნიკური განვითათარების ფონდი.
მოგების ფარდობითი მაჩვენებელია რენტაბელობა ანუ მომგებიანობის
კოეფიციენტი(პროცენტული სიდიდე), რომელიც გულისხმობს ფირმების
საქმიანობის წარმართვას მომგებიანად, რათა უზრუნველყოფილი იყოს
შემოსავლების ნამეტი დანახარჯებთან შედარებით.
ბიზნესის პრაქტიკაში განასხვავებენ რენტაბელობის სხვადასხვა მაჩვენებლებს:
გაყიდვის რენტაბელობა, კაპიტალის რენტაბელობა, მთლიანი აქტივების
რენტაბელობა და სხვა.

2.2. მოთხოვნისა და მიწოდების მნიშვნელობა ბიზნესის განვითარებისათვის

ბიზნეს-გარემოს მნიშვნელოვანი საფუძველია ბაზარი, რომელიც გამოიმუშავა


კაცობრიობამ საზოგადოების განვითარების კვალობაზე და მაღალგანვითარებული
ქვეყნების ბაზარი ცივილიზაციის მონაპოვარია. ისტორიულად ბაზრის არსებობა
იწყება სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების აღმოცენებიდან ინტეგრირებულ
მსოფლიო ბაზრამდე.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში ბაზარი ემსახურება ეკონომიკისა და ბიზნესის
წინაშე სამი ძირითადი პრობლემის მოგვარებას: რა ვაწარმოოთ, როგორ ვაწარმოოთ
და ვისთვის ვაწარმოოთ.
პირველ კითხვაზე პასუხი ასეთია ვაწარმოოთ ის საქონელი და მომსახურება,
რომელიც გვაძლევს მაქსიმალურ მოგებას.
მეორე კითხვაზე- კონკურენტუნარიანია და რენტაბელურია ის ფირმები და
საწარმოები, რომლებიც საქონლისა და მომსახურების წარმოებისათვის იყენებენ
ეკონომიკურად ეფექტიან და ინოვაციურ ტექნიკასა და ტექბნოლოგიებს სამეცნიერო-
ტექნიკურო პროგრესის შესაბამისად.
მესამე კითხვაზე პასუხი- კონკურენტუნარიან და მაღალხარისხიან საქონელსა და
მომსახურებას შეიძენს ის მომხმარებელი, რომელიც გადაიხდის საბაზრო ფასს.

2
ეკონომიკურ სისტემას, რომელსაც აკონტროლებს ბაზარი არის აღმავალი და
განვითარებული, რადგანაც ის ეყრდნობა შრომით მოტივაციას, თავისუფალ
ფასწარმოქმნას, სრულყოფილ კონკურენციას, მოგების მაქსიმიზაციას და სხვა.
ბაზარი არის გაცვლის, ყიდვა-გაყიდვის სფერო, სისტემა, სადაც მყარდება
ეკონომიკური კავშირურთიერთობა მოთხოვნასა და მიწოდებას, წარმოებასა და
მოხმარებას შორის.
ბაზრის ძირითადი ელემენტებია: მოთხოვნა, მიწოდება და ფასი.
მოთხოვნა მოთხოვნილების ის ნაწილია,რომელიც უზრუნველყოფილია
ფულადი რესურსებით და დამოკიდებული ფასზე და დროის ფაქტორზე.
მოთხოვნა არის საქონლისა და მომსახურების ის რაოდენობა, რომლის შესყიდვა
შეუძლია მომხმარებელს ბაზარზე ჩამოყალიბებული ფასით დროის გარკვეულ
პერიოდში.
მოთხოვნა, როგორც ბაზრის ძირითადი ელემენტი წარმოადგენს ფორმაცვალებად
და რაოდენობრივად არასტაბულურ ეკონომიკურ კატეგორიას, რაც განპირობებულია
სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით. მოთხოვნაზე მოქმედებს ეკონომიკური,
სოციალური, სამართლებრივი, პოლიტიკური, დემოგრაფიული, ბუნებრივ-
გეოგრაფიული, სასაქონლო ფაქტორები და სხვა.
მოთხოვნის შინაგანი ძირითადი თვისება ის არის, რომ ყველა სხვა პარამეტრის
უცვლელობის პირობებში საქონელზე ფასის შემცირება იწვევს მოთხოვნის სიდიდის
შესაბამის ზრდას, რადგანაც მომხმარებელი მოტივირებულია შეიძინოს მეტი
პროდუქცია, ხოლო ფასის ზრდა საქონელზე იწვევს მოთხოვნის სიდიდის
შემცირებას. მაშასადამე მოთხოვნა და ფასი უკუპროპორციულ თანფარდობაში
მყოფი ელემენტებია. ამ მყარ და მუდმივად განმეორებად უკუკავშირს ეკონომიკურ
მეცნიერებაში ეწოდება მოთხოვნის კანონი.
მოთხოვნის კანონი მეორე კანონზომიერებასაც გამოხატავს, კერძოდ
სამომხმარებლო მოთხოვნის გაჯერების შემთხვევაში იწვევს მოთხოვნის კლებას, რაც
დაკავშირებულია მოხმარების კლებადი ზღვრული სარგებლიანობის კანონთან.
საქონლისა და მომსახურების ყოველ დამატებით ერთეულის შესყიდვას ნაკლები
ეფექტი და სარგებელი მოაქვს, რომლის თანხმადაც მომხმარებლები დამატებით
საქონელსა და მომსახურებას იძენენ როდსაც ფასი მცირდება.
მოთხოვნის კანონი შეიძლება ახსნა შემოსავლისა და შენაცვლების ეფექტით.
საქონელზე ფასების შემცირება მომხმარებლის შემოსავლის ეფექტიანობას ზრდის,
ხოლო ფასების გაზრდა კი საწინააღმდეგო შედეგს იძლევა მომხმარებლის
მსყიდველობითუნარიანობას შემცირებას იწვევს.
შენაცვლების ეფექტი გავლენას ახდენს მოთხოვნის ცვალებადობაზე, რაც
გამოხატება შემნაცვლებელი საქონლზე ფასების ცვალებადობით, შემნაცვლებელ
საქონელს უწოდებენ სუბსიტუტ საქონელს და მათ მიეკუთვნება კარაქი და
მარგარინი, ყავა და ჩაი, კოკა-კოლა და პეპსი და სხვა. შემნაცვლებელ საქონელზე
დაბალი ფასის პირობებში მომხმარებელს ძვირი პროდუქტის უფრო იაფით
ჩანაცვლების შესაძლებლობა გააჩნია.
არსებობს აგრეთვე შემავსებელი საქონელი. მაგალითად ავტომობილი, ბენზინი და
ავტოსაბურავები. საათი და სამაჯური, საღებავი და ფუნჯი, კომპიუტერი და
პრინტერი, მაგნიტოფონი და კასეტა, ასეთ ურთიერთშემავსებელ საქონელს
კომპლემენტებს უწოდებენ.

3
მოთხოვნის ელასტიურობა,რომელიც აღწერს იმას, თუ რა ხარისხით მოქმედებს
ფასების ცვლილება მოთხოვნის სიდიდეზე ანუ როგორ იცვლება მოთხოვნის
სიდიდე ფასების ცვლილების პირობებში ელასტიურობა ეწოდება. მოთხოვნის
ელასტიურობის ცვალებადობას ზომავენ მოთხოვნის
ელასტიურობისკოეფიციენტით(მეკ).
მოთხოვნის ელასატიურობა განისაზღვრება მოთხოვნის სიდიდის პროცენტული
ზრდისა და ფასების სიდიდის პროცენტული ზრდის თანაფარდობისა(მ.ე.კ.=მ.ს/ფ.ს).
მოთხოვნა ელასტიურია, თუ მისი ელასტიურობის კოეფიციენტი მეტია ერთზე(მ.ე.კ.
>1). მოთხოვნა არაელასტიურია, როდესაც ელასტიურობის კოეფიციენტი ნაკლებია
ერთზე (მ.ე.კ.<1.). ერთეულოვანი და თანაბარზომიერია ელასტიურობა, როდესაც
მ.ე.კ.=1. ანუ მნიშვნელოვანია ბიზმენებისათვის მოთხოვნის ელასტიურობის ცოდნა
ეფექტიანი და რაციონალური გადაწყვეტილების მისაღებად.

მიწოდების კანონი და მიწოდებაზე მოქმედი არაფასობრივი ფაქტორები

ბაზარზე ადგილი აქვს მიწოდებასაც, მიწოდება არის საქონლისა და მომსახურების ის


რაოდენობა, რომლის მიწოდება შეუძლია მწარმოებელს ბაზრზე ჩამოყალიბებული
ფასით დროის მოცემულ მონაკვეთში. ფასების ზრდა აპირობებს მიწოდების ზრდას,
ხოლო ფასების შემცირება განაპირობებს მიწოდების დაცემას. ეკონომიკასა და
ბიზნესში მუდმივად განმეორებად პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებას
ფასსა და მიწოდებას შორის მიწოდების კანონი ეწოდება.ფასების გარდა მიწოდებაზე
გავლენას ახდენს არაფასობრივი ფაქტორებიც:
წარმოების ხარჯები თუ პროდუქციის წარმოებაზე დანახარჯები მცირდება ე.ი.
შრომის მწარმოებლურობა იზრდება, ამ შემთხვევაში მწარმოებლებს შეუძლიათ მეტი
საქონლის გამოტანა ბაზარზე, რადგანაც იზრდება მოგებაც;
 მწარმოებლის რაოდენობის ზრდა, როცა ბაზარზე გამოდის ახალი ფირმები
შესაბამისად მიწოდებაც იზრდებ;
 მოლოდინი. თუ რომელიმე პრუდუქციაზე მოსალოდნელია მომავალში ფასების
ზრდა, მაშინ მწარმოებელს შეუძლია კონკრეტული პროდუქციის წარმოება და
მიწოდება.
მიწოდების ელასტიურობა. ელასტიურობა ახასიათებს მიწოდებასაც, რომელიც
გამოხატავს დამოკიდებულებას საქონლის ფასსა და საქონლისა მიწოდებას შორის.
განასვავებენ ელასტიკურ მიწოდებას, არაელასტიკურ მიწოდებას და
ერთეულოვანი მიწოდების ელასტიკურობას.
მიწოდება ელასტიკურია როდესაც ფასის უმნიშვნელო მატება განაპირობებს
საქონლის მიწოდების მოცულობის ზრდას.
ერთეულოვანი მიწოდების ელასტიკურობის დროს ფასების ზრდა საქონლის
მიწოდების თანაბარზომიერ ზრდას იწვევს.
არაელსტიკური მიწოდების დროს ფასის ცვლილებაზე მიწოდება არ რეაგირებს.
მიწოდების ელასტიკურობის კოეფიციენტი განისაზღვრება მიწოდებისათვს
განკუთვნილი პროდუქციის ცვლილების პროცენტული სიდიდე ფასის პროცენტულ
ცვლილებასთან.
ფასი.ბაზრის მნიშვნელოვანი ელემენტია ფასი, რომელიც ყალიბდება მოთხოვნისა
და მიწოდების თანაფარდობის ცვლილების შესაბამისად.

4
თუ ბაზარზე რომელიმე საქონლის რაოდენობა აღემატება მასზე მოთხოვნას ასეთ
შემთხვევაში ფასები მცირდება და მიწოდებას ნორმირებულს ხდის.
მაღალი ფასები საქონლის მიწოდების უკმარისობის სიგნალია და დეფიციტის
შესავსებად არასაკმარისი საქონლის მიწოდება გრძელდება მოთხოვნა მიწოდების
წონასწორობის დამყარებამდე.
მოთხოვნა-მიწოდების კანონი. მოთხოვნა თუ აღემატება მიწოდებას (მყიდველი
მეტია და გამყიდველი ცოტა) საქონელზე ყალიბდება ღირებულებაზე უფრო მაღალი
საბაზრო ფასი, თანაფარდობის გაღრმავების კვალობაზე იგი ხასიათდება ზრდის
ტენდენციით.
მიწოდება, როდესაც აღემატება მოთხოვნას(გამყიდველი მეტია და მყიდველი
ცოტა) საქონელზე ყალიბდება ღირებულებაზე დაბალი ფასები. თანაფარდობა რაც
უფრო განსხვავებულია ფასი მეტად მცირდება.
მოთხოვნა და მიწოდება გაწონასწორებულია( წარმოებული და მიწოდებული
იმდენი საქონელი რამდენის ჭირდება მყიდველს.) საქონელზე ყალიბდება საბაზრო
წონასწორობის ფასი ანუ საბაზრო კლირინგის ფასი. ასეთი ფასი ხანგრძლივდება
სრულყოფლი კონკურენციის პირობებში.
გაწონასწორებულზე დაბალი ფასის შემთხვევაში წარმოიშობა ჭარბი მოთხოვნა
და საქონლის დეფიციტი, რაც გვიჩვენებს მიწოდების მოცულობაზე მოთხოვნის
გადამეტებას.
გაწონასწორებულზე მაღალი ფასების დროს ხდება ჭარბი საქონლის მიწოდება
და რეალიზაცია, ადგილი აქვს მოთხოვნის მოცულობაზე მიწოდების მოცულობის
გადამეტებას.
ჭარბი მოთხოვნისას მიმწოდებლები ზრდიან ფასებს და რეალიზაციას, ხოლო
გარკვეულ ეტაპზე მდგომარეობა იცვლება და მიწოდებას გადაამეტებს მოთხოვნა,
რაც ფასების თანდათანობით შემცირებას განაპირობებს.

2.3. კონკურენციის არსი და ფორმები


კაპიტალისტური სისტემა უზრუნველყოფს, რომ ცალკეულმა პირებმა და ბიზნესმა
თავად გადაწყვიტოს, თუ რა, როგორ აწარმოოს და რა ფასი დააწესოს პროდუქტზე.
კონკურენცია, ძირითადად, კომპანიებს შორის არსებული მეტოქეობაა ბაზარზე
უპირატესობის მოსაპოვებლად. საბაზრო ეკონომიკაში კომპანია მხოლოდ იმ
შემთხვევაში გადარჩება, თუ ის საკუთარ მომხმარებლებს კარგ მომსახურებას უწევს
და მათი მოთხოვნილების შესაბამისი საქონლითა თუ მომსახურებით
უზრუნველყოფას ახდენს. ეკონომისტები განასხვავებენ კონკურენციის ოთხ
განსხვავებულ ხარისხს, რომლებიც იცვლება იდეალური სრული კონკურენციიდან
კონკურენციის სრულიად არარსებობამდე. ესენია: სრულყოფილი
კონკურენცია, მონოპოლიური კონკურენცია, ოლიგოპოლია,
მონოპოლია და მონოპსონია.
სრულყოფილი კონკურენცია - სიტუაცია ბაზარზე, როდესაც პროდუქტის ბევრი
მყიდველი და გამყიდველია და დამოუკიდებლად არც ერთს არ გააჩნია საკმარისი
ძალაუფლება პროდუქტის ფასზე გავლენის მოსახდენად. სრული კონკურენციის
არსებობას უზრუნველყობს შემდეგი პირობები:
5
 ბაზარზე წარმოდგენილი არიან დიდი რაოდენობით მყიდველები და
გამყიდველები, რომელთა ძალები მეტნაკლებად ბალანსირებულია ანუ ერთი
მყიდველი ან გამყიდველი მთლიან ბაზარზე გავლენას ვერ ახდენს;
 ბაზარზე შეღწევა მარტივია;
 პროდუქტი არის სტანდარტული და შეუძლებელია მისი დიფერენცირება
(განსხვავება) მაგ: ფქვილი, ფოლადი, შაქარი.
 ყველა მყიდველი და გამყიდველი ფლობს საჭირო ინფორმაციას ბაზრის შესახებ.
სრული კონკურენციის არსებობის შემთხვევაში, ყველა გამყიდველმა უნდა
მოითხოვოს ერთი და იგივე ფასი. რატომ? ერთი გამყიდველი რომ ითხოვდეს
სხვებთან შედარებით მაღალ ფასს ის ვერაფერს ვერ გაყიდის. მეორე მხრივ, ფირმა,
რომელსაც სურს მიმდინარე ფასზე ნაკლებად გაყიდვა, საქონელს უფრო სწრაფად
გაყიდდა. თუმცა უკანასკნელი დაკარგავდა შემოსავალს (და მოგებას), რადგან
მყიდველებს სინამდვილეში მეტის გადახდა სურთ. სრულყოფილ კონკურენციაში
გამყიდველებმა, ისევე, როგორც მყიდველებმა, მიმდინარე ფასი უნდა მიიღონ.
თითოეული პროდუქტის ფასი განისაზღვრება ყველა მყიდველისა და გამყიდველის
ერთობლივი ქმედებებით, მოთხოვნისა და მიწოდებიდან გამომდინარე.
მონოპოლისტური კონკურენცია არის სიტუაცია ბაზარზე, რომელშიც უამრავ
მყიდველთან ერთად შედარებით ბევრი გამყიდველია. მონოპოლისტური
კონკურენციის ბაზარზე ხელმისაწვდომი სხვადასხვა პროდუქტი ბუნებით ძალიან
ჰგავს ერთმანეთს და ყველა მათგანი ერთი და იგივე მოთხოვნილების
დასაკმაყოფილებლადაა განკუთვნილი. თუმცა ყოველი გამყიდველი ცდილობს,
საკუთარი პროდუქტი განასხვაოს სხვებისაგან განსხვავების ისეთი განსაკუთრებული
ნიშნების მინიჭებით, როგორებიცაა მიმზიდველი ბრენდული სახელი,
განუმეორებელი შეფუთვა, ან ისეთი მომსახურებით, როგორიცაა უფასო მიწოდება ან
უვადო გარანტია. პროდუქტის დიფერენციაცია არის კონკურენტ პროდუქტებს
შორის განსხვავებების განვითარების პროცესი. ეს ცხოვრებისეული რეალობაა
მრავალი სამომხმარებლო საქონლის მწარმოებლებისთვის, რომლებიც აწარმოებენ
პროდუქციას
საპნითა და ტანსაცმლით დაწყებული, ავეჯისა თუ ფეხსაცმლის ჩათვლით.
პროდუქციის დიფერენცირებით კომპანიებს საშუალება ეძლევათ საკუთარი
პროდუქტის ბაზარი გამოყონ კონკურენტებისაგან და იყვნენ ერთგვარი
მონოპოლისტები. მაგალითად, კოკა-კოლამ საკუთარი პროდუქტი, რეკლამაში და
სხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში გაწეული დანახარჯების წყალობით, გამოყო სხვა
გამაგრილებელი სასმელებისაგან და იქ გვევლინება მონოპოლისტად.
ოლიგოპოლია სიტუაცია ბაზრზე, რომელშიც მხოლოდ რამდენიმე გამყიდველია.
ზოგადად, ეს საკმაოდ მსხვილი გამყიდველები არიან და მათ ბაზარზე შესასვლელად
დიდი ინვესტიციებიცაა საჭირო. ოლიგოპოლიის მაგალითებია ავტომობილების,
ავიახაზების, მარცვლეულისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების მრეწველობები.
რადგან ოლიგოპოლიაში ცოტა გამყიდველია, თითოეულის საბაზრო ქმედებას
შესაძლოა, ძლიერი გავლენა ჰქონდეს კონკურენტების გაყიდვებსა და ფასებზე. თუ,
მაგალითად, General Motors-ი შეამცირებს ავტომობილების ფასებს, საკუთარი
საბაზრო წილის შესანარჩუნებლად Ford-ი, Honda, Toyota და Nissan-ი, ჩვეულებრივ,
იგივეს მოიმოქმედებენ. დაბალი საფასო კონკურენციის პირობებში, პროდუქტის
დიფერენციაცია კონკურენციის მთავარი იარაღი ხდება. ეს უფრო ცხადად
ავტომობილების დიდ მწარმოებლთა რეკლამაში ჩანს. მაგალითად, როდესაც
6
ხარისხისა და უსაფრთხოების საკითხების გამო ტოიოტას გაყიდვებმა იკლო, ახალი
მყიდველების მოსაზიდად მან დაიწყო მყიდველებისთვის შეღავათების შეთავაზება.
მალევე, ფორდმა და ჯენერალ მოტორსმაც დაიწყეს მსგავსი შეღავათების შეთავაზება
ზუსტად იგივე მიზეზის გამო - მოეზიდათ ახალი მყიდველები.
მონოპოლია არის ბაზარი მხოლოდ ერთი გამყიდველითა და დარგში სხვა
ფირმების შესვლის ხელისშემშლელი ბარიერებით. მონოპოლიაში პროდუქტისა თუ
მომსახურების ანალოგი არ არსებობს. რადგან პროდუქტის მომწოდებელი მხოლოდ
ერთი ფირმაა, მას ჰგონია, რომ ფასზე სრული კონტროლი აქვს. თუმცა კონკურენციის
არარსებობის გამო, არც ერთ ფირმას არ შეუძლია დააწესოს თავისი ფასი
ასტრონომიულ ციფრებში, რადგან ასეთ შემთხვევაში, ფირმა მალე აღმოაჩენს, რომ
არც მომხმარებლები ჰყავს და არც გაყიდვებიდან აქვს შემოსავალი. ამის სანაცვლოდ,
მონოპოლიის მფლობელმა ფირმამ უნდა
გაითვალისწინოს მოთხოვნა საკუთარ პროდუქტზე და დააწესოს ყველაზე
მომგებიანი ფასი.
აშშ-ში არსებული მონოპოლიის კლასიკური მაგალითებია კომუნალური
მომსახურების დაწესებულებები, მათ შორის ადგილობრივი გაზმომარაგების,
წყალმომარაგებისა თუ ელექტროენერგიის მომწოდებლები. ყოველი მათგანი
ბუნებრივ მონოპოლიას მიეკუთვნება. ეს არის დარგი, რომელიც დიდი ოდენობის
კაპიტალდაბანდებას საჭიროებს და რომელშიც ნებისმიერი მომსახურების გამეორება
ამაო იქნება. ბუნებრივ მონოპოლიებს არსებობის უფლება აქვთ, რადგან ისინი
ყველაზე უკეთ აკმაყოფილებენ საზოგადოებრივ ინტერესს, მაგრამ ისინი მუშაობენ
სხვადასხვა სახელმწიფო სააგენტოების მეთვალყურეობის ქვეშ.

2.4. მაკროეკონომიკური ინდიკატორები და ბიზნესი

მთლიანი შიდა პროდუქტი(GDP). ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა


ბიზნესზე, საზოგადოებაზე დიდ გავლენას ახდენს.სწორედ ამიტომ
ჯეროვნად უნდა ვერკვეოდეთ მის ინდიკატორებში, რადგანაც მათ ცოდნაზე
ბევრადაა დამოკიდებული, როგორც მეწარმეების ასევე მომხმარებლის
რაციონალური ქცევები. საზოგადოების ცხოვრების დონე დამოკიდებულია
მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტის
მოცულობაზე, ხოლო ცხოვრების დონის ზრდა თავის მხრივ ეკონომიკურ
ზრდაზე.
ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინდიკატორად, მთლიანიშიდა
პროდუქტის (მშპ) მაჩვენებლის გამოყენება შეიძლება. მთლიანი შიდა პროდუქტი
(Gross domestic product – GDP) ერთი წლის განმავლობაში, ქვეყნის ტერიტორიაზე
წარმოებული ყველა საქონლისა და მომსახურების საერთო საბაზრო ღირებულებათა
ჯამია. მაგალითად,
აშშ-ში მდებარე, ამერიკელების მფლობელობაში მყოფი ჯენერალ მოტორსისა და
იაპონელების მფლობელობაში მყოფი ტოიოტას ქარხნის დასაქმებულთა მიერ
წარმოებულ ავტომობილების ღირებულება, აშშ-ის მშპ-ში შედის. მშპ-ის მონაცემები
საქართველოსა და სხვა ქვეყნების შედარების საშუალებას გვაძლევს, რადგან ეს
სამეურნეო გაანგარიშების საერთაშორისო სახელმძღვანელოებში გამოყენებული
7
სტანდარტია. გარდა ამისა, ქვეყნის სხვადასხვა პერიოდის მშპ-ის შედარებაცაა
შესაძლებელი. შედარება დამკვირვებლებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის
განსაზღვრის საშუალებას მისცემს.
სხვადასხვა წლის მშპ-ის უფრო ზუსტი შედარებისთვის, ფულადი ღირებულება
ინფლაციის დონეს უნდა მოვარგოთ. ინფლაცია ფასების დონის ზოგადი მატებაა.
ინფლაციის საპირისპიროდ, დეფლაცია ფასების კლებას ნიშნავს. ინფლაციაზე
მორგებული ციფრების გამოყენებით, შეგვიძლია ერის რეალური მშპ-ს განსაზღვრა.
ინფლამციამდე მივყავართ მოვლენების განვითარებას ორი განსხვავებული
სცენარით. პირველი, ფასები იზრდება, როდესაც ერთობლივი მოთხოვნა სჭარბობს
ერთობლივ მიწოდებას. ასეთ მოვლენას ჰქვია მოთხოვნის ინფლაცია.(ასეთ დროს
ადგილი აქვს, როდესაც მაღალია მომხმარებლის მყიდველობითიუნარიანობა და
მთავრობა ამცირებს გადასახადებს, ანუ ჭარბია ფულადი ნაკადები და დეფიციტურია
სასაქონლო ნაკადები.)
ინფლაციის მეორე ტიპი შეინიშნება მაშინ, როდესაც საწარმოო ხარჯები
მატულობს სწრაფად და ატარებს ხარჯების ზრდით განპირობებულ ინფლაციის
ზრდის სახელწოდებას. ჩვეულებრივ, რომ ავხსნათ მწარმოებლები გაზრდილი
ხარჯების კომპენსირებას ახდენენ ფასების მომატებით ანუ ინფლაცია მიწოდებიდან.
ასეთ დროს დასაქმებულები მოითხოვენ ხელფასების მომატებას იმ დონემდე, რომ
რომ როგორმე შეძლონ საქონლისა და მომსახურების შეძენა გაზრდილ ფასებში.
ხელფასების ზრდის გამო კომპანიები ნაკლებად ქირაობენ ახალ მუშაკებს, რაც
ზრდის უმუშევრობას.
სამომხმარებლო ფასების ინდექსი ინფლაციის ანუ ფასების საშუალო დონის
ზრდის დადგენისათვის საჭიროა გაიზომოს ფასების ცვლილების ხარისხი.
ამისათვის კი გამოიყენება სამომხმარებლო საქონლის ფასების ინდექსი.
სამომხმარებლო ფასების ინდექსი, რომ განვსაზღვროთ მიდინარე წლის
სამომხმარებლო კალათის ფასების ინდექსი უნდა შევუფარდოთ საბაზისო ან წინა
წლის სამომხმარებლო კალათის ფასების ინდექსთან. სამომხმარებლო კალათა არის
მარტივი და გაფართოებული, რომელშიც შედის 400-მდე დასახელების პროდუქტი
და მომსახურების ნაკრები.
პროდუქტიულობის, მშპ-ისა და რეალური მშპ-ის გარდა, არსებობს სხვა
ეკონომიკური მაჩვენებლებიც, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია ქვეყნის
ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება. ბოლო დროის ეკონომიკური კრიზისის გამო,
ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც გამუდმებით
ტრიალებს ახალ ამბებში, უმუშევრობის დონეა.
უმუშევრობის დონე ქვეყნის უმუშევარ მუშა-მოსამსახურეთა პროცენტული
მაჩვენებელია ნებისმიერ მომენტში. როდესაც მუშახელი დაუსაქმებელია, ისინი,
მათი ოჯახები და მთლიანად ქვეყანა დანაკარგებს განიცდის. მუშა-მოსამსახურეები
და მათი ოჯახები ხელფასებს კარგავენ და, თავის მხრივ, ქვეყანა კარგავს საქონელს ან
მომსახურებას, რომლის წარმოებაც შესაძლებელი იყო. გარდა ამისა, იკარგება
აღნიშნულ მუშამოსამსახურეთა მყიდველობითი უნარი, რამაც შესაძლოა სხვა
თანამშრომელთა უმუშევრობა გამოიწვიოს.
ქვეყნის კეთილდღეობა უმთავრესად დამოკიდებულია დასაქმების დონის
ზრდაზე ანუ უმუშევრობის ბუნებრივ დონემდე(5-6%) შემცირებაზე. ყველა
განვითარებული ქვეყანა ყურაღებით ეკიდება უმუშევრობის საკითხებს.
უმუშევრობის მაჩვენებელი გამოხატავს მოქალაქეთა პროცენტს ეკონომიკურად
8
აქტიურ მოსახლეობაში. თუ ეს მაჩვენებელი ბუნებრივი დონის ფარგლებშია
ითვლება 100% დასაქმებად. მაგრამ თუ უმუშევრობა ბუნებრივ დონეზე მაღალია
საშიშროებაა სამუშაო ადგილის დაკარგვის. არსებობს ფრიქციული, სტრუქტურული
და ციკლური უმუშევრობის ფორმები.
საგადასახდელო ბალანსი (Balance of Payment)-- არის ქვეყნებს შორის
საერთაშორისო ბიზნეს- ოპერაციების ფულადი ფორმით ანგარიშსწორების
კრებსითი მაჩვენებლების ჯამი, რომელიც ასახავს ფულადი სახსრების მოძრაობას
გადასახდელების სახით ქვეყნიდან ქვეყანაში და განსაზღვრავს გარკვეულ
პერიოდში(ერთი კალენდარული წლის განმავლობაში) ქვეყნის მიერ უცხოეთში
გადასახდელების თანხის შეფარდებას იმავე პერიოდში ქვეყანაში შემოსულ
გადასახდელების თანხასთან. იგი ასახავს ფულადი გადასახდელების
თანაფარდობას მოცემულ ქვეყანასა და ,,დანარჩენ მსოფლიოს '' შორის.
საგადასახდელო ბალანსში რეგისტრირებული სავაჭრო და საფინანსო
ოპერაციები პირობითად ორ ჯგუფად იყოფა:
 საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციები(მიმდინარე ოპერაციათა ანგარიშით);
 საფინანსო-საინვესტიციო ოპერაციები(კაპიტალისა და ფინანსური
ანგარიშით).
საგადასახდელო ბალანსის ანგარიშებით ნათლად ჩანს, თუ როგორ
ურთიერთდაკავშირებულია საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ფინანსების
საერთაშორისო მოძრაობა.
მიმდინარე ოპერაციების ანგარიში ასახავს რეალურ ოპერაციებს, ანუ ოპერაციებს
დაკავშირებულს საქონლის, მომსახურების, შემოსავლების და მიმდინარე
ტრანსფერტების მოძრაობასთან. მიმდინარე ოპერაციების ბალანსი ზომავს ქვეყნის
წმინდა შემოსავლისა და წმინდა დანახარჯების ღირებულებას, რომელიც
წარმოიშობა საქონლის, მომსახურებისა და ტრანსფერტების საერთაშორისო
კომერციული გარიგებების ბაზაზე.
მიმდინარე სავაჭრო ოპერაციების ბალანსი შედგება შემდეგი მუხლებისაგან:
 საქონლის ესპორტ-იმპორტი(ხილული ვაჭრობა);
 მომსახურების ექსპორტ-იმპორტი(უხილავი ვაჭრობა);
 მიმდინარე ტრანსფერტები.

2.5.ბიზნესის ციკლი
მსოფლიოს ყველა ქვეყანა ისწრაფის ეკონომიკური ზრდის, სრული დასაქმებისა
და ფასების სტაბილურობისკენ. თუმცა ყოველწლიურად ეროვნული ეკონომიკა
უფრო მეტად მერყეობს, ვიდრე სტაბილურად ვითარდება. სინამდვილეში აშშ-ის
მსგავსი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გრაფიკულად ასახვის
შემთხვევაში, ის მოგაგონებდათ „ამერიკულ გორაკებზე“ გასეირნებას პიკითა
(უმაღლესი წერტილი) და ფსკერით (უდაბლესი წერტილი). ეს ცვლილებები
ბიზნესის ციკლს განეკუთვნება, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური
აქტივობის ზრდისა და ვარდნის პერიოდების მონაცვლეობას ასახავს. ეკონომიკური
ზრდისა თუ ვარდნის შედეგად გამოწვეული ცვლილებები გავლენას ახდენს
საქონლისა და მომსახურების რაოდენობაზე, რომელთა შეძენაც სურთ
9
მომხმარებელებს, რაც, თავის მხრივ, აისახება კომპანიების მიერ წარმოებული
საქონლისა თუ მომსახურების რაოდენობაზე.
ბიზნესის ციკლი ოთხი ფაზისგან შედგება: პიკი (ეკონომიკური განვითარება,
აყვავება), ვარდნა, ფსკერი და აღმავლობა (ზრდა). პიკის პერიოდში
(განვითარება/აყვავება), ეკონომიკა განვითარების უმაღლეს წერტილზეა,
უმუშევრობის დონე დაბალია, ხოლო მთლიანი შემოსავალი – შედარებით მაღალი.
ხელსაყრელი ეკონომიკური პერსპექტივების პერიოდში მომხმარებლებსაც აქვთ
საქონლისა და მომსახურების შეძენის სურვილი. ფაქტობრივად, ბიზნესი ხშირად
ფართოვდება და გვთავაზობს ახალ პროდუქტებსა და მომსახურებას პიკის
პერიოდში, რათა გამოიყენოს მომხმარებელთა გაზრდილი მყიდველობითი უნარი.
ეკონომისტები ვარდნას (recession) განსაზღვრავენ, როგორც ქვეყნის მთლიანი
შიდა პროდუქციის კლების ზედიზედ ორ ან მეტ სამთვიან პერიოდს. რადგან,
ვარდნის დროს უმუშევრობა იმატებს, შესაბამისად, მთლიანი მყიდველობითი უნარი
იკლებს. პესიმიზმი, რომელიც ამ პერიოდს ახლავს, თრგუნავს არა მხოლოდ
მომხმარებელს, არამედ ბიზნესის ხარჯებსაც. მყიდველობითი უნარის შემცირების
პარალელურად, მომხმარებელიც ხელმომჭირნე ხდება და იძულებულია, უარი თქვას
ნაკლებად საჭირო ნივთების შეძენაზე. ხოლო, თავის მხრივ, კომპანიები და
მთავრობა ყველა დონეზე, ამ პერიოდში ხშირად შენელებული ტემპით
ახორციელებენ მთავარ პროექტებს ან ახდენენ მათ გადავადებას. ვარდნის
საპასუხოდ, ბევრი ბიზნესი ორიენტირებული ხდება თავისი მომხმარებლისთვის
ყველაზე ღირებული საქონლისა და მომსახურების წარმოებაზე. ამ შემთხვევებშიც კი
არსებობს შესაძლებლობები კარგად მართული კომპანიებისთვის, რომლებიც
აწარმოებენ თავიანთი მომხმარებლების მოთხოვნილების შესაბამის საქონელსა და
მომსახურებას. მაგალითად, კატერპილარს (Caterpillar), მიწის სამუშაოებისა და
სამშენებლო აღჭურვილობის მწარმოებელ გლობალურ კომპანიას, მოგება
განვითარებად ქვეყნებში მიმდინარე სამშენებლო ბუმმა მოუტანა. ამ ქვეყნებში,
მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ძირითადი
ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობა წინ მიიწევს. ეკონომისტები დაცემას
განსაზღვრავენ, როგორც მკაცრ ვარდნას, რომელიც, ჩვეულებრივ, ვარდნაზე მეტ ხანს
გრძელდება. ამ დროს გაცილებით ნაკლებია/სუსტია ბიზნესაქტივობა. დაცემა
უმუშევრობის განსაკუთრებით მაღალი დონით, დაბალი ხელფასებით,
შემცირებული მყიდველობითი უნარით, ეკონომიკისადმი უნდობლობით, აქციების
დაბალი ღირებულებითა და ეკონომიკური აქტივობის კლებით გამოირჩევა.
ბიზნესციკლის მესამე ფაზა არის ფსკერი (trough). ვარდნის ან დაცემის ფსკერი
გარდამტეხი მომენტია, როდესაც ქვეყანაში წარმოება და დასაქმების დონე ეცემა და
ყველაზე დაბალ ნიშნულს აღწევს. ვარდნისა და დაცემის გავლენის
დასაბალანსებლად, ფედერალური მთავრობა იყენებს მონეტარულ და ფისკალურ
პოლიტიკას. მონეტარული პოლიტიკა ეროვნულის ბანკის გადაწყვეტილებებია,
რომლებიც ქვეყანაში ფულის მიწოდების ოდენობასა და საპროცენტო განაკვეთის
დონეს განსაზღვრავენ. ფისკალური პოლიტიკის დროს მთავრობას დანაზოგებისა და
დანახარჯებზე ზეგავლენა საგადასახადო სისტემისა და სამთავრობო დახარჯების
დონის ცვლილებით შეუძლია.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა იღებს ყოველწლიურ შემოსავლს გადასახადების
სახით, ის ჩვეულებრივ, მეტს ხარჯავს, ვიდრე იღებს, რასაც შედეგად ბიუჯეტის
დეფიციტი მოჰყვება. სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტს სახელმწიფო ვალი
10
ეწოდება. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მონეტარული და ფისკალური
პოლიტიკების ეფექტიან გამოყენებას შეუძლია აღმავლობის დაჩქარება და
ეკონომიკური ვარდნის პერიოდის შემცირება.
აღმავლობა ეკონომიკის ფსკერიდან ან პიკამდე მოძრაობაა. უმუშევრობის დონე
იკლებს, შემოსავალი იზრდება, მატულობს შესყიდვების სურვილი და
შესაძლებლობა.
ხშირად ბევრი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი კამათობს კონკრეტული პერიოდის
ეკონომიკური ციკლის ფაზის დადგენაზე. ისინი ცდილობენ ინფლამციამდე
მივყავართ მოვლენების განვითარებას ორი განსხვავებული სცენარით. პირველი,
ფასები იზრდება, როდესაც ერთობლივი მოთხოვნა სჭარბობს ერთობლივ მიწოდებას.
ასეთ მოვლენას ჰქვია მოთხოვნის ინფლაცია. ინფლამციამდე მივყავართ მოვლენების
განვითარებას ორი განსხვავებული სცენარით. პირველი, ფასები იზრდება, როდესაც
ერთობლივი მოთხოვნა სჭარბობს ერთობლივ მიწოდებას. ასეთ მოვლენას ჰქვია
მოთხოვნის ინფლაცია. ინფლამციამდე მივყავართ მოვლენების განვითარებას ორი
განსხვავებული სცენარით. პირველი, ფასები იზრდება, როდესაც ერთობლივი
მოთხოვნა სჭარბობს ერთობლივ მიწოდებას. ასეთ მოვლენას ჰქვია მოთხოვნის
ინფლაცია. განსაზღვრონ თუ რომელ ფაზაში იმყოფება ეკონომიკა - პიკი, ვარდნა,
ფსკერი, თუ აღმასვლის დასაწყისი.

2.6.ეკონომიკური სისტემის ტიპები

ეკონომიკა, როგორც სოციალური მეცნიერება შეისწავლის დოვლათის შექმნისა


და გადანაწილების გზებს. დოვლათში მოიაზრება „ნებისმიერი ფასეულობა“, მათ
შორის, ბიზნესის მიერ წარმოებული საქონელი და მომსახურება. დოვლათის
გადანაწილების გზა უბრალოდ ნიშნავს, თუ „ვის რა ერგება“. მარტივად რომ ითქვას,
ცალკეულმა პირებმა, ბიზნესმა, მთავრობამ და საზოგადოებამ უნდა მიიღონ
გადაწყვეტილებები, რომლებიც თითოეული ჯგუფის პრიორიტეტებს ასახავენ
კონკრეტული დროის პერიოდში. მაგალითად, წარმოიდგინეთ, გსურთ უიქენდზე
მოგზაურობა ეგზოტიკურ დასასვენებელ ადგილას და, იმავდროულად,
ინვესტირების პროგრამის დაწყება. რადგან თქვენი ფინანსური რესურსებიდან
გამომდინარე, ორივეს ვერ ანხორციელებთ, გადაწყვეტილება პრიორიტეტის
სასარგებლოდ უნდა მიიღოთ. კომპანიები, მთავრობები და, გარკვეულწილად,
საზოგადოებაც, ერთი და იგივე ტიპის გადაწყვეტილებების წინაშე დგებიან.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, დეფიციტი ყოველმა ჯგუფმა უნდა
დაძლიოს. ამ შემთხვევაში დეფიციტი ნიშნავს „რესურსების ნაკლებობას“ - ფული,
დრო, ბუნებრივი რესურსები და სხვა – ის, რაც საჭიროა მოთხოვნილების ან
სურვილის დასაკმაყოფილებლად.
ექსპერტები ეკონომიკურ პრობლემებს ორი განსხვავებული კუთხით
განიხილავენ: მიკროეკონომიკა და მაკროეკონომიკა. მიკროეკონომიკა ცალკეულ
პირთა მიერ მიღებული და ბიზნესგადაწყვეტილებათა შესწავლაა. მაგალითად,
მიკროეკონომიკა ადგენს, თუ როგორი კავშირია საქონლის ფასაა და მის წარმოებას
შორის, ასევე განსაზღვრავს მომხმარებლის სავარაუდო ქცევას მრავალფეროვანი
არჩევანის პირობებში. მეორე მხრივ, მაკროეკონომიკა ეკონომიკურ პროცესებს
საერთო ეროვნულ დონეზე შეისწავლის. მაკროეკონომიკა ადგენს ეროვნული
შემოსავლის, უმუშევრობის, ინფლაციის, გადასახადების, მთავრობის ხარჯების,
11
საპროცენტო განაკვეთებისა და მსგავსი ფაქტორების ეკონომიკურ გავლენას
საზოგადოებაზე.
ცალკეულ პირთა, კომპანიების, მთავრობისა და საზოგადოების მიერ მიღებული
გადაწყვეტილებები და გზა, რომლის მეშვეობითაც ადამიანები ქმნიან და ანაწილებენ
დოვლათს, განსაზღვრავენ ეკონომიკური სისტემის ტიპს. ისტორიულად მსოფლიოში
ეკონომიკური სისტემები, ძირითადად, ორი მიმართულებით განვითარდა:
კაპიტალიზმი და სოციალიზმი ანუ ადმინისტრაციულ მბრძანებლური ეკონომიკა.
კაპიტალიზმი არის ეკონომიკური სისტემა, რომელშიც საქონლისა და
მომსახურების მწარმოებელ უმეტეს რესურსებს ცალკეული პირები ფლობენ და
მართავენ. კაპიტალიზმის თეორია სათავეს იღებს შოტლანდიელი ეკონომისტის ადამ
სმითის (Adam Smith) თეორიებისგან. 1776 წელს გამოცემულ წიგნში „გამოკვლევა
ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ შემოკლებით „ხალხთა
სიმდიდრე“ (Wealth of Nations) სმითი ამტკიცებდა, რომ საზოგადოების ინტერესებს
ყველაზე უკეთ ემსახურებიან მაშინ, როცა საზოგადოების ცალკეულ წევრებს
ეძლევათ საკუთარი ეგოისტური ინტერესების განხორციელების საშუალება. სმითის
თანახმად, როცა ცალკეული ადამიანები ცდილობენ საკუთარი მდგომარეობის
გაუმჯობესებას, ისინი ამით არაპირდაპირ ხელს უწყობენ საზოგადოების
ინტერესების დაკმაყოფილებას. „ყველა ადამიანი მოქმედებს პირადი ეგოისტური
ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ამ დროს ის ასრულებს ისეთ ფუნქციას,
მიემართება ისეთი მიზნისაკენ, რომელსაც ის თავიდან სრულებითაც არ ისახავდა“,
ამით სმითმა ეგოისტური ინტერესები დააკავშირა საზოგადოებრის ინტერესებტან
და „უხილავი ხელი“ უწოდა. უხილავ ხელში იგულისხმება კონკურენციული
საბაზრო მექანიზმი, რომელიც ავტომატურად უზრუნველყოფს მოთხოვნა -
მიწოდების წონასწორობასა და რესურსების ეფექტიან განაწილებას. ადამ სმითის
კაპიტალიზმი შემდეგ ფუნდამენტურ საკითხებს ემყარება:
1. დოვლათის შექმნა, ჩვეულებრივ, ცალკეული პირთა და არა მთავრობის საქმეა.
2. ინდივიდები უნდა ფლობდნენ კერძო ქონებასა და საჭირო რესურსებს
დოვლათის შესაქმნელად.
3. ეკონომიკური თავისუფლება უზრუნველყოფს კონკურენტული ბაზრების
არსებობას, რომლებიც მყიდველს და გამყიდველს საშუალებას აძლევენ, შევიდნენ
სასურველ ბაზრებზე.
4. მთავრობის როლი შეზღუდული უნდა იყოს, ის მხოლოდ „ღამის დარაჯის“
ფუნქციას უნდა ასრულებდეს, რაც გამოიხატება საზოგადოების უსაფრთხოების,
ჯანდაცვისა და განათლების უზრუნვეყოფაში.
სმითის აზრით, მთავრობის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორი
იყო. მას სჯეროდა, რომ მთავრობა უნდა მოქმედებდეს, მხოლოდ როგორც
კანონმდებელი და შუამავალი. ფრანგული ტერმინი laissez faire (სიტყვასიტყვით
ჩაურევლობა, თავისუფლება) სმითის კაპიტალისტურ სისტემას ასახავს და
გულისხმობს მთავრობის მხრიდან ჩაურევლობას ეკონომიკაში. მიახლოებით ის
„მოქმედების თავისუფლებას“ ნიშნავს (იმოქმედონ საჭიროებისამებრ). ადამ სმითის
თავისუფალი კაპიტალიზმი (laissez-faire) ეფუძნება საბაზრო ეკონომიკის იდეას.
საბაზრო ეკონომიკა (ზოგჯერ აღნიშნავს თავისუფალი ბაზრის ეკონომიკას)
ეკონომიკური სისტემაა, რომელშიც ბიზნესი და ცალკეული პირები წყვეტენ, თუ რა
აწარმოონ და იყიდონ, ხოლო ბაზარი ადგენს ფასებსა და გასაყიდი საქონლის
რაოდენობას. რესურსების მფლობელებს უნდა ჰქონდეთ მათი (რესურსების)
12
სათანადოდ გამოყენების თავისუფლება და შეეძლოთ აღნიშნული რესურსებით
მიღებული შემოსავლითა თუ მოგებით სარგებლობა.
საბაზრო სტრუქტურა კაპიტალიზმის განვითარების კვალობაზე თანდათან
იცვლებოდა. მე-XX საუკუნის პირველ ათწლეულში თავისუფალი კონკურენციის
ბაზრები შეიცვალა, მონოპოლიური, გაუწონასწორებელი ბაზრებით. 1929-1933
წლების „დიდმა დეპრესიამ“ დაადასტურა, რომ საბაზრო მექანიზმი ავტომატურად
აღარ მოქმედებდა და კრიზისების, მასობრივი უმუშევრობის, სიღარიბის თავიდან
ასაცილებლად საჭირო იყო ბაზრის სახელმწიფოებრივი რეგულირება. ამის
ყოველმხრივი მეცნიერული დასაბუთაბა მოგვცა ჯონ მეინარდ კეინზმა ნაშრომში
„ფულის, პროცენტის და დასაქმების ზოგადი თეორია’’ (1936 წ.), სადაც ჩამოაყალიბა
ეფექტიანი მოთხოვნის კონცეფცია - სახელმწიფომ საბიუჯეტო და ფულად-
საკრედიტო პოლიტიკის გამოყენებით უნდა უზრუნველყოს მოთხოვნის
სტიმულირება, როდესაც ბაზარზე ადგილი აქვს ჭარბწარმოებას, ხოლო ჭარბი
მოთხოვნისას კი მისი შეკუმშვა.
ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების გააქტიურებამ უდიდესი როლი
შეასრულა მეორე მსოფლიო ომის შედეგად დანგრეული ეროვნული მეურნეობების
აღდგენაში, სტაბილური ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაში,
მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის განხორციელებაში, ეკონომიკის სოციალურად
ორიენტაციაში, საფუძველი ჩაუყარა პოსტინდუსტრიულ საზოგადოებას - ცოდნის
ეკონომიკას. ცოდნის ეკონომიკაში საკუთრება, როგორც საზოგადოებაში სოციალური
სტრატიფიკაციის კრიტერიუმი, კარგავს თავის განმსაზღვრელ ძალას და
გადამწყვეტი ხდება ინტელექტი, განათლებისა და ცოდნის დონე. ის ფაქტი, რომ
თანამედროვე ლიტერატურაში კამათი გრძელდება არა იმის შესახებ, აუცილებელია
თუ არა ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება, არამედ მის მასშტაბებზე,
ფორმებზე, მეთოდებსა და ეფექტიანობაზე; ხოლო სახელმწიფოებრივი
რეგულირების ძირითად მიზნებად აღიარებულია: სტაბილური ეკონომიკური ზრდა,
დასაქმების მაღალი დონე, მყარი ფასები და საგარეო ეკონომიკური წონასწორობა;
მიუთითებს საბაზრო ეკონომიკის, როგორც დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი,
ეფექტიანი ეკონომიკური სისტემის არსებობაზე.
თანამედროვე ეკონომიკური სისტემა ადამ სმითის თავისუფალი
კაპიტალიზმიდან იღებს სათავეს. თუმცა, რეალურად, ის იმდენად თავისუფალი არ
არის, როგორც სმითი ისურვებდა, რადგან დღეს მთავრობის როლი კანონმდებელსა
და მედიატორზე მეტია. ფაქტიურად თანამედროვე ეკონომიკური სისტემა შერეული
ეკონომიკაა. შერეული ეკონომიკა ჩამოყალიბებული, ერთიანი, მდგრადი
ეკონომიკური სისტემაა, რომლის ფარგლებშიც ფუნქციონირებს საკუთრებისა და
მეწარმეობის სხვადასხვა ფორმა. ამასთან, სწორედ ის, რომ საბაზრო მექანიზმი
განსაზღვრავს ფასებს და წარმოების მოცულობას ბევრ სფეროში, ხოლო სახელმწიფო
არეგულირებს ბაზარს, მიუთითებს, რომ ორივე მხარე - ბაზარი და სახელმწიფო
არსებითია, ანუ ეკონომიკის მართვა რომელიმეს გარეშე შეუძლებელი ან
არაეფექტიანია, განსაზღვრავს შერეული ეკონომიკის არსს. ამრიგად, შერეული
ეკონომიკა გულისხმობს საბაზრო და სახელმწიფო რეგულირების ოპტიმალურ
შეხამებას. ამასთან ეს შეხამება განსხვავებულია ქვეყანათა მიხედვით.
სოციალიზმი ბრძანებლური ეკონომიკა. მბრძანებლური ანუ ცენტრალიზებული
(გეგმიანი) ეკონომიკა საქართველოში გაბატონებული იყო დამოუკიდებლობის
მოპოვებამდე. თუ ადამ სმითი კაპიტალიზმის მამა იყო, კარლ მარქსი კომუნიზმის
13
ფუძემდებელი გახლდათ. მე-19 საუკუნის შუა პერიოდის ნაშრომებში, მარქსი მხარს
უჭერდა კლასობრივი დაყოფის გარეშე არსებულ საზოგადოებას, რომლის წევრებიც
ყველა ეკონომიკურ რესურსს ფლობდნენ. ყველა მუშაკი, საკუთარი
შესაძლებლობებიდან გამომდინარე, წვლილს შეიტანდა კომუნისტურ
საზოგადოებაში და სარგებელსაც საკუთარი მოთხოვნილებების მიხედვით
მიიღებდა. მბრძანებლური ეკონომიკური სისტემა ითვალისწინებს ცენტრალიზებულ
დაგეგმვას და სახელმწიფოს პირდაპირ ჩარევას ეკონომიკურის რესურსების
განაწილებაში. ამ დროს საწარმოთა უმეტესი ნაწილი სახელმწიფო (საზოგადოებრივ)
საკუთრებაშია.
საბჭოთა იმპერიაში საყოველთაოდ იყო აღიარებული, რომ გეგმური ეკონომიკა
არის ხომალდი, რომელიც ზუსტად ექვემდებარება მისი მეთაურის ბრძანებას და
შეუფერხებლად მიდის აღებული კურსის შესაბამისად. ამასთან, გეგმიან
მეურნეობაში დასაშვები იყო ცალკეული ჩავარდნები, მაგრამ საერთო ანგარიშით,
საზოგადოება კონტროლს უწევდა განვითარებას, ცენტრი აწარმოებდა რესურსებით
მანევრირებას, წარმართავდა მას პრიორიტეტულ სფეროებში და ამით
უზრუნველყოფდა უპირატეს განვითარებას იქ, სადაც ეს, მისი აზრით, აუცილებელი
იყო. სინამდვილეში კი, სოციალისტური დაგეგმვის პრინციპები შორს იყო
ჭეშმარიტებისაგან. დეტალურად შემუშავებული გეგმები მაინც არ სრულდებოდა,
რადგან არ იყო უზრუნველყოფილი საჭირო რესურსებით და შრომითი მოტივაციით.
მბრძანებლური ეკონომიკის ძირითად ნაკლოვენებებს წარმოადგენდა
არარაციონალურობა და მფლანგველობა, არასტაბილურობა, ენდოგენური რყევები;
სიმდიდრის და შემოსავლების ან ძალაუფლების არასამართლიანი განაწილება;
წინააღმდეგობები ნორმალური განვითარებისათვის, გადამეტებული
დამოკიდებულება ხელისუფლებაზე; ნამდვილი თავისუფლების არქონა, რამაც მისი
კრახი და საბჭოთაკავშირის დაშლა განაპირობა.

14

You might also like