You are on page 1of 2

ბოლო დამუშავება: 15 დეკემბერი, 2015

მუხლი 259. მოთხოვნებისა და ფასიანი ქაღალდების დაგირავების წესი


1. მოთხოვნის დაგირავება ხორციელდება წერილობითი ფორმით გარიგების დადებისა
და ამ გარიგებით განსაზღვრული უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით.
აღნიშნულ გარიგებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით
დადგენილი მოთხოვნები.
2. ვიდრე მოვალეს წერილობით ეცნობებოდეს მოთხოვნის დაგირავების შესახებ, მას
უფლება აქვს შეასრულოს ვალდებულება მოთხოვნის მფლობელის წინაშე. ასეთ
შემთხვევაში გამოიყენება 264-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
3. ფასიანი ქაღალდების დაგირავება ხორციელდება მათი შეძენისათვის დადგენილი
წესით. საჯარო ფასიანი ქაღალდების დაგირავების წესი განისაზღვრება „ფასიანი
ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით.

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმების რეგულირების საგანი


მუხლის ნორმები ადგენს მოთხოვნებისა და ფასიანი ქაღალდების დაგირავების 1
სპეციალურ წესებს.

II. მოთხოვნების დაგირავება

თუ კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს მოძრავი ნივთების 2


საუზრუნველყოფოდ გამოყენებისას აქვთ არჩევანი, შეთანხმდნენ მფლობელობით ან
რეგისტრირებულ გირავნობაზე და, შესაბამისად, უზრუნველყონ მოძრავი ნივთის
მოგირავნის ან მესამე პირის მფლობელობაში გადაცემა ან წერილობითი ფორმით
დადებული გირავნობის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, - ასეთი
არჩევანი მათ არა აქვთ ისეთ შემთხვევაში, როდესაც გირავნობის საგანია მოთხოვნა.
2005 წლის 30 ივნისის კანონით შეიცვალა კოდექსის გირავნობის შესახებ ქვეთავის
ძველი რედაქციით გათვალისწინებული მოთხოვნების დაგირავების წესი და
დადგინდა გირავნობის ხელშეკრულების სავალდებულო წერილობითი ფორმით
დადება და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. გირავნობის შესახებ ქვეთავის ძველი
რედაქციის 255-ე მუხლის 1-ლი ნაწილი მოთხოვნების დაგირავების წესის დადგენისას
უთითებდა მოთხოვნის დათმობის ზოგად ნორმებზე, რომლებიც ფორმის მხრივ
აღნიშნულ სავალდებულო მოთხოვნას არ ითვალისწინებს (198-202). ერთადერთი
საკანონმდებლო მოთხოვნა, რომელიც 255-ე მუხლით იყო დადგენილი მოთხოვნის
დაგირავებისათვის, იყო მხარეთა მიერ მოთხოვნის მოვალისათვის შეტყობინება
მოთხოვნის დაგირავების შესახებ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იმავე 255-ე მუხლის
საფუძველზე მხარეებს მოთხოვნის გირავნობის ხელშეკრულების დადება შეეძლოთ
სანოტარო წესით და ამ უკანასკნელის საჯარო რეესტრში რეგისტრაციით მოთხოვნის
მოვალისათვის შეტყობინების ვალდებულება თავიდან აეცილებინათ. გირავნობის
შესახებ ქვეთავის ახალი რედაქციის თანახმად კი, მოვალისათვის შეტყობინება მაინც

1
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 დეკემბერი, 2015

არსებობს მიუხედავად გირავნობის უფლების პუბლიკაციისა. შეტყობინება უნდა


განხორციელდეს წერილობით. ამდენად, მოთხოვნების დაგირავება ხდება მხოლოდ
რეგისტრირებული გირავნობის ფორმით. შეტყობინების მიღებამდე მოვალეს შეუძლია
შეასრულოს ვალდებულება მოთხოვნის მფლობელის წინაშე (259 II).

III. ფასიანი ქაღალდების დაგირავება

3 ფასიანი ქაღალდების დაგირავების მიმართ კანონი ადგენს ორგვარ წესს იმისდა


მიხედვით, წარმოდგენს თუ არა ფასიანი ქაღალდი საჯარო ფასიან ქაღალდს. თუ
ფასიანი ქაღალდი არ წარმოდგენს საჯარო ფასიან ქაღალდს, მისი დაგირავება
ხორციელდება შეძენისათვის დადგენილი წესით (259 III 1). კერძოდ, საწარმდგენლო
ფასიანი ქაღალდის შეძენა ხდება მოძრავი ნივთის გადაცემისათვის დადგენილი
წესების მიხედვით ანუ საკუთრების უფლების გადაცემისათვის საჭიროა ფასიანი
ქაღალდის შემძენის მფლობელობაში გადაცემა (913); საორედერო ფასიანი ქაღალდის
შეძენა ხორციელდება ინდოსამენტითა და თავად დოკუმენტის შემძენის
მფლობელობაში გადაცემით (923); რაც შეეხება პირად ფასიან ქაღალდს, მისი შეძენა
ხდება იმ უფლებისათვის დადგენილი წესების მიხედვით, რომელიც გამოსახულია ამ
ფასიან ქაღალდში, თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული (928 II).

4 საჯარო ფასიან ქაღალდს მიეკუთვნება იმ კლასის ფასიანი ქაღალდები, რომელთა


განთავსებაც ხდება საჯარო შეთავაზების გზით ან/და ისინი დაშვებულია სავაჭროდ
საფონდო ბირჟაზე. მათი დაგირავების წესი განისაზღვრება "ფასიანი ქაღალდების
ბაზრის შესახებ" 1998 წლის 24 დეკემბრის N 1745 კანონით; კერძოდ, დაგირავებისათვის
საჭიროა გირავნობის ხელშეკრულების ფასიანი ქაღალდების რეესტრში რეგისტრაცია,
ან თუ საჯარო ფასიანი ქაღალდები ნომინალურ მფლობელთან იმყოფება, –
ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში რეგისტრაცია ("ფასიანი ქაღალდების ბაზრის
შესახებ" 1998 წლის 24 დეკემბრის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილი).

2
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like