You are on page 1of 6

შესავალი: მიწოდების გამოთვლა

წინა ნაწილში ჩვენ განვსაზღვრეთ მოთხოვნის მრუდი მომხმარებლების გადაწყვეტილებებზე


დაკვირვებით - თუ რამდენს მოიხმარენ ისინი ფასების სხვადასხვა დონის შემთხვევაში.
მოცემულ ნაწილში ჩვენ განვიხილავთ ბაზარზე მიწოდების მხარეს ძირითად ცნებაზე -
ზღვრულ დანახარჯზე - დაყრდნობით.

ამ კვირის პირველ ვიდეო გაკვეთილში ჩვენ გამოვთვლით მიწოდების მრუდს იმაზე


დაკვირვებით, თუ როგორ იღებენ ფირმები გადაწყვეტილებებს რამდენი აწარმოონ ფასების
სხვადასხვა დონის შემთხვევაში. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ კონკურენტულ გარემოში ფირმები
მოგების მაქსიმიზაციას ახდენენ მაშინ, როცა ზღვრული დანახარჯები ბაზარზე არსებულ
ფასს უტოლდება. ამასთანავე, გავეცნობით მწარმოებლის დანაზოგის ცნებას.

მეორე ვიდეო გაკვეთილში გავაანალიზებთ ფირმების ზღვრულ დანახარჯსა და შრომის


ზღვრულ პროდუქტს შორის კავშირს. ეს დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ რატომ იზრდება
ზღვრული დანახარჯი ფირმის მიერ მეტი პროდუქციის წარმოებისას და, შესაბამისად,
რატომ აქვს მიწოდების მრუდს დადებითი დახრა, ანუ რატომაა ის ზრდადი.

ძირითადი ცნებები: მიწოდების მრუდის გამოყვანა


მოცემულ ვიდეო გაკვეთილში ჩვენ ვისწავლეთ როგორ გამოვიყვანოთ მიწოდების მრუდი.
მაშინ როდესაც მოთხოვნის მრუდი მომხმარებლების არჩევანით განისაზღვრება, მიწოდების
მრუდი ფირმების გადაწყვეტილებებს ეფუძნება. ჩვენ გამოვიკვლიეთ მიწოდების მრუდი და
ვნახეთ ფირმის ქცევა, მოგების მაქსიმიზაციის მიზნით, როგორ განსაზღვრავს ფირმის
წარმოების მოცულობას მოცემული საბაზრო ფასის დროს. შემდეგ ვაჩვენეთ თუ როგორ ქმნის
ფირმების ინდივიდუალური მიწოდების მრუდების გაერთიანება (შეჯამება) მთლიანი
ბაზრის მიწოდების მრუდს.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ კონკურენტულ ბაზარზე ფირმა ფასის მიმღებია. ეს


ნიშნავს, რომ ფირმა ვერ აწესებს ფასს. მან უნდა გაყიდოს საქონელი საბაზრო ფასად და
გადაწყვიტოს რამდენი აწარმოოს სწორედ ამ საბაზრო ფასის გათვალისწინებით. გარდა ამისა
აღსანიშნავია, რომ ფირმების წარმოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები
კონკურენტულ ბაზარზე არ ახდენს გავლენას საბაზრო ფასზე.
ფირმების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მოგების მაქსიმიზაციას ახდენენ,
გვაძლევს მიწოდების მრუდს, რომელიც ქვემოთ გრაფიკზეა მოცემული. წერტილები
გვიჩვენებს ზღვრულს დანახარჯს - მთლიანი დანახარჯის ზრდის ოდენობას წარმოების
რაოდენობის ზრდის დროს. როდესაც ფასი იზრდება, ფირმა მეტს აწარმოებს და შედეგად
ვიღებთ აღმავალ მიწოდების მრუდს ინდივიდუალური ფირმისათვის. ფასი მოცემულია
ვერტიკალურ ღერძზე, რაოდენობა კი - ჰორიზონტალურზე.

ფირმის ინდივიდუალური მიწოდების მრუდი

იმის გამო, რომ ზღვრული დანახარჯი იზრდება, როდესაც ფირმა აწარმოებს მეტს, ფირმა
გამოშვებას ზრდის მხოლოდ მაშინ როდესაც ფასი კონკრეტულ ნიშნულს სცდება. სწორედ
იმიტომ, რომ ზღვრული დანახარჯები იზრდება, მიწოდების მრუდის დახრა დადებითია
(მრუდი ზრდადია). თუ ფირმას შეუძლია წარმოების რეგულირება გამოშვების საკმარისად
მცირე რაოდენობით, მაშინ ზღვრული დანახარჯი ზუსტად ფასის ტოლია.

ამ გამოთვლებს ძალიან მნიშვნელოვან დასკვნასთან მივყავართ: კონკურენტუნარიანი


ფირმის, რომელიც მოგების მაქსიმიზაციას ახდენს, წარმოების მოცულობა ზღვრული
დანახარჯისა და ფასის ტოლობის დროს არსებული პროდუქციის რაოდენობის ტოლია.

ამ გზით მიწოდების მრუდის განსაზღვრის პროცესში ჩვენ ასევე ვაჩვენეთ როგორ უნდა
განვსაზღვროთ და გავზომოთ ფირმების „მწარმოებლების დანაზოგი“. მწამოებლის
დანაზოგი არის მწარმოებლის მოგება, რომელსაც ის ბაზარზე მონაწილეობით იღებს; ესაა
მიწოდების მრუდის ზემოთა და ფასის ქვემოთ მოცემული ფართობი. სამომხმარებლო
დანაზოგთან ერთად, მწარმოებლის დანაზოგიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ
განვსაზღვროთ რამდენად კარგად მუშაობს საბაზრო ეკონომიკა, რომ აწარმოოს და
გაანაწილოს საქონელი და რესურსები.

ძირითადი ცნებები: ზღვრული პროდუქტი და ზღვრული


დანახარჯი
მოცემული ვიდეო გაკვეთილის მიზანი იყო ეჩვენებინა თუ რატომ იზრდება ზღვრული
დანახარჯი. გაკვეთილი დაიწყო საწარმოო ფუნქციის გაცნობით. საწარმოო ფუნქცია
აკავშირებს ფირმის გამოშვებას ფირმის წარმოების რესურსებთან (იხილეთ ქვემოთ
მოცემული გრაფიკი).

შრომის ზღვრული პროდუქტი არის გამოშვების ცვლილება, რომელიც სამუშაო ძალის ერთი
ერთეულის ზრდითაა გამოწვეული.

ჩვენ ასევე გავაანალიზეთ კავშირი შრომის ზღვრულ პროდუქტსა და ზღვრულ დანახარჯს


შორის. შრომის ზღვრული პროდუქტი მცირდება შრომის გამოყენებული რესურსის
მატებასთან ერთად, რადგან ერთი ერთეულით მეტი მუშახელის მიერ წარმოებული
(დამატებითი) გამოშვება - შრომის ზღვრული პროდუქტი - მცირდება რაც უფრო მეტი
მუშახელია დაქირავებული განსაზღვრული რაოდენობის მიწისა თუ კაპიტალის რესურსის
პირობებში. ამას შრომის კლებადი უკუგება ეწოდება. ფირმის ზღვრული დანახარჯები
იზრდება, რაც უფრო მეტია წარმოების მოცულობა, რადგან შრომის ზღვრული პროდუქტი
მცირდება სამუშაო ძალის რაოდენობის ზრდასთან ერთად. აქედან გამომდინარე, ზრდადი
ზღვრული დანახარჯები პირდაპირ კავშირშია შრომის კლებად უკუგებასთან.

დასკვნა: მიწოდების გამოთვლა


მოცემულ ლექციაში ჩვენ შევისწავლეთ თუ როგორ მიიღება ფირმების ქცევის საფუძველზე
მიწოდების მრუდი კონკურენტულ ბაზარზე. ჩვენ დავუშვით, რომ ფირმები
გადაწყვეტილებას წარმოების მოცულობის შესახებ საბაზრო ფასის გათვალისწინებით
იღებენ, რათა მოგების მაქსიმიზაციას მიაღწიონ. ფირმა ფასებს იღებს როგორც მოცემულს და
ითვალისწინებს საკუთარ საწარმოო ფუნქციას, რომელიც აკავშირებს ფირმაში
დაქირავებული მუშახელის სამუშაო საათების რაოდენობას ფირმის გამოშვებასთან.
საწარმოო ფუნქცია ფირმის მოგების გამოთვლის პროცესშიც გამოიყენება, რადგან ის
განაპირობებს ფირმის დანახარჯებს. რამდენადაც საწარმოო ფუნქციას შრომის კლებადი
უკუგება ახასიათებს, ფირმას ზრდადი ზღვრული დანახარჯები აქვს.

მოგების მაქსიმიზაცია გულისხმობს იმას, რომ ფირმა საქონლის იმ რაოდენობას აწარმოებს,


რომლის დროსაც ზღვრული დანახარჯები ფასს უტოლდება. ფასის ზრდასთან ერთად ფირმა
გამოშვებას გაზრდის მანამ, სანამ ზღვრული დანახარჯი ფასის ახალ ნიშნულს არ
გაუტოლდება. შედეგად, ფირმის ინდივიდუალური მიწოდების მრუდს დადებითი დახრა
აქვს და ის ზრდადია. მიწოდების მრუდის დახრა უფრო ციცაბო იქნება, როცა ზღვრული
დანახარჯი სწრაფად იზრდება გამოშვების ზრდასთან ერთად და უფრო ბრტყელი
(ჰორიზონტალური), როდესაც ზღვრული დანახარჯი სწრაფად არ იზრდება გამოშვების
ზრდასთან ერთად. მიწოდების მრუდი გადაადგილდება ქვემოთ და მარჯვნივ, როდესაც
ზღვრული დანახარჯები მცირდება ტექნოლოგიური ცვლილებების ან რაიმე მსგავსი
შემთხვევის გამო. მიწოდების მრუდი გადაადგილდება ზემოთ და მარცხნივ, როდესაც
ზღვრული დანახარჯი იზრდება.
ზღვრულ დანახარჯსა და მიწოდების მრუდს შორის კავშირი მნიშვნელოვანია იმისთვის,
რომ გავიაზროთ როგორ მუშაობს ბაზარი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა
განვიხილავთ საჯარო პოლიტიკის საკითხებს, როგორიცაა ბაზრების ეფექტურობა და
ფირმების რეგულირება. როდესაც ეკონომისტები ხედავენ ან ხაზავენ მიწოდების მრუდს,
ისინი უმეტესწილად ფირმების ზღვრულ ხარჯზე ფიქრობენ, რომელიც მიწოდების მრუდის
განმსაზღვრელი ფაქტორია. მიწოდების მრუდი და ზღვრული დანახარჯები ვირტუალურად
სინონიმებია ეკონომისტებისთვის.

ამ ნაწილში ჩვენ შევისწავლეთ ფირმებისა და მომხმარებლების ქცევა. ასევე, გამოვიყვანეთ


ორი პირობა ფირმებისა და ინდივიდების ქცევის დასახასიათებლად: ფირმების წარმოების
მოცულობა მოგების მაქსიმიზაციისას იმ მოცულობის ტოლია, რომლისთვისაც ფასი
ზღვრულ დანახარჯს უდრის, ხოლო მომხმარებლების მიერ მოხმარებული ოდენობა,
სარგებლიანობის მაქსიმიზაციისას, იმ რაოდენობის ტოლია, როცა ფასი ზღვრულ სარგებელს
უდრის. შემდეგ ნაწილში ჩვენ გავაერთიანებთ ამ ორ პირობას და გამოვიყვანთ
კონკურენტული ბაზრების მნიშვნელოვან თვისებას.

You might also like